ყატარი? არ არი...
ყატარი? არ არი...
2022 წლის მუნდიალი ევროპაზე ბევრად შორს

ევროპის ჩემპიონატის მატარებელმა უკვე ჩაიარა. ჩაიარა გვერდით, ძალიან ახლოს, მაგრამ... უჩვენოდ. "ერთა ლიგის" წლევანდელი გათამაშებაც ცუდად ჩავამთავრეთ. გასულ კვირას კი მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის წილისყრა გაიმართა და საქმეს ისე ეტყობა, დიდ ტურნირებზე თამაშის პერსპექტივა ჯერ კიდევ ძალიან ბუნდოვანია. ვნახოთ. იმედია, ვცდებით, მაგრამ დღევანდელი გადასახედისა და მეტოქეების გათვალისწინებით ასეა.

საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს მწვრთნელი რომ ჰყავდეს, გასულ კვირას გამართული წილისყრის შემდეგ იტყოდა, რომ... თუმცა
ბევრს ვერაფერს ვერც ის იტყოდა სტანდარტული ფრაზის გარდა, რომ "მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპს მომავალი შესარჩევი ციკლისთვის მოსამზადებლად გამოიყენებს"...

მსგავსი სიტყვები ბევრჯერ მოგვისმენია. შესარჩევი ეტაპის დაწყებიდან 3-4 მატჩის შემდეგ, ხანდახან კი უფრო ადრეც, როცა ჯგუფიდან გასვლის პრაქტიკულ (ხშირად - თეორიულსაც) შანსს ვკარგავდით და მყისვე
გეგმებისა და გუნდის (დ)აწყობაზე გადავერთვებოდით ხოლმე.

ამჯერად საქმე უფრო რთულად არის. საკვალიფიკაციო ეტაპი ჯერ არ დაწყებულა, მაგრამ როცა მეტოქეებად ესპანეთი, შვედეთი, საბერძნეთი და კოსოვო გვყავს და პირველ ადგილზე გასული ნაკრების გარდა, მუნდიალზე მოხვედრის შანსს მხოლოდ საუკეთესო მეორეადგილოსანი იღებს, "მომავალზე" ლაპარაკის გარდა, სხვა რა დაგვრჩენია?!

ცხადია, შეიძლებოდა გაცილებით სუსტი მეტოქეები შეგვხვედროდა. ამავე გვერდზე დანარჩენი ჯგუფების შემადგენლობებსაც ვაქვეყნებთ და თავადაც ხედავთ, რომ არის რამდენიმე ქვეჯგუფი, სადაც მეორე ადგილისთვის ბრძოლის ბევრად მეტი შანსი გვექნებოდა, მაგრამ... უიღბლობაზე ლაპარაკი გუნდისგან (და მისი ქომაგებისგან), რომელსაც უეფამ და საფეხბურთო ფორტუნამ ლამის ხონჩით მიართვა ევროპის ჩემპიონატის საგზური, ნამდვილად უმადურობა იქნება! ყველანაირი შანსი და პირობა გვქონდა იმისთვის, რომ ცარიელი ტრიბუნების და წამყვანი მოთამაშეების ბოლო წუთს გამოკლების მიუხედავად, გადამწყვეტი თამაში მაინც მოგვეგო და ჩვენც გვენახა ევროპის ასე ნანატრი ჩემპიონატის გემო...

უნდა მოგვეგო და კონტინენტის პირველობის დაწყებამდე მუნდიალის შესარჩევშიც გაცილებით ლაღად და თავდაჯერებით ვითამაშებდით! ახლა კი... ახლა ისღა დაგვრჩენია, დაველოდოთ, ფიფასაც როდის "გადაესხმება უეფას წყალი" და როდის მოიგონებს უეფას "ერთა ლიგის" მსგავს ტურნირს ჩვენისთანა მაჩანჩალებისთვის...

დღეს, როცა საქართველოს ეროვნულ ნაკრებს არც მწვრთნელი ჰყავს და დიდად არც წილისყრაში გაუმართლა, ისღა დაგვრჩენია, იმაზე ვილაპარაკოთ, რაც უკვე ვიცით - მომავალ მეტოქეებსა და კალენდარზე:

მეტოქეები

ორი ნაცნობი, ერთი ახალი და ერთიც თითქმის ნაცნობი მოწინააღმდეგე - ასე შეგვიძლია დავახასიათოთ საქართველოს ნაკრების მომავალი მეტოქეები. დავიწყოთ ბოლოდან:
"თითქმის ნაცნობს" ვუწოდებთ კოსოვოს ნაკრებს, რომელიც ჯერ კიდევ გასული წლის ბოლოს გახდა საქართველოს ნაკრების პოტენციური ბარიერი ევროპის ჩემპიონატისკენ მიმავალ გზაზე - ერთა ლიგის პლეი-ოფის მეორე ნახევარფინალში სწორედ კოსოვომ და ჩრდილოეთ მაკედონიამ ითამაშეს და ჩვენდა სამწუხაროდ, გამარჯვება გორან პანდევის გუნდს დარჩა...

კოსოვოს ნაკრები შემტევი გუნდია, რომელმაც ბოლო წლების განმავლობაში (მას შემდეგ, რაც ფიფა-უეფასგან ოფიციალური შეხვედრების გამართვის უფლება მიიღო) საერთაშორისო გამოცდილების დაგროვებაც მოასწრო. გუნდის ლიდერი და საუკეთესო ბომბარდირია 26 წლის თავდამსხმელი ვედათ მურიქი, რომელიც გასულ სეზონში "ფენერბაჰჩეს" ღირსებას იცავდა (15 გოლი 32 მატჩში!), რამდენიმე თვის წინ კი რომის "ლაციოში" გადაბარგდა! არანაკლებ გამოცდილია ვალონ ბერიშა - 27 წლის ნახევარმცველს გერმანიის და ავსტრიის ბუნდესლიგაში, ასევე სერია "ა"-ში უთამაშია, ამჟამად კი ფრანგული "რეიმსის" ფეხბურთელია. მეხუთე კალათაში განთესილთაგან კოსოვოს ნაკრები ერთ-ერთი ყველაზე ძლიერია და... მაინცდამაინც ჩვენ შეგვხვდა!
საქართველოს ნაკრები პირველად ითამაშებს შვედეთის წინააღმდეგაც. რა შეგვიძლია ვთქვათ სკანდინავიელებზე? ფიფას რეიტინგის მე-20 საფეხურზე მყოფი ეს ნაკრები აღარ გამოირჩევა გამოკვეთილი ინდივიდუალისტებითა თუ შემტევი ფეხბურთით, თუმცა კარგი მწვრთნელის, "შეკრული" შემადგენლობისა და რაც მთავარია, გუნდური თამაშის წყალობით, ყველასთვის ანგარიშგასაწევი მეტოქეა.

ნამდვილად გაგვიმართლა, რომ შვედეთის ნაკრებში აღარ თამაშობს ზლატან იბრაჰიმოვიჩი, თუმცა "მილანის" 39 წლის(!) ფორვარდი ისეთ ფორმაშია (მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 6 მატჩში 10 გოლი გაიტანა!) და ისეთ განცხადებებს აკეთებს, შესაძლოა ევროპის ჩემპიონატისთვის მართლაც დაბრუნდეს ეროვნულ გუნდში. თუ ასე მოხდა, შესაძლოა "იბრა" მოედანზე 25 მარტსაც (შვედეთში სწორედ ამ დღეს ვითამაშებთ) კი ვნახოთ... ისე კი გოლების გატანა შვედეთის ნაკრების სხვა ფეხბურთელებსაც შეუძლიათ. მაგალითად - "რეალ სოსიედადის" შემტევ ალექსანდერ ისაკს, "კრასნოდარის" ვეტერან ფორვარდ მარკუს ბერგს, ემილ ფორსბერგს ("ლაიფციგი") ან "პარმიდან" ტურინის "იუვენტუსში" გადაბარგებულ 20 წლის დეიან კულუსევსკის. აღსანიშნავია, რომ საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ და ბოლო მატჩს საქართველოს ნაკრები სწორედ შვედეთის წინააღმდეგ გამართავს - 25 მარტს და 14 ნოემბერს.

მომავალ მეტოქეთაგან ყველაზე უკეთ (მაგრამ - არცთუ სასიამოვნოდ) საბერძნეთის ნაკრებს ვიცნობთ: ბერძნებს შვიდჯერ ვეთამაშეთ და... ერთხელაც ვერ დავამარცხეთ! საბერძნეთი არასდროს ყოფილა ევროპული ფეხბურთის გრანდი, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება: 1 ფრე და 6 წაგება - სწორედ ასეთია ქართულ-ბერძნული დაპირისპირებების ისტორია. შესაძლოა სწორედ ახლა, როცა ბერძნულ ფეხბურთს ნამდვილად არ აქვს აღმავლობის პერიოდი, მოვახერხოთ სავალალო სტატისტიკის შელამაზება, მაგრამ ჰოლანდიელი ჯონ ვან"ტ სხიპის შეგირდებთან იოლი გასეირნება არავის ელის, ჩვენ, მით უმეტეს.

შვედეთის ნაკრების მსგავსად, განსაკუთრებული ინდივიდუალიზმით არც საბერძნეთის ნაკრების მოთამაშეები გამოირჩევიან, თუმცა მათ შორის მაინც შეიძლება "კოპენჰაგენის" და "ოლიმპიაკოსის" შემტევი ნახევარმცველების, ხოსე ზეკას და კონსტანტინოს ფორტუნისის და "ალანიასპორის" ფორვარდ ანასტასიოს ბაკასეტასის გამორჩევა. ბოლოს, ბერძნებს 2011 წლის ოქტომბერში, თბილისში ვეთამაშეთ და ვაკის სტადიონზე 1:2 დავმარცხდით. აღსანიშნავია, რომ წინა მატჩების მსგავსად ანგარიში იმ შეხვედრაშიც ქართველებმა გახსნეს (თარგამაძე, მე-19 წ.), თუმცა საბოლოოდ ქულაც ვერ მოიპოვეს. საერთოდაც, ბერძნების კარში გატანილი ხუთივე გოლი ასეთი იყო - ანგარიშს ქართველები ხსნიდნენ, გამარჯვება კი მაინც ბერძნებს რჩებოდათ. ეს ტრადიცია აუცილებლად უნდა შევცვალოთ!

"ტკბილი ლუკმა" და ჯგუფის მთავარი ფავორიტი ბოლოსთვის მოვიტოვეთ: ესპანეთის ნაკრები არა მარტო რომელიმე ქვეჯგუფის ან ეტაპის, ყველაფრის ფავორიტია - სადაც უნდა თამაშობდეს! "ფურია როხას" სამჯერ ვეთამაშეთ, ორჯერ დავმარცხდით (თბილისში - 0:1, 2012 წლის სექტემბერში, ალბასეტეში კი 0:2, 2013 წლის ოქტომბერში), 2016 წლის 7 ივნისს კი საქართველოს ნაკრების ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი გამარჯვება ვნახეთ: ესპანეთი-საქართველო - 0:1. მადრიდში, ევროპის ჩემპიონატამდე რამდენიმე დღით ადრე გამართული ის მატჩი ამხანაგური იყო, ესპანელებს უდიდესი უპირატესობა ჰქონდათ, მაგრამ თორნიკე ოქრიაშვილის ერთადერთი გოლით გამარჯვება საქართველოს ნაკრებს დარჩა. "ტკბილ ლუკმაში" სწორედ ამ ისტორიულ მოგებას ვგულისხმობდი...

რაც შეეხება ესპანეთის ამჟამინდელ ნაკრებს, ისევე, როგორც ბოლო წლების განმავლობაში, პირინეელებს უძლიერესი გუნდი ჰყავთ. ცალკეული მოთამაშეების ჩამოთვლას აზრი არც აქვს, ისე კი კაშკაშა ვარსკვლავების მიუხედავად, "ფურია როხას" კოზირი მაინც გუნდური თამაშია, რომელსაც 28 მარტს თბილისში ვნახავთ. იმედია, ამჯერად მაინც სავსე ტრიბუნებით.


უკვე ცნობილია ჩვენი ჯგუფის კალენდარიც. როგორც უკვე აღვნიშნეთ, "ყატარი-2022"-ის საკვალიფიკაციო ეტაპს შვედებთან თამაშით ვიწყებთ და ვასრულებთ. მატჩების სრული კალენდარი კი ასე გამოიყურება:

I ტური, 25 მარტი
შვედეთი - საქართველო
ესპანეთი - საბერძნეთი
II ტური, 28 მარტი
საქართველო - ესპანეთი
კოსოვო - შვედეთი
III ტური, 31 მარტი
საბერძნეთი - საქართველო
ესპანეთი - კოსოვო
IV ტური, 2 სექტემბერი
საქართველო - კოსოვო
შვედეთი - ესპანეთი
V ტური, 5 სექტემბერი
ესპანეთი - საქართველო
კოსოვო - საბერძნეთი
VI ტური, 8 სექტემბერი
საბერძნეთი - შვედეთი
კოსოვო - ესპანეთი
VII ტური, 9 ოქტომბერი
საქართველო - საბერძნეთი
შვედეთი - კოსოვო
VIII ტური, 12 ოქტომბერი
კოსოვო - საქართველო
შვედეთი - საბერძნეთი
IX ტური, 11 ნოემბერი
საქართველო - შვედეთი
საბერძნეთი - ესპანეთი
X ტური, 14 ნოემბერი
საბერძნეთი - კოსოვო
ესპანეთი - შვედეთი
გივი
22 დეკემბერი 2020 23:53
გული არ გავიტეხოთ, პრეზიდენტი და ფედერაცია გვყავს ისეთი, პრობლემები არ გვექნება

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები