დიიიდი გამარჯვება - კვირის პალიტრა

დიიიდი გამარჯვება

საქართველო 1:0 ხორვატია

"საქართველოში მოსაგებად ჩამოვედით, მაგრამ ვინ იცის, იქნებ მატჩის მსვლელობისას ფრემაც დაგვაკმაყოფილოს", - ეს სიტყვები ხორვატიის ეროვნული ნაკრების თავკაცმა სლავენ ბილიჩმა მატჩამდე თქვა. ჭკვიანი კაცია ბილიჩი და ჭკვიანურადაც უძღვებოდა თავის ნაკრებს, სანამ...

დიახ, რაც უნდა გასაკვირი იყოს, ხორვატიის ნაკრებმა, რომელიც მსოფლიო რეიტინგში მე-9 ადგილზეა და რომელმაც გასული წელი წაუგებლად ჩაამთავრა, წაუგებელი მატჩების სერია სწორედ თბილისში შეწყვიტა. ჯგუფის ლიდერისა და შეხვედრის ფავორიტის სტატუსი სტუმრებმა ყველანაირად შეიფერეს და საქართველოში სამი ქულის წასაღებად ჩამოვიდნენ, თუმცა...

საქართველოს ნაკრებს ვარსკვლავები ნამდვილად არ მოუწყვეტია, ზოგიერთ ეპიზოდში ხორვატები გვჯობდნენ კიდეც, მაგრამ გადავსებულ ტრიბუნებზე მსხდომი თითოეული ქომაგისთვის აშკარა იყო, რომ მოედანზე მყოფი თერთმეტივე ქართველი ისევე თავდაუზოგავად იბრძოდა, როგორც თავის დროზე მათი ამჟამინდელი დამრიგებელი - თემურ ქეცბაია!

წაუგებელ სერიაზე ვთქვით და თუ ხორვატებისთვის ის თბილისში დასრულდა, წელიწადზე მეტია, თემურ ქეცბაიას აღარ განუცდია მარცხის სიმწარე, რომელიც მანამდე "ქრონიკულში" გვქონდა გადასული და თუ არ წავაგებდით, ის უფრო გვიკვირდა.

თამაშის აღწერას აღარ დავიწყებთ, ის ყველამ ნახეთ, აი, გოლი კი... ლევან კობიაშვილისთვის ეს  მე-12 გოლი იყო ეროვნულ გუნდში, თუმცა, თქმა არ უნდა - ეს ბურთი ყველაზე მნიშვნელოვანი იყო კობის კარიერაში! 1:0 და საქართველოს ნაკრების 10-ანმა ათიანში მოარტყა!

ჰოდა, ტრიბუნაზე გადმოფენილ ტრანსპარანტსაც დავესესხებით: "ქართველებსაც შეგვიძლია!"

P.S.დავით მინაშვილის (და მასთან ერთად ბევრი ქართველის) ჩახლეჩილი ხმაც ნამდვილად ღირდა ამ გამარჯვებად!