ტატიშვილი კლაისტერსამდე არ მიუშვეს - კვირის პალიტრა

ტატიშვილი კლაისტერსამდე არ მიუშვეს

საქართველოს პირველმა ჩოგანმა ანა ტატიშვილმა მაიამის პრესტიჟულ ტურნირზე (საპრიზო ფონდი 4,5 მილიონი დოლარი) ასპარეზობა ძირითადი ბადის მეორე რაუნდში დაასრულა, თუმცა მსოფლიო კლასიფიკაციაში 125-ე ადგილზე მყოფ 21 წლის ქართველ ჩოგბურთელს რეიტინგში წინსვლა მაინც გარანტირებული აქვს. "სონი ერიქსონ ოუფენში" ტატიშვილი საკვალიფიკაციო ეტაპიდან ჩაერთო და პირველ რაუნდში მსოფლიოს 108-ე ჩოგანს - ავსტრიელ პატრისია მაირს ორ სეტში (6:4, 6:3) სძლია.

უნდა ითქვას, რომ ყველა ჩოგბურთელი, ვისთანაც ანამ მაიამიში ითამაშა, რეიტინგში მასზე წინ იყო. საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე წრეში ქართველს ესპანელი ნურია ლაგოსტერა ვივესი (122) შეხვდა, რომელიც ანამ ურთულეს ბრძოლაში - 6:3, 4:6, 6:4 დაამარცხა და ძირითად ბადეში თამაშის უფლება მოიპოვა.

ბუნებრივია, ჩვენებურს იქ გაცილებით ძლიერი მოწინააღმდეგეები ელოდნენ, თუმცა, ჩვენდა გასახარად, ტატიშვილმა ბელორუსი ოლგა გოვორცოვას (87) დამარცხებაც მოახერხა და დრამატულ ბრძოლაში, რომელიც თითქმის ორსაათ-ნახევარს გაგრძელდა, 6:3, 5:7, 6:3 გაიმარჯვა.

სამწუხაროდ, ქართველი ჩოგბურთელისთვის ეს ფლორიდაში მოპოვებული ბოლო გამარჯვება აღმოჩნდა - შემდეგ რაუნდში ანას მსოფლიოს 33-ე ჩოგანი მარია ხოსე მარტინეს სანჩესი დაუხვდა და ჩვენებურს საკმაოდ იოლადაც მოუგო - 1:6, 4:6. თუ გავითვალისწინებთ, რომ ესპანელთან გამარჯვების შემთხვევაში, ტატიშვილს პლანეტის ერთ-ერთ უძლიერეს ჩოგბურთელთან, კიმ კლაისტერსთან დაპირისპირება ელოდა, გული დიდად არ უნდა დაგვწყდეს. მით უმეტეს, რომ მაიამიში მოპოვებული სამი გამარჯვების წყალობით ანამ 50 სარეიტინგო ქულა დააგროვა და მსოფლიო რეიტინგში, სავარაუდოდ, 7-8 საფეხურით დაწინაურდება.