ნინომ ლიცენზიასაც მოარტყა - კვირის პალიტრა

ნინომ ლიცენზიასაც მოარტყა

ნინო სალუქვაძეს შეუძლია, ლონდონის 2012 წლის ოლიმპიური თამაშებისთვის მშვიდად მოემზადოს. გასულ კვირას სიდნეიში ჩატარებულ მსოფლიო თასზე ქართველმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა პირველობა არავის დაუთმო და თასთან ერთად ოლიმპიადის ლიცენზიაც დაიბევა.

ისევე როგორც წინა ოლიმპიადების დროს, სალუქვაძემ თანამემამულეებს შორის ამჯერადაც პირველმა მოიპოვა ოლიმპიური თამაშების ლიცენზია, თანაც მსოფლიო თასის პირველივე ეტაპზე. საკვალიფიკაციო ეტაპზე ქართველმა ტყვიის მსროლელმა 385 ქულა მოაგროვა და ფინალურ ეტაპზე ასპარეზობის უფლება გაინაღდა. როგორც ხშირად ხდება ხოლმე, გამოცდილმა ჩუბინმა გადამწყვეტ სტადიაზე გაცილებით დამაჯერებლად ისროლა და ფინალში მოხვეჭილი 100,5 ქულის წყალობით ჩემპიონობა არავის დაუთმო.

ოლიმპიადის ლიცენზიასთან ერთად, ქართველმა ტყვიის მსროლელმა მსოფლიო თასის სუპერფინალის საგზურიც მოიპოვა. შეგახსენებთ, მსოფლიოს სუპერთასი მას ცხრაჯერ(!) აქვს მოგებული, რაც სარეკორდო მაჩვენებელია. თანაც, ჩვენებური სამ-სამი თასით უსწრებს უახლოეს მდევრებს.

ლონდონის ოლიმპიადა ზედიზედ მეშვიდე(!) ოლიმპიური თამაშები იქნება ნინო სალუქვაძისთვის, რაც ქართველ სპორტსმენებს შორის უნიკალური შედეგია. ქართველ მსროლელს ყველა არსებული ტიტული აქვს მოგებული - არის ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის მრავალგზის ჩემპიონი. 2008 წლის პეკინის ოლიმპიადაზე ნინომ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.