ბილეთები უკვე იყიდება - კვირის პალიტრა

ბილეთები უკვე იყიდება

26 მარტს ხორვატიასთან გასამართი მატჩისთვის თემურ ქეცბაიამ თითქმის იგივე ფეხბურთელები გამოიძახა, რომლებსაც სომხებთან ამხანაგური მატჩისთვის უხმო.

"ზესტაფონიდან" კახა ალადაშვილის მოწვევისა და სავიზო პრობლემაშექმნილი მათე ვაწაძის ნაცვლად ირაკლი მოდებაძის გამოძახების გარდა, ქეცბაიას შემადგენლობაში თითქმის არაფერი შეუცვლია.

საეჭვო მხოლოდ ლევან კობიაშვილის თამაშია - ნაკრების ყველაზე ასაკოვან (33 წლის და 8 თვის. - ავტ.) მოთამაშეს ანგინა აქვს და ჯერჯერობით უცნობია, როგორ ფორმაში იქნება თამაშის დღეს. რაც შეეხება უშუალოდ მატჩს, თამაშზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა უკვე დაიწყო. გაიყიდება 5-ლარიანი (6514 ცალი), 7-ლარიანი (17538), 10-ლარიანი (15735) და 20-ლარიანი (8326 ცალი) ბილეთები. ყველაზე ცოტაა 30-ლარიანი ბილეთი, რომელთა მფლობელებსაც შეეძლებათ დასავლეთ ტრიბუნის მეორე იარუსის მე-8 და მე-9 სექტორებიდან ადევნონ მატჩს თვალი.

დედაქალაქში ე. წ. მოძრავი სალაროც ივლის და მსურველებს იქაც შეეძლებათ ბილეთების შეძენა. 21 მარტს სალარო მეტრო "ვარკეთილის" მიმდებარე ტერიტორიაზე იქნება, 22, 23 და 24 მარტს - მეტრო "ახმეტელთან", 25 მარტს კი სააკაძის მოედანზე - ტექნიკური უნივერსიტეტის წინ. "მოძრავი სალარო" 11-დან 18 საათამდე იმუშავებს, უშუალოდ მატჩის დღეს - 26 მარტს კი ბილეთები მხოლოდ ეროვნული სტადიონის სალაროებში, 11სთ-დან 18 სთ-მდე გაიყიდება.