ქართველები სტიქიას გადაურჩნენ - კვირის პალიტრა

ქართველები სტიქიას გადაურჩნენ

იაპონიაში მომხდარმა ტრაგედიამ მთელი მსოფლიო შეაძრწუნა, თუმცა, ბუნებრივია, იაპონელების გარდა, ამ ქვეყანაში მყოფი ჩვენი თანამემამულეების ბედი უფრო გვაინტერესებს. საბედნიეროდ, სტრიქიაგადავლილ იაპონიაში ქართველ სპორტსმენთაგან არავინ დაშავებულა.

ჰიროსიმის საფეხბურთო კლუბში მოთამაშე დავით მუჯირს მიწისძვრა არც უგრძნია, რადგან ეს კუნძული ეპიცენტრიდან მოშორებით მდებარეობს. მიწის რყევა კი შეიგრძნეს, მაგრამ არ დაზარალებულან საქართველოს ძიუდოს ნაკრების წევრები, რომლებიც ტოკიოში საწვრთნელ შეკრებაზე იმყოფებოდნენ.

აღსანიშნავია, რომ დამანგრეველი მიწისძვრა ჩვენი გუნდის თბილისში გამოფრენის წინადღეს მოხდა და ქართველმა ძიუდოისტებმა სამშობლოში დაბრუნება დანიშნულ დროს ამიტომ ვერ შეძლეს. თუმცა, საშიში არაფერია და როგორც კი ტოკიოს აეროპორტები მუშაობას განაახლებენ, ნაკრები საქართველოში დაბრუნდება. თავს კარგად გრძნობენ ყველაზე სტაჟიანი "იაპონელებიც" - ქართველი სუმოისტები ლევან ცაგურია (კოკაი), ლევან გორგაძე (ტოჩინოშინი) და თეიმურაზ ჯუღელი (გაგამარუ).