"წაგებული პროექტი" რუსულად - კვირის პალიტრა

"წაგებული პროექტი" რუსულად

რუსეთი 9:15 საქართველო

19 მარტს საქართველოშიც ბევრი ელოდა შიშით - სწორედ გასულ შაბათს მოუახლოვდა დედამიწას მთვარე ჩვეულებრივზე უფრო ახლოს. ბოლო დროს გახშირებული ბუნებრივი კატაკლიზმებით დაშინებული ხალხი უკვე ყველაფერში საფრთხეს რომ ხედავს, გასაკვირი არ არის, თუმცა, ერთი რამ ცხადია - 19 მარტის ყველაზე ნაკლებად ქართული რაგბის ქომაგებს ეშინოდათ - მიუხედავად იმისა, რომ რუს "დათვებს" სტუმრად სოჭში ვეთამაშებოდით, ყველა მათგანი გამარჯვებაში დარწმუნებული იყო.

მეთვრამეტე წელიწადია, "დათვები" მოედანს კუდამოძუებულები ტოვებენ, ნებისმიერ სტადიონზე და ამინდში - გინდა ახალი მთვარე იყოს და გინდ - მთვარის დაბნელება. ისე, ქართველ მორაგბეებთან შეხვედრისას რუსებს მთვარეც სულ დაბნელებული აქვთ და მზეც - აგერ, რამდენი წელიწადია, ჩვენთან გამარჯვების გემო არ იციან და 15 ურთიერთშეხვედრიდან თავის მოწონება ერთადერთი გამარჯვებით შეუძლიათ, რომელიც ამ ორი გუნდის სადებიუტო შეხვედრაში, შორეულ 1993 წელს მოიპოვეს.

რუსები ყველა ხერხით ცდილობენ ხოლმე წარმატების მიღწევას და ტრადიციისთვის არც ამჯერად უღალატიათ. სოჭში ჩასული ქართული დელეგაცია საბაჟო კონტროლისას რამდენიმე საათით შეაყოვნეს, რის გამოც ნაკრებმა მატჩისწინა ვარჯიშის გამართვა ვეღარ შეძლო და რიჩი დიქსონი მხოლოდ თეორიული მეცადინეობით შემოიფარგლა.

მასპინძლების მსგავსად, ქართველებს ამინდიც "არაკეთილგანწყობილი" დახვდა - 19 მარტს სოჭში დილიდან კოკისპირულად წვიმდა, რამაც სლავა მეტრეველის სახელობის სტადიონზე განვითარებულ მოვლენებს გვარიანი კვალი დაატყო. ამის მიუხედავად, უპირატესობას მთელი მატჩის განმავლობაში ბორჯღალოსნები ფლობდნენ და საბოლოოდ, სოჭიდან დაგეგმილი გამარჯვება, "ერთა თასის" მფლობელის ოფიციალური ტიტული და ხუთივე მატჩის მოგებისთვის დაწესებული ე.წ. "დიდი სლემიც" წამოიღეს.

ატალახებული მინდვრისა და სველი ბურთის გამო, შეცდომები ორივე გუნდს მრავლად ჰქონდა და პირველ ნახევარში შედეგიანი მხოლოდ კვირიკაშვილისა და რაჩკოვის საჯარიმოები გამოდგა - 3:3. აი, მეორე ნახევარი კი ჩვენებმა გაცილებით აქტიურად დაიწყეს და მასპინძლები მალევე დაალელოეს. დაახლოებით თხუთმეტფაზიანი შეტევის შემდეგ, ქართველებმა "დათვები" საკუთარ ლელოსთან მიდენეს და იმდენჯერ აიძულეს, შერკინება წამოეშალათ, სანამ ფრანგმა რეფერიმ რუსები ტექნიკური ლელოთი არ დასაჯა, რომელსაც მეკოს ზუსტი გარდასახვა მოჰყვა - 10:3!

ცოტა ხანში არბიტრმა დავით ზირაქაშვილი "გააყვითელა" და ათი წუთით კაცნაკლულნი დავრჩით, რასაც რუსების გააქტიურება და ზედიზედ ორი ზუსტი საჯარიმო დარტყმა მოჰყვა - 10:9. თუმცა, ერთი დედამიწისა და მთვარის "დაახლოებას" მოჰყვა რამე სახიფათო და მეორე ამ ერთქულიან "სიახლოვეს" - მატჩის მიწურულს მამუკა გორგოძემ კიდევ ერთი ლელო უძღვნა მასპინძლებს და შეახსენა, რომ ჩვენთან მოგებაზე ოცნება მათთვის ჯერაც ნაადრევია.

P.S. სამწუხაროდ, გულშემატკივარმა მატჩის პირდაპირი ტელერეპორტაჟი ვერ ნახა, რაც რუსული მხარის "დამსახურებაა". მასპინძლებმა არც თავად აჩვენეს რეპორტაჟი და ამის უფლება არც ქართულ მხარეს მისცეს. მიზეზი? რაგბი ჩვენთან წამგებიან პროექტად ითვლებაო, - აცხადებენ რუსები. მე კი სხვაგვარად ვიტყოდი - "წამგებიან" კი არა, წაგებულ პროექტად, ბატონებო!