"დიდებული შანსია, დიდი ტვირთიც არის, მაგრამ წარმოიდგინეთ, რა სიხარული გველის, თუ ევროპის ჩემპიონატის საგზურს მოვიპოვებთ" - ინტერვიუ შოთა არველაძესთან - კვირის პალიტრა

"დიდებული შანსია, დიდი ტვირთიც არის, მაგრამ წარმოიდგინეთ, რა სიხარული გველის, თუ ევროპის ჩემპიონატის საგზურს მოვიპოვებთ" - ინტერვიუ შოთა არველაძესთან

კორონავირუსისგან გამოჯანმრთელების შემდეგ, შოთა არველაძე უკვე დაუბრუნდა ტაშკენტის "ფახთაქორს", რომელიც დამაჯერებლად ლიდერობს უზბეკეთის ჩემპიონატს და აზიის ჩემპიონთა ლიგის კი მეოთხედფინალშიც ითამაშა. "კვირის პალიტრასთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში, შოთამ გადატანილ ვირუსზე, საქართველოს ნაკრების ძველ და მომავალ მატჩებზე, "ტრაბზონსპორში" შესაძლო დაბრუნებაზე და სხვა საინტერესო თემებზე ილაპარაკა:

- "კოვიდ-19" ყატარში, აზიის ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალის წინ დამიდასტურდა. გარშემო, ახალი კორონავირუსი ბევრს ჰქონდა და ჩემი ტესტის პასუხი განსაკუთრებულად არ გამკვირვებია. ავადმყოფობისთვის "კარგი დრო" არ არსებობს, მაგრამ კარანტინში ყოფნა მაინცდამაინც უმნიშვნელოვანესი მატჩების დროს მომიწია და ძალიან დამწყდა გული, გუნდს რომ გამოვაკლდი. ასეთ დროს, გარკვეულწილად, თავს დამნაშავედაც კი გრძნობ, ფიქრობ - იქ რომ ვყოფილიყავი, არაფერი გამომეპარებოდაო. გუნდს მთლიანობისთვის აკლიხარ და არა იმიტომ, რომ შენს გარეშე არაფერი გამოვა. საერთოდაც, სადაც არ ხარ, ყველას აკლიხარ და იქ უფრო უყვარხარ.

- რატომ გავრცელდა ინფორმაცია - შოთას ასთმა აქვსო?!

- არ ვიცი, საიდან მოიტანეს, მსგავს პრობლემას არასდროს შევუწუხებივარ! რაც შეეხება "კოვიდს", მსუბუქად გადავიტანე - ოთხი დღის განმავლობაში სახსრები მტკიოდა და სიცხე მქონდა, ბავშვობაში გრიპი რომ გადამიტანია, ის შეგრძნება გამახსენდა. ისე, წელს უკვე სამჯერ ვიყავი კარანტინში: ორჯერ თურქეთში წასვლა-წამოსვლის შემდეგ, მესამედ - ვირუსის თანხლებით.

- ყველაზე მეტად, რა დააფასე "გათავისუფლების" შემდეგ, რა "გვასწავლა" მიმდინარე წელმა? - ყველამ უნდა დააფასოს ის, რაც დღეს, ამ წუთას აქვს! თუნდაც, ურთიერთობის ის თავისუფლება, რომ შეგიძლია, მეგობარს ან ნათესავს ესტუმრო, სადმე, დაპატიჟო, ჩაეხუტო... გავაცნობიერეთ, როგორი ბედნიერები ვყოფილვართ აქამდე... რომ ბედნიერებისთვის მაინცდამაინც "მთვარეზე გაფრენა" არ არის აუცილებელი.

- მთავარ თემაზე - საქართველოს ნაკრებზე გადავიდეთ: რას იტყვი ბელარუსთან მატჩზე? - რასაც ველოდით, ისეთი "სცენარი" ვნახეთ: უპირატესობა გვქონდა, გოლიც მალე გავიტანეთ, მერე ვინერვიულეთ კიდეც, რადგან მეტოქესაც ჰქონდა ერთი-ორი მომენტი. რა გასაკვირია?! პარიკმახერებს ხომ არ ვეთამაშებოდით - ფეხბურთელები არიან და მოგება მათაც ძალიან უნდოდათ.

- გატანილი გოლის შემდეგ, მალევე დავიწყეთ ანგარიშის შენარჩუნებაზე თამაში. - დამთავრდეს ეს ეტაპი და შეფასებები მერე გავაკეთოთ. ყველას თავისი შეხედულება აქვს, მაგრამ მხოლოდ ერთი მატჩი დარჩა და რადაც უნდა დაგვიჯდეს, აუცილებლად უნდა მოვიგოთ! მერე კი, დროც იქნება, ხასიათიც და საშუალებაც, გავაანალიზოთ - როგორ მოვედით აქამდე და როგორ გავაგრძელოთ. უკეთესი იქნება, 100 მომენტი შევქმნათ, მაგრამ ვერ მოვიგოთ? 12 წლის ბავშვებზე ხომ არ ვლაპარაკობთ, რომლებსაც აქვთ დრო, რათა სწორად თამაში ისწავლონ, ან ბედნიერები იყვნენ იმით, რომ კარგად ითამაშეს? ფინალში არ არსებობს კარგი თამაში - ფინალში არსებობს შედეგი!

- ჩვენ კი, ჯერაც ვერ ჩამოვყალიბდით - ნაკრებისგან კარგ თამაშს ვითხოვთ, თუ - შედეგს? - იმიტომ, რომ მსგავსი სიტუაცია ახალია ჩვენთვის. იმიტომ, რომ გემოვნება შეგვეცვალა, იმიტომ, რომ ძალიან ცოტა დარჩა ისეთი ხალხი, ვინც თავისი თამაშით გვიყალიბებდა გემოვნებას... ისინი ვეღარ "ქმნიან ამინდს" ქუჩაში, პრესაში, ან სოციალურ ქსელში. ამიტომაც, ქართველი ქომაგის უმეტესობა, (საქართველოს ნაკრების შემდეგ!), გულშემატკივრობს "ბარსელონას", "რეალს", ესპანეთს, გერმანიას, ბრაზილიას... ისეთ გუნდებს, რომლებიც ყველაზე სანახაობრივ და თანამედროვე ფეხბურთს თამაშობენ და ყველაზე მეტი ვარსკვლავი ჰყავთ. გერმანიის და იტალიის ფანები იტყვიან, რომ მთავარი შედეგია, ბრაზილიის, არგენტინის, ესპანეთის გულშემატკივრები კი, სიამოვნებას სანახაობრივი თამაშით იღებენ.

- ბელარუსის შემდეგ, პოლონეთში ვეთამაშეთ სომხეთის ნაკრებს. - ძირითადი შემადგენელობის 8 ფეხბურთელი გვაკლდა და ბოლო წუთებამდე ვუგებდით სომხეთის, ფაქტობრივად, ოპტიმალურ შემადგენლობას. ამიერკავკასიელებს ფეხბურთში სულ ვჯობივართ: ათწლეულებია, ოგანესიანის და მხითარიანის გარდა, სომხებს ფეხბურთელი არ ჰყოლიათ. აზერბაიჯანელებს - მით უმეტეს. იმის მიუხედავად, რომ საკლუბო დონეზე, აზერბაიჯანელები რეგიონში ყველას სჯობიან, დიდ ფულს ხარჯავენ და ძალიან კარგი შედეგებიც აქვთ. ცდილობენ, მაგრამ თავადაც აღიარებენ, რომ ჯერ მაინც ვერ აქვთ ისეთი საფეხბურთო ქვეყანა, როგორიც საქართველო.

- ჩვენ რაზე გვეტყობა, რომ "საფეხბურთო ქვეყანა" ვართ?! თუმცა, ახლა გავიხსენოთ სომხეთის ნაკრებთან 7:0 მოგებული მატჩი, რომელშიც სამი გოლი გაიტანე. - ლეგანდარულმა ხორენ ოგანესიანმა, რომელიც ჩვენი მეგობარია, თბილისში ერთ-ერთი სტუმრობისას გაიხსენა: ნაკრების მთავარ მწვრთნელად დანიშვნიდან რამდენიმე დღეში მითხრეს, რომ საქართველოში ამხანაგური მატჩის სათამაშოდ მივდიოდით. ჯერ ახალი დანიშნული ვარ, გუნდთან შეწყობა მაცალეთ, პირველად რაღა მაინცდამაინც თბილისში უნდა მათამაშოთ-მეთქი? მით უმეეტს, რომ მაშინ მაგარი შემადგენლობა გყავდათ. სხვა ვინ მოვძებნოთ, ფული არ გვაქვს, თბილისში სამ საათში ჩავალთ ავტობუსით, ვითამაშებთ, გემრიელად ვიქეიფებთ, ვიმხიარულებთ და წამოვალთო. ორი დღე ვეხვეწე - არ გვინდა-მეთქი, მაგრამ არ დაიშალესო და... იმ მატჩის შემდეგ, დაიხურა ხორენმა ქუდი და წავიდა! ჩვენი "დამსახურებით", ნაკრების მწვრთნელად მხოლოდ სამი დღე იმუშავა.

- საქართველოს ახლანდელ ნაკრებს დავუბრუნდეთ: როგორ უნდა ვითამაშოთ ჩრდილოეთ მაკედონიასთან, რა იქნება გადამწყვეტი იმ მატჩში? - ახლა, ექსპერიმენტების დრო არ არის - როგორც ვთამაშობდით, ისევე უნდა გავაგრძელოთ. ბოლო პერიოდში, ნამდვილად შეიძლება კარგი თამაშების გახსენება - როგორც სანახაობრივად, ისე ორგანიზების და დისციპლინის მხრივ. იყო მატჩები, რომლებშიც, მინიმუმ ერთი ტაიმი მოგვეწონა! ამიტომაც, ახლა რადიკალური ცვლილებები დაუშვებელია - ის უნდა ვაკეთოთ, რაც კარგად გამოგვდის. კრიტიკაზე ადვილი რა არის? მაგრამ ფაქტია, რომ უეფას ახალი ფორმატის წყალობით, ევროპის ჩემპიონატზე თამაშის რეალური შანსი სწორედ ამ შემადგენლობამ მოიპოვა, ამ ფეხბურთელებმა, ამ მწვრთნელმა და "სტაფმა". ევროპამდე ერთი ნაბიჯი დარჩა და როგორმე, ეს თამაში უნდა მოვიგოთ!

- ბელარუსთან თამაშის წინ მითხარი - ყველაზე მეტად იმის მეშინია, ატეხილმა აჟიოტაჟმა, ძალიან დიდი შანსის დაკარგვის შიშმა ბიჭებზე ცუდად არ იმოქმედოსო. მგონია, რომ ნახევარფინალში გამარჯვების შემდეგ, ეს წნეხი, მეტ-ნაკლებად, გადავლახეთ და მაკედონიასთან უფრო მშვიდად ვითამაშებთ. - პლეი-ოფის მატჩებს მართლაც დიდი ტვირთი აწევს. თანაც, ვიღაცამ სპეციალურად კი არ "დაადო", ეს თავისთავად მოსდევს იმ ყველაფარს, რაც დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ გადაიტანა ქართულმა ფეხბურთმა - გაჭირვებამ, წვალებამ, ცუდმა და კარგმა თამაშებმა, ფეხბურთელების კარგმა თამაშმა კლუბში ან ნაკრებში, ტიტულებმა, თბილისში ეროვნულ სტადიონზე სხვადასხვა დროს ჩამოსულმა ვარსკვლავებმა... მთელი ეს წარსული ბოლო ორ მატჩში დაედოთ წნეხად იმ ბიჭებს, ვინც ახლა თამაშობს საქართველოს ნაკრებში. დიდებული შანსია, დიდი ტვირთიც არის, მაგრამ წარმოიდგინეთ, რა სიხარული გველის, თუ ევროპის ჩემპიონატის საგზურს მოვიპოვებთ! რაც შეეხება მაკედონიის ნაკრებს, კარგი გუნდია, მაგრამ განსაკუთრებული არაფერი! სხვა თუ არაფერი, ესტონეთმა გაუტანა სამი გოლი!

- როგორ ფიქრობ, 12 ნოემბერს გუნდური თამაში იქნება გადამწყვეტი, თუ ცალკეული მოთამაშეების არაორდინარული გადაწყვეტილებები? - ორივე. ინდივიდუალური ეპიზოდებიც ხომ გუნდური თამაშის ნაწილია. "ბარსელონას" საოცარი გუნდური თამაში მესის, ჩავის, ინიესტას ინდივიდუალური გარჯის დამსახურება არ იყო? აქაც იგივეა - მეტოქე კვარაცხელიამ ან ყაზაიშვილმა თუ არ მოატყუა, ფინტებს კანკავა ხომ არ გააკეთებს?! ოქრიაშვილმა თუ არ მოიგონა რამე არასტანდარტული, მცველები ხომ არ "იმატავებენ"?

- თუმცა, ამისთვის, მინიმუმ ოპტიმალურ პოზიციაზე მაინც ხომ უნდა ითამაშონ? მათ შორის - ხვიჩამაც! - რას ეძახით "მის ადგილს", რა იცით, რომელია კვარაცხელიას ადგილი?! როგორ ფიქრობთ, ვაისი ერთხელ მაინც არ ჰკითხავდა ხვიჩას - რომელ ფლანგზე გინდა თამაშიო?! როცა მწვრთნელი ვარ, თვითონ ფეხბურთელს ვკითხავ, რომელ მხარეს ურჩევნია თამაში! შეიძლება, რომელიმე ფეხბურთელი მარცხნივ შედარებით უკეთ თამაშობდეს, მაგრამ თუ საპირისპირო ფლანგზეც ნაყოფიერია და იქ უფრო გჭირდება, რატომაც არა? მით უმეტეს, თამაშის დროსაც შეიძლება პოზიციის შეცვლა. ამოჩემება ვიცით ხოლმე, თითქოს, კვარაცხელიას ოპტიმალური ადგილი, ტაქსის მძღოლებმა და პარიკმახერებმა ვაისზე უკეთ იცოდნენ!

- რადგან პარიკმახერები და მძღოლები ვახსენეთ, ფარერებზე თბილისის "დინამოს" განადგურებაზეც გკითხავ: რა მოხდა იმ მატჩში? დიდი სხვაობით "ბარსელონასაც" წაუგია, მაგრამ "ბაიერნთან" და "კლაკსვიკთან" განადგურებას შორის ხომ არის განსხვავება?! - რა უნდა ვთქვა? სამარცხვინოები არიან! "ბაიერნს" ჯერ ეთამაშონ და ჩავთვლი, რომ მოიგეს! უზომოდ მწყდება გული. ვკვდები, "დინამო" ისე მიყვარს და ვერ გამიგია, რატომ დაემართათ ასეთი სისულელე. დიდი ანგარიშით ჩვენც წაგვიგია, მაგრამ ფარერების კლუბთან 1:6 რომ წააგებ, აშკარაა - რაღაც არასწორად ხდება. ასეთი შედეგი კლუბის მენეჯმენტის სირცხვილიც არის, ფეხბურთელებისაც და ყველა ჩვენთაგანის, ვისაც ქართული ფეხბურთის ნაწილად მიაჩნია თავი... როცა აქაურებმა მკითხეს - რა მოხდაო, რა აღარ მოვიგონე, ეს სამარცხვინო წაგება რომ გამემართლებინა: ნახევარ გუნდს კორონა დაუდასტურდა და დუბლ-შემადგენლობით ჩავიდნენ-მეთქი. ჰოლანდიელებიც გაკვირვებული იყვნენ - ახლახანს არ იყო, "დინამოს" თამაშს როი მაკაი და სხვა სკაუტები რომ აკვირდებოდნენ და ფარერელებთან ასეთი ანგარიშით როგორ წააგესო?!

- "დინამოს" მეპატრონე რომან ფიფია სულ ამბობს - შემადგენლობის შენარჩუნება მეც მინდა, მაგრამ ეს პატარა ბიჭები პირველივე მიმზიდველი შეთავაზებისას გარბიან, ვერ ვაჩერებო. - თუ 5-წლიან კონტრაქტს გაუფორმებ, ვერ წავა! ერთწლიანი ხელშეკრულებით როგორ გააჩერებ? წავა, აბა რას იზამს!

- ბოლოს, როცა ამ საკითხზე ვილაპარაკეთ, მითხარი - საქართველოს ნაკრებისთვის მაშინ ვიქნები მზად, როცა უხელფასოდ მუშაობას შევძლებო! დღეს, ნაკრებს მწვრთნელიც ჰყავს და მნიშვნელოვანი მატჩებიც ელის, შენც კლუბში მუშაობ, მაგრამ... ხომ გიფიქრია, რა შემთხვევაში ჩაუდგებოდი სათავეში ეროვნულ გუნდს? - ცხადია, მიფიქრია ხოლმე - მე რომ ვიყო, როგორ მოვიქცეოდი ამა თუ იმ სიტუაციაში. ასე სჯობს თუ ისე, სხვანაირად ხომ არ ვცადო-მეთქი? მაგრამ ფიქრი ერთია, გადაწყვეტილების მიღება - მეორე. ბევრს ჰგონია, რომ პასუხისმგებლობით არ შეიძლება სიამოვნების მიღება. სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში, ჩვენ არ ვიცით სწორი მიდგომა. წლებია, ადამიანების კრიტიკას ვისმენ და მაინტერესებს, სად არის ის ხალხი, ვინც გვლანძღავდა და ბოლომდე "გადაუვლიდა" ხოლმე ქართულ ფეხბურთს? ერთხელაც არ მიმიცია თავისთვის უფლება, ვიღაც გამელანძღა, გამეკრიტიკებინა, ან ოდნავ მაინც გავცდენოდი ეთიკის ან მეგობრობის ზღვარს. ვიღაც, ალბათ, იტყვის - აბა როგორ გინდათ, ფეხბურთი ეს არისო, მაგრამ მე ასეთი მიდგომა არ მომწონს! ვისაც მოსწონს, მუშაობენ კიდეც მწვრთნელებად. ღმერთმა ქნას, გავიდეთ ევროპის ჩემპიონატზე და ვაისს ჩაეთვლება, აბა ვის? არც არავინ დაუკარგავს დამსახურებას. გაუმარჯოს ვაისს საქართველოს ნაკრებში! აქამდე გაკეთებულისთვისაც გაუმარჯოს, დღესაც და ხვალაც, ფინალამდე რომ მიიყვანა გუნდი, პატარა საქმეა?! აქამდე, იგივე ხომ არავის გაუკეთებია? მაგრამ პირდაპირ ვთქვათ: ასე წყნარადაც არავის უმუშავია - სულ მწვრთნელების კრიტიკა და ლანძღვა-გინება გვესმოდა!

- შენი თავშეკავების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი წლების განმავლობაში დაგროვილი სიყვარულის და პატივისცემის დაკარგვის შიშიც ყოფილა. ეს არც არის გასაკვირი ქეცბაიას, ჩივაძის, ყიფიანის მაგალითზე. - რა დამავიწყებს, "დინამოზე" ინგლისთან წაგების შემდეგ, ჩივაძეს ათასობით ბოთლი რომ ესროლეს... იმ მატჩში მართლაც ცუდად ვითამაშეთ, მაგრამ გულშემატკივარს ისეთი რეაქცია ჰქონდა, თითქოს, მალტასთან წაგვეგოს და არა უძლიერეს გუნდთან, რომელსაც შერინგემი, ბექჰემი, გასკოინი, ადამსი, მაკმანამანი და სხვა ვარსკვლავები ჰყავდა... აღარ მინდა, ოჯახის წევრებს სტრესი დავუმატო. საკმარისია, რაც დედაჩემმა და მამაჩემმა ჩვენზე ინერვიულეს, ახლა, სანერვიულოდ ვატოც (რევაზ არველაძის ვაჟი. - რ.შ.) ეყოფათ! თორემ, განა მუშაობა არ მომწონს?! მწვრთნელობა რომ არ მომწონდეს, არც კლუბებში ვიმუშავებდი. არც იმის მტკიცებას დავიწყებ - "არსენალი" და "ბარსა" მიწვევდნენ, მაგრამ "ფახთაქორში" წავედი-მეთქი, თუმცა, ასარჩევად ნამდვილად მქონდა საქმე და შემეძლო, უფრო კომფორტული ვარიანტი ამერჩია. მოკლედ, ეს საქმე მომწონს, გამომდის კიდეც და არც არსად მეჩქარება. "ტრაბზონსპორი"? - ამაზე სეზონის ბოლოს ვილაპარაკოთ, როცა "ფახთაქორთან" ჩემი კონტრაქტი დასრულდება.

- სოციალური ქსელით, ხშირად ეხმიანები ხოლმე მნიშვნელოვან და ხმაურიან ამბებს - ასე იყო ნიკოლოზ ბასილაშვილის, თორნიკე შენგელიას და სხვა სპორტსმენების შემთხვევაში: ეს ერთგვარი სოლიდარობაა სპორტის სამყაროს წარმომადგენლების მიმართ, თუ საკუთარი აზრის დაფიქსირება მოქალაქეობრივ პოზიციად მიგაჩნია? - მიმაჩნია რომ ლაპარაკია იმ დონის ვარსკვლავებზე, რომ ყველას შეგვიძლია ჩვენი პოზიციის გამოხატვა. და როცა საჭიროა, იმის ჩვენებაც, რომ გვერდით ვუდგავართ - თუნდაც, მათი გადაწყვეტილება არ იყოს ყველასთვის მოსაწონი და მისაღები. სულ ვამბობ: თუ რომელიმე ცნობილი ადამიანის გადაწყვეტილება საკამათოა, მაინცდამაინც ის რატომ არის მართალი, ვინც ამ გადაწყვეტილებას უარყოფითად აფასებს?! თუ ქვეყანაში აზრი ორად იყოფა, გამოდის, ორმაგ სტანდარტთან გვქონია საქმე... პირადად მე, მსგავს მდგომარეობაში არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ კორონავირუსის მკურნალობის დროს, იმხელა სითბო და ყურადღება ვიგრძენი, იმდენმა ადამიანმა მომწერა, რომ კიდევ ერთხელ გავაცნობიერე, როგორი საჭირო და მნიშვნელოვანია გამხნევება რთულ მდგომარეობაში მყოფისთვის... ძალიან რთულია გადაწყვეტილების მიღება და ასეთ მდგომარეობაში ყოფნა. მით უმეტეს, როცა საქმე რუსეთს ეხება.

- ამ თემაზე, პოზიციაც არაერთხელ დაგიფიქსირებია და კატეგორიული უარიც თქვი, როცა დიკ ადვოკაატმა რუსეთის ნაკრებში თავის თანაშემწედ მიგიწვია! - შანსი არ არსებობს, თუ არ გინდათ, რომ რუსეთის ჰიმნის დროს, დემონსტრაციულად ვიჯდე და არ ავდგე-მეთქი! რუსეთთან დაკავშირებით, ჩემი პოზიცია სხვა დროსაც არაერთხელ დამიფიქსირებია, თუმცა, ნაკრები სხვაა, კლუბში მუშაობა - სხვა. არ შეიძლება, ყველაფერში ამაყი იყო. ხანდახან, სიამაყეს ბრძნული გადაწყვეტილება სჯობს. გარკვეული პაუზის, "ცეცხლის ჩაქრობის" შემდეგ, ცივ გონებაზე გადაწყვეტა... ჩვენ კი სხვანაირები ვართ - სადაც ცეცხლია, მაინცდამაინც იქ უნდა შევვარდეთ, გამურულები, დამწვრები გამოვიდეთ და ჭრილობების მოშუშებაში ცალკე დავკარგოთ დრო... კი ბატონო, ვითომ მართალი ხარ, მაგრამ აღარ იცი, სად წაიღო ეს სიმართლე!

- გასაგებია, მაგრამ როცა საქმე წარმატებულ სპორტსმენს, გუნდის ლიდერს ან კაპიტანს ეხება, ემოცია განსაკუთრებით მწვავეა ხოლმე... - კაპიტანი არ ვყოფილვარ, მაგრამ არაფერს წარმოვადგენდი გუნდში ან გუნდისთვის?! კაპიტანი ერთია, მაგრამ გუნდში სხვებიც არიან. ვისაც ნაკრებში იწვევენ, ჩემი აზრით - ყველა კაპიტანია! მესმის, რომ გუნდის ლიდერია, წინამძღოლი, ძალიან გიყვარს და გინდა, ზუსტად ისე მოიქცეს, როგორც შენ მოიქცეოდი, მაგრამ ყოველთვის და ყველა არ იქცევა ასე და ბუნებრივია, აზრიც იყოფა. ვიმეორებ - აზრი თუ იყოფა, გამოდის, რომ საკამათო კი არ ყოფილა, უბრალოდ, ჩვენ არ ვართ ჩამოყალიბებული, მთელი ქვეყანა არ არის ერთ პოზიციაზე და ერთისთვის შეიძლება, მეორისთვის კი - არა! თუ ყველა საკითხის მიმართ ერთიანი პოზიცია გვექნება, კი ბატონო, თორემ თუ რუსეთში არა, თურქეთში ან ირანში რატომ ვთამაშობთ და ვმუშაობთ? სამარყანდში და ტაშკენტში, ყოველ ფეხის ნაბიჯზე თემურ ლენგის ძეგლი დგას და ამ ლოგიკით - ქართველს იქ რა უნდა?!

- თემურ ლენგი არა, მაგრამ თეირანში ნამღერი "ლალე" გავიხსენოთ. - "პერსეპოლისი"-"ფახთაქორის" მატჩზე, თეირანში უამრავი ხალხი შეიკრიბა. თამაშის დაწყებამდე, ძალიან ბევრი ირანელი ქართველი მოვიდა ჩვენთან, ძველებური ქართულით გველაპარაკებოდნენ, გვეფერებოდნენ, საოცარი ემოცია იყო... როცა მატჩი დასრულდა, 100 000 სპარსელის და ქართული ფესვების მქონე უამრავი ადამიანის ნახვის შემდეგ, პირველი, რაც გამახსენდა, "ლალე" იყო! აჩის და გოჩა ტყებუჩავას ვუთხარი ჩვენებურად ვიმღეროთ-მეთქი და... "დავცხეთ" კიდეც ქართული "ლალე" თეირანში!

- თავადვე გაავრცელე ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ გაგახარა ტაშკენტში ქართული ბანკის დანახვამ! - ბოლოს, როდის მოიმინეთ ტელევიზიით პოზიტიური ინფორმაცია? როცა ტაშკენტის ერთ-ერთ ქუჩაზე, განათებული, გაბრდღვიალებული ქართული წარწერა დავინახე, რაც პირველად მომივიდა თავში, ის გავაკეთე! ჩემი ემოცია გამოვხატე და მგონი, ვიდეოს მნახველებშიც მხოლოდ პოზიტივი გამოვიწვიე...

- საუბრის ბოლოს, ისევ ჩრდილოეთ მაკედონიასთან მატჩს დავუბრუნდეთ: რას შეცვლის ქართული ფეხბურთისთვის ევროპის ჩემპიონატზე გასვლა?

- წმინდად საფეხბურთო მხარე გვერდით რომ გადავდოთ, ისიც დიდი საქმეა, რომ ევროპის ჩემპიონატამდე დარჩენილი მთელი დრო, ჩვენთვის აქამდე არნახული მოლოდინით იქნება სავსე. მთელი ქვეყანა ფეხბურთით იცხოვრებს და ეს ყველაფერი აისახება ადამიანების განწყობაზეც, სახელმწიფოს და სპონსორების დამოკიდებულებაზეც, ბევრ სხვა რამეზეც. საბოლოო ჯამში, გაცილებით მეტ დროს დავხარჯავთ დადებით ემოციებში, რაც ასე ძალიან აკლია ჩვენს ქვეყანას.

პ.ს. ინტერვიუ ჩაწერილია მანამდე, ვიდრე გუნდის ლიდერ ხვიჩა კვარაცხელიას და ძირითადი შემადგენლობის ერთ-ერთ უმთავრეს კანდიდატს - ლევან შენგელიას კორონავირუსი დაუდასტურდებოდათ.