პანდემიაც და პანდევიც
16-11-2020
პანდემიაც და პანდევიც
საქართველოს ყველამ აჯობა

საქართველო 0:1 ჩრდილოეთ მაკედონია

მაკედონიასთან მატჩი გულის თამაში იქნებაო, ვლადიმერ ვაისმა თქვა ისტორიული მატჩის წინ. ან გმირები ვიქნებით, ან ლუზერებიო. გმირები ვინც გახდნენ, ყველამ ვნახეთ.
ჩვენ კი... ვერაფერიც ვერ გავხდით. ჩვენ მხოლოდ დავრჩით! ისევ იქ, სადაც წლებია, ვართ. ისევ ძველი სიმღერის და ძველი გამარჯვების იმედად; ორმოცი(!) წლის წინანდელი გამარჯვების, რომლის გადაფარვაც ამ ერთი მატჩის მოგებით და ევროპის ჩემპიონატზე გასვლით შეგვეძლო!
ეს იყო თამაში, რომელიც ნებისმიერ ფასად უნდა
მოგვეგო: მეტოქის კლასისა თუ გამოცდილების, ცარიელი ტრიბუნებისა და უდიდესი დანაკლისის მიუხედავად. აუცილებლად!

თუმცა გაიმარჯვა გუნდმა, რომელსაც მოგება მეტოქეზე მეტად უნდოდა! დიახ, რაც უნდა პარადოქსული და სამწუხარო იყოს, ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრები გაცილებით მოტივირებული და ორგანიზებული ჩანდა. საქართველოსგან განსხვავებით, მაკედონიის ნაკრებმა ზუსტად იცოდა, რისთვის ჩამოვიდა თბილისში და
როგორ უნდა ეთამაშა.

რაც შეეხება ჩვენს გუნდს, ვინ იტყვის, რომ რომელიმე ქართველ ფეხბურთელს მოგება არ უნდოდა?! მაგრამ სურვილი ერთია, მონდომება და უნარი - სხვა... არ ვიცი, მეტისმეტი მოტივაციის და დაძაბულობისგან "გადაიწვნენ", თუ სხვა მიზეზი იყო, მაგრამ... ორიოდე გამონაკლისის გარდა, განსაკუთრებული მოტივაცია და მონდომება ვერც ერთ ჩვენებურს ვერ შევატყვეთ! ტრიბუნიდან ნამდვილად ასე ჩანდა და ტელეეკრანზე ნანახისა რა გითხრათ...


გასაგებია, რომ მატჩის წინ მიღებულმა შოკმა (ხვიჩა კვარაცხელიასა და ლევან შენგელიას კორონავირუსი დაუდასტურდათ. - რ.შ.) მწვრთნელ-ფეხბურთელების გეგმებიც არია და განწყობაც, მაგრამ გუნდს, რომლის შეტევით პოტენციალსაც ორი ან თუნდაც ოთხი (ჩაკვეტაძის და კიტეიშვილის ტრავმების ამბავი მანამდეც ვიცოდით) ფეხბურთელის გამოკლება ნულამდე დაიყვანს, ევროპის ჩემპიონატზე რაღა ესაქმება?!
მით უმეტეს, მწვრთნელის გარეშე?!

ვაისი-რცხვილი და Angel on sky!


სხვა შეხვედრებისა რა მოგახსენოთ, მაგრამ ბოლო მატჩში საქართველოს ნაკრების მწვრთნელი ვერ დავინახე. როგორ არა - მოედნის კიდესთანაც იდგა და ნამატჩევს საპრესკონფერენციო დარბაზშიც მოიხადა ბოდიში, მაგრამ თამაშისას მოედანზე მხოლოდ მეტოქე გუნდის თავკაცი - იგორ ანგელოვსკი "ჩანდა". ბალკანელებთან მარცხს მხოლოდ ვლადიმერ ვაისს არ ვაბრალებთ. მით უმეტეს, რომ ფეხბურთელები უკვე ვახსენეთ, მაგრამ მწვრთნელი იმიტომ გქვია, ჯერ ერთი, ოპტიმალური შემადგენლობა მოაგროვო და ათამაშო, ფეხბურთელების მოტივირებაშიც დაიდო წვლილი და რაც მთავარია, ტაქტიკა და შემადგენლობა მატჩის მსვლელობისას შეცვალო. მატჩის მსვლელობისას!

რაც საქართველოში მუშაობს, სლოვაკს ყველაზე ხშირად შეცვლების სიძულვილს ვუწუნებთ. ისიც კარგად ვიცით, რომ დიდი არჩევანი არა აქვს, მაგრამ როცა ხედავ, კარიერის მატჩს პირწმინდად აგებ და მოედანზე მყოფ ფეხბურთელებს არაფერი გამოსდით, ზოგიერთ მათგანს კი სულაც არაქათი აქვს გამოცლილი, ხუთიდან (!) პირველი შეცვლის მხოლოდ მე-80 წუთზე გაკეთება სპორტის რომელი სახეობაა?! პაპუნაშვილი და ლობჯანიძე მოედანზე ძირითადი დროის დასრულებამდე 10 წუთით ადრე გამოჩნდნენ, ჯიღაური - 88-ე წუთზე, ზურიკო დავითაშვილი და მცველი(!) დავით ხოჭოლავა - 92-ე წუთზე! არადა, ამ დროს უკვე ლოცვის გაძლიერებაც კი დაგვიანებული იყო, არათუ დაცვის!

ხოჭოლავას მოედანზე შეყვანას ერთადერთი ახსნა აქვს - ტანმაღალი მცველის მიერ მეტოქის საჯარიმოში ჩაწოდებული ბურთის მოგება, მაგრამ ამის ცდა 75-ე ან 81-ე წუთზე მაინც არ შეიძლებოდა? ან როგორ დავიჯერო, რომ შეცვლაზე შესული რომელიმე მოთამაშე შეცვლილზე უარესად ითამაშებდა?! ჩაკვეტაძის, კვარაცხელიას და შენგელიას არყოფნაში ლამის ერთადერთი ფეხბურთელი, რომელსაც თამაშის გამწვავება, მეტოქის მოტყუება და ფლანგზე "გაქცევა" შეეძლო, დავითაშვილი გახლდათ. ერთ ეპიზოდში მოასწრო კიდეც ამის ჩვენება, მაგრამ 2-3 წუთში თამაშის გადარჩენას დავითაშვილი კი არა, მესი და რონალდუ ვეღარ ასწრებენ.

ვაისი მიდის. ნამატჩევს საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა მოიბოდიშა და თქვა, რომ წაგებაზე პასუხისმგებლობა მას ეკისრება და ნაკრებიდან მიდის. 15 და 18 ნოემბერს (სომხეთს და ესტონეთს ვმასპინძლობთ) გასამართი "ერთა თასის" მატჩების შემდეგ საქართველოს ნაკრებში სლოვაკი მწვრთნელის მუშაობა ოფიციალურად დასრულდება. სლოვაკი მიდის. წავიდნენ ქართველი ჟურნალისტებიც, რომლებმაც ვაისის პრესკონფერენცია პროტესტის ნიშნად დატოვეს.
ვაისი მიდის, ჩვენ კი ვრჩებით ძველი პრობლემების და იმედის ამარა.

სლოვაკის ნაცვლად, მაკედონიური ყიჟინის თანხლებით ჰაერში იგორ ანგელოვსკი აისროლეს. Angel on sky - "ანგელოზი ცაზე". არადა, როგორ გვინდოდა ანგელოვსკის და მისი რაზმის ნაცვლად "მეცხრე ცაზე" ჩვენ ვყოფილიყავით...

მარტო დარჩენილი


საღამო, რომელიც საქვეყნო ზეიმად უნდა ქცეულიყო, ქართული ფეხბურთის მორიგ პანაშვიდად იქცა! შესაძლოა მეტისმეტად მკაცრ შეფასებად მიიღოთ და თქვათ, რომ ამ მარცხით ახალი ან განსაკუთრებული არაფერი მომხდარა, მაგრამ... მნიშვნელობიდან გამომდინარე, ეს მატჩი სწორედაც რომ "განსაკუთრებული" იყო! ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გასვლა უდიდეს ბიძგს მისცემდა როგორც უშუალოდ ფეხბურთის, ისე მთლიანად ქვეყნის განვითარებას - სპორტის, ეკონომიკის, ტურიზმის სტიმულირებას.

და რა გავაკეთეთ ამ თამაშის მოსაგებად? გულზე მჯიღის ცემის და ფეხბურთელების დისტანციურად გამხნევების გარდა - არც არაფერი! დიახ, ნაკრების ავტობუსს სტადიონის შესასვლელთან რამდენიმე ასეული ქომაგიც დახვდა შეძახილებითა და პეტარდებით, მაგრამ თამაში ჭიშკართან კი არა, მოედანზე იწყება. ფეხბურთელებს გამხნევება ტრიბუნიდან სჭირდებოდათ და არა ტელევიზიით ან სოციალური ქსელით. როგორ დავიჯერო, რომ 60-ათასიან სტადიონზე თუნდაც 10 000 ქომაგის საჭირო დისტანციით განთავსება არ შეიძლებოდა?!

მატჩის დაწყებამდე 40 წუთით ადრე "დინამო არენას" VIP-ლოჟაში მხოლოდ ერთი კაცი ჩანდა - სფფ-ის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი. მარტო იყო, თავისი ფიქრების და ემოციის ამარა. სიმბოლურია! რადგან ბოლო წლების ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩის წინ მარტო იყო მისი გუნდიც - საქართველოს ეროვნული ნაკრები. ბედის და რამდენიმე ასეული ქართველის ამარა...

ვიცით, რომ პანდემიამ ყველა ქვეყნის სტადიონები დააცარიელა, მაგრამ ისიც მოგვეხსენება, რომ უეფამ უფლება მოგვცა, შესაბამისი რეგულაციების დაცვით სტადიონის მესამედი მაინც შეგვევსო. ჰოდა, 18 თუ არა, 10 ათასი გულშემატკივრის შესაბამისი დაშორებით განთავსებას რაღა უნდოდა? სტადიონზე ხომ ეს გაცილებით იოლია, ვიდრე სტადიონთან ან ეკრანის წინ?!

რაღა უნდოდა და... ალბათ, მეტი მონდომება, უფრო აქტიური მუშაობა, რისი დროც და საშუალებაც ლევანს ნამდვილად ჰქონდა - თუნდაც არჩევნების მეორე ტურამდე! არ ვამტკიცებთ, რომ რამდენიმე ათასი გულშემატკივრის მხარდაჭერით ეს გუნდი აუცილებლად მოიგებდა, მაგრამ როცა შანსი გვაქვს, ან ბიჭებს რას ვერჩით, ან გულშემატკივარს?!

საბოლოოდ კი ნაკრები მაინც ბედის და რამდენიმე ასეული ქართველის ამარა დარჩა. ვყვიროდით კიდეც. ქართველი ჟურნალისტები მთელი მატჩის განმავლობაში ხმის ჩახლეჩამდე ვღრიალებდით, რათა ბიჭებამდე მიგვეტანა ქართული ხმა, ის მუხტი და ემოცია, რომელიც ასე აკლდათ მათაც და მათ თამაშსაც. დანარჩენი კი თავადაც ნახეთ.

ჩრდილოე(რ)თი ნაბიჯი

ერთი ნაბიჯი დაგვაკლდა, ოღონდ ჩრდილოეთით კი არა, ევროპის ჩემპიონატისკენ. ჩრდილოელებთან ომიც კარგი ვიცით და ომის ფასიც. ამჯერად ჩრდილოეთი მაკედონია იყო და საცა სამართალია, ყველა ჩრდილოელის ჯავრი მათზე უნდა გვეყარა, ჩვენივე თავისთვის უნდა გვეჯობნა, მაგრამ... ზედმეტმა მოლოდინმა ზედმეტი პრობლემები გაგვიჩინა და "მეცხრე ცაზე" ახლა მაკედონიაა.

37 წლის "გრანდე პანდევმა" პანდემია დაგვავიწყა. საშუალო დონის მაკედონიამ მეორე ტაიმში ბურთი აღარ დაგვანახა. უფრო სწორად, დაგვანახა - მხოლოდ ჩვენს კარში! ანგელოვსკის გუნდმა ტაქტიკითაც გვაჯობა, თამაშითაც და ევროპირველობის საგზურიც დამსახურებულად ჩაიჯიბა. მოიგო და ნამატჩევს "თავზე დაიმხო" მოედანიც, ტრიბუნებიცა და საპრესკონფერენციო დარბაზიც.

ჩვენც "დავიმხეთ" - იმედგაცრუების, დამსხვრეული ოცნებების ნიაღვარი. შესაძლოა ეს ყველაფერი ჩვენივე ბრალიც არის, ზედმეტი ეიფორიის, მოლოდინის, წინასწარ ზეიმის დამსახურება... ყველაფრის მიუხედავად, მადლობა იმ რამდენიმე თვისთვის. მადლობა იმ მოლოდინისთვის, რომელმაც მთელი ქვეყანა გააერთიანა. რაც შეგვეძლო, ვითამაშეთ და მთელი უბედურებაც ეს არის.

ვაისი მიდის, თუმცა მოვა ახალი მწვრთნელი, მოდიან ახალი ფეხბურთელებიც და იმედია, ოდესმე ჩვენც ვიქნებით "მეცხრე ცაზე"... ჯერჯერობით კი ისევ "იქ" ვართ. იქ, სადაც აქამდე ვიყავით.

მაკედონიასთან მატჩის შემდეგ ან გმირები ვიქნებით, ან ლუზერებიო.
გმირები ვინც გახდნენ, ყველამ ვნახეთ.

ოდესმე ჩვენც გავხდებით - როცა აუცილებლად მოსაგებ მატჩებში გამარჯვებას ვისწავლით. გუშინ კი, რაც შეგვეძლო, ვითამაშეთ და... მთელი უბედურებაც ეს არის!
გივი
30 ნოემბერი 2020 13:16
რა გინდათ, გაიტანა კაცმა გოლი, შენ ვინ გიშლიდა, გაგეტანა ორი.

რედაქტორის რჩევით
როგორ აფასებთ საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებას 1-ლი თებერვლიდან შეზღუდვების ნაწილობრივ მოხსნის შესახებ?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებას 1-ლი თებერვლიდან შეზღუდვების ნაწილობრივ მოხსნის შესახებ?
თვის კითხვადი სტატიები