კარამბე "გრძელი ფეხების" გარეშე - კვირის პალიტრა

კარამბე "გრძელი ფეხების" გარეშე

საფრანგეთის ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი კრისტიან კარამბე მეუღლემ - ცნობილმა სლოვაკმა ტოპმოდელმა ადრიანა სკლენარიკოვამ მიატოვა.

სკლენარიკოვა ოფიციალურად ატარებს ყველაზე გრძელფეხება მოდელის სტატუსს - 185 სმ სიმაღლის ლამაზმანის ფეხების სიგრძე... 125 სანტიმეტრია და ამის გამო 1998 წელს სლოვაკი გოგონა გინესის რეკორდების წიგნშიც მოხვდა.

აღსანიშნავია, რომ  სწორედ იმ წელს დაქორწინდა ადრიანა შავკანიან ფეხბურთელზე და როგორც თავად ამბობს, კრისტიანთან ერთად ბედნიერი წლებიც გაატარა, თუმცა... "ქმარი არასდროს მომიტყუებია, მაგრამ რამდენიმე თვეა, ერთად აღარ ვართ, - განუცხადა ადრიანამ ფრანგულ "პარი მატჩს", - კრისტიანი მივატოვე, რადგან ვეღარ გავუძელი ცხოვრების იმ სტილს, რომელსაც ბოლო დროს ვეწეოდით. ფეხბურთელის კარიერის დასრულების შემდეგ, ჩემმა მეუღლემ სულ აიშვა და ოჯახი ოჯახს აღარ ჰგავდა. 39 წლის ვარ და სტაბილურობა მჭირდება. ჩვენი წარსული ურთიერთობა რომ არ "გაგვეფუჭებინა", წასვლა ვამჯობინე".