მარადON იქნება!
მარადON იქნება!
...რადგან შეუძლებელია ჩაქრეს ვარსკვლავი სახელად - მარადონა!
"ფეხბურთის ღმერთი" წავიდა. 25 ნოემბერს გული გაუჩერდა კაცს, რომელსაც ვერავინ აჩერებდა მოედანზე.

ის იყო ერთ-ერთი (თუ ყველაზე არა!) საუკეთესო, ვისაც ოდესმე უთამაშია ფეხბურთი. მოედანზე ყველაფერი შეეძლო. სამწუხაროდ, მოედანს მიღმაც...
თვითონაც ხომ არაერთხელ უთქვამს: ნარკოტიკები რომ არა, წარმოუდგენელი დონის ფეხბურთელი ვიქნებოდიო! წარმოიდგინეთ?! - მარადონაზე დიდი ფეხბურთელი...

პელე? იქნებ მესი ან რომელიმე სხვა?! თუმცა კითხვა: პელე თუ მარადონა? სულაც არ არის კავშირში ფეხბურთის ორი ლეგენდის
სიკვდილ-სიცოცხლესთან: პელეს წასვლის შემდეგაც მაინც სულ იკითხავენ: პელე თუ მარადონა? "ღმერთის" წასვლის შემდეგ კი "მეფემ" უკვე თქვა, რომ "მოვა დრო, როცა ის და მარადონა ფეხბურთს ზეცაში ითამაშებენ", მანამდე კი "მეფემ" მთავარი კონკურენტი დაკარგა...

დიეგოს ფანი არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ შეუძლებელია ფეხბურთი გიყვარდეს და ფეხბურთელი მარადონა -
არა! შეუძლებელია მშვიდად უყურო იმას, რასაც დიეგო ბურთით აკეთებდა...

არანორმალური იყო - მოედანზეც და მის მიღმაც. ბევრს აღიზიანებდა მისი ქცევებისა თუ დამოკიდებულებების გამო, მაგრამ ეს დამოკიდებულებები იცვლებოდა მაშინვე, როგორც კი დიეგოს ბურთით ნახავდი - მოედანზე, ტელეეკრანზე, შენს მახსოვრობაში...
"წავიდა და დატოვა სიცარიელე, რომელიც არასდროს შეივსება", - თქვა კრიშტიანუ რონალდუმ.


არგენტინაში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა, ნეაპოლში კი სიტყვებსაც ვერ პოულობენ, ნეაპოლში, სადაც მარადონამ შვიდი წელი გაატარა და "ნაპოლის" მარტომ მოაგებინა ორი "სკუდეტო", იტალიის თასი და სუპერთასი, უეფას თასი... არგენტინაში დიეგოს აღმერთებენ (ზოგიერთი ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობითაც), მაგრამ სამხრეთ იტალიის ქალაქში მარადონა არანაკლებ (თუ მეტად არა!) უყვართ.

შეგვიძლია ვილაპარაკოთ დიეგოს სტატისტიკაზე ან ჯილდოებზე არგენტინულ კლუბებში, "ბარსელონაში", "სევილიაში", იმავე "ნაპოლიში" ან არგენტინის ნაკრებში, ჩამოვთვალოთ ყველა მედალი ან ტიტული, მაგრამ საერთო ჯამში, სტატისტიკა არაფერ შუაშია კაცთან, რომელსაც დიეგო არმანდო მარადონა ერქვა. სტატისტიკა ფენომენური აქვს კრიშტიანუ რონალდუს, მაგრამ ოდესმე გსმენიათ, ვინმეს დიეგო და კრიშტიანუ შეედარებინოს?!
იმიტომ, რომ სპექტაკლები, რომლებსაც მარადონა მოედანზე დგამდა, ემოციით იზომება და არა ციფრებით. იმიტომაც აღმერთებენ დიეგოს დღემდე - მოედანს მიღმა ჩადენილი უამრავი სისულელისა თუ არასწორი საქციელის მიუხედავად.

მარადონას პირადი მწვრთნელი ფერნანდო სინიორი ამბობდა, რომ ერთდროულად იცნობდა ორ პიროვნებას - დიეგოს და მარადონას: "დიეგო კარგი, უბრალო ბიჭი იყო. მარადონა კი არ მიყვარდა. ის დღითი დღე შორდებოდა დიეგოს"...

სხვა მხრივაც "გაორებული" იყო: ორი საყურე, ორი საათი, ორი მხარე - ერთი მხრივ, ფენომენური მონაცემების ლეგენდარული ფეხბურთელი და უნებისყოფო კაცი მოედანს მიღმა. არასწორი ცხოვრების ნათელი მაგალითი ღვთაებრივი ნიჭის მქონე კაცისგან.
მარადონა... წავიდა, მაგრამ მარად ონ იქნება (ონ - ჩართული, ანთებული - ინგლ.) რადგან შეუძლებელია გამოთიშო დიეგო მარადონა თამაშიდან ან შენი მეხსიერებიდან.

მარად დონე იყო. მოედანზე. თორემ მის მიღმა... მოედანს მიღმა მარადონა თითქმის არავის უყვარდა. მათ გარდა, ვისაც ამა თუ იმ მიზეზის გამო სწორედ ასეთი დიეგო სჭირდებოდა: გამოთიშული ცხოვრებისგან, ფეხბურთისგან, ღმერთისგან.

არადა, თავადაც ხომ "ღმერთი" იყო - "ფეხბურთის ღმერთი" ადამიანური სისუსტეებით.

ყველაზე კარგად თვითონ იცოდა, რომ ნარკოტიკმა და ალკოჰოლმა ცხოვრება დაუნგრია. "ნარკოტიკის გასინჯვა ჩემს ცხოვრებაში ყველაზე ცუდი გადაწყვეტილება იყო, - აღიარებდა დიეგო, - როგორც კი ნარკოტიკის მიღებას იწყებ, კონტროლს კარგავ. გგონია, ყველაფერი კარგად იქნება, სინამდვილეში კი მდგომარეობა მხოლოდ უარესისკენ მიდის".

ხანგრძლივი მცდელობების შემდეგ, ბოლოს მაინც აჯობა კოკაინზე დამოკიდებულებას, ალკოჰოლის მოთხოვნილებას - ვერა. სწორედ ალკოჰოლზე დამოკიდებულების შედეგია ჰემატომა, რომელმაც გამოიწვია კიდეც მარადონას სიკვდილი.
სანამ ფეხბურთი არსებობს, იქნება კითხვაც - მარადონა თუ...

"ფსიქიატრიულ კლინიკაში, სადაც ვმკურნალობდი (თავადაც მიხვდებით, რაზე დამოკიდებულებას. - რ.შ.), ვიღაც "ნაპოლეონი" იყო, სხვა - "სან-მარტინი" (არგენტინის ეროვნული გმირი), მე კი არავინ მიჯერებდა, რომ მარადონა ვარ, - იცინოდა ლეგენდარული არგენტინელი, - ასე რომ, აზრიც არა აქვს ჩემი და პელეს შედარებას - ყველა იტყვის, რომ მე უკეთესი ფეხბურთელი ვარ!".

სხვათა შორის, თავად დიეგოს საყვარელი ფეხბურთელი პელეს თანამემამულე, ბრაზილიელი ნახევარმცველი რიველინო გახლდათ: "მისი დრიბლინგი, ზუსტი პასები და აუღებელი დარტყმები მაგალითი იყო ჩემთვის", - არაერთხელ უთქვამს მარადონას, თავისზე უკეთეს მოთამაშედ კი აღიარებდა ფეხბურთელს, რომელსაც თითქმის არავინ იცნობდა! ლაპარაკია არგენტინელ ტომას კარლოვიჩზე - უდიდესი ნიჭის მქონე ამ მოთამაშეს დიდება არ ხიბლავდა და უამრავი მიმზიდველი წინადადების მიუხედავად, კარიერის უმეტესი ნაწილი არგენტინის ჩემპიონატის დაბალ დივიზიონებში გაატარა. "რას ნიშნავს იყო მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშე?" - ჰკითხეს მარადონას 1993 წელს. "მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელმა უკვე ითამაშა როსარიოში. მას ტომას კარლოვიჩი ერქვა!" - უპასუხა დიეგომ.

2019 წლის თებერვალში დიეგო მარადონას იმჟამინდელი კლუბი "ხიმნასია ლა-პლატა" სათამაშოდ როსარიოში ჩავიდა. დიეგოს არ დავიწყებია მთავარი - კარლოვიჩთან შეხვედრა. მათ ცოტა, მაგრამ გულთბილად ილაპარაკეს. მარადონამ ტომასს ავტოგრაფიანი მაისური უსახსოვრა და უთხრა: "ტრინჩე, შენ ჩემზე უკეთესი იყავი!" კარლოვიჩმა ცრემლები ვერ შეიკავა: "დიეგო, შენ უდიდესი ადამიანი იყავი ჩემს ცხოვრებაში, ახლა შემიძლია მშვიდად წავიდე ამ ქვეყნიდან".
ტომას კარლოვიჩი ერთი წლის შემდეგ, 2020 წლის მაისში გარდაიცვალა, ექვსი თვის შემდეგ კი "ფეხბურთის ღმერთიც" წავიდა.
30 ოქტომბერს 60 წლის გახდა, თითქმის ერთ თვეში - უკვდავი!

რადგან ასეთი ფეხბურთელები არასდროს კვდებიან: მოედანს მიღმა საქციელისა თუ ხორციელი სიკვდილის მიუხედავად!

ალბათ, მასზე უკეთესებიც გამოჩნდებიან, მაგრამ ფეხბურთი აღარასოდეს იქნება ისეთი, როგორიც ის დიეგო მარადონასთან ერთად იყო!

დიეგო წავიდა, მაგრამ სიკვდილის გამო ხომ არ გადავიყვარებთ კაცს, რომელმაც ფეხბურთი შეგვაყვარა?!
ფეხბურთის რუკაზე მარადონა მარად ონ იქნება!
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები