"რიგგარეშე კლასიკო" ლიგაზეც იქნება? - კვირის პალიტრა

"რიგგარეშე კლასიკო" ლიგაზეც იქნება?

რიგგარეშე არჩევნებიც გაგვიგია, ყრილობებიც და სხდომებიც, მაგრამ შიგადაშიგ სასიამოვნო რაღაცებიც გამოერევა ხოლმე. ძნელი წარმოსადგენია ფეხბურთის გულშემატკივარი, რომელსაც მადრიდის "რეალისა" და "ბარსელონას" თამაშის ხილვა არ სიამოვნებს.

თუმცა, ამ ორი კლუბის მონაწილეობით ჩატარებული "ელ კლასიკო", იშვიათი გამონაკლისების გარდა, წელიწადში მხოლოდ ორჯერ იმართება. წელს სწორედ "იშვიათი გამონაკლისია" და გეგმურთან ერთად, აპრილში "რიგგარეშე კლასიკოც" გველოდება - 17 აპრილს "რეალი" ესპანეთის ჩემპიონატის ეგიდით უმასპინძლებს მოსისხლე მტერს, სამი დღის შემდეგ კი სამეფო თასის ფინალშიც ეს ორი გუნდი გაარკვევს უძლიერესის ვინაობას.

ეს კიდევ არ არის ყველაფერი - დიდი შანსია, "სუპერკლასიკოს" ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალურ სტადიაზეც გადავეყაროთ. გასულ პარასკევს ჩატარებულმა კენჭისყრამ ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში "რეალი" ლონდონის "ტოტენჰემთან" დააწყვილა, "ბარსელონა" კი - დონეცკის "შახტართან". მომდევნო ეტაპზე გაღწევის შემთხვევაში კი ორი ესპანური გრანდი სწორედ ერთმანეთს დაუპირისპირდება.

ასე რომ, შეიძლება 17 აპრილიდან 3 მაისამდე ზედიზედ ოთხი(!) "ელ კლასიკო" ვნახოთ!

რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის დანარჩენ წყვილებს, ისინიც არანაკლებ საინტერესოა. განსაკუთრებულ ინტრიგას კი ორი ინგლისური გრანდის - "ჩელსისა" და "მანჩესტერ იუნაიტედის" მომავალი ჯახი გვპირდება. როგორც ცნობილია, ჩემპიონთა ლიგის წლევანდელი გათამაშების ფინალს 28 მაისს ლონდონის "უემბლი" უმასპინძლებს, ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირის მოსაგებად ბრძოლას კი, ჯერჯერობით, ლონდონის ორი კლუბი აგრძელებს. ლიგას შემორჩენილი ერთადერთი იტალიური კლუბი ამ ტურნირის მოქმედი ჩემპიონი - მილანის "ინტერი" გახლავთ, რომელსაც მეტოქედ რაულის "შალკე" ერგო.