მსოფლიო სპორტი-2020 - კვირის პალიტრა

მსოფლიო სპორტი-2020

სხვა ყველაფერთან ერთად, ახალი კორონავირუსით გამოწვეულმა პანდემიამ მსოფლიო სპორტშიც ბევრი რამ შეცვალა. გაუქმდა ან გადაიდო უამრავი მნიშვნელოვანი ტურნირი, მათ შორის ევროპის ჩემპიონატი ფეხბურთში და ოთხწლეულის მთავარი სპორტული ფორუმი - ტოკიოს ოლიმპიური თამაშები! ქართული სპორტის მთავარ ამბებს მომდევნო კვირას - "წლის პალიტრაში" გავიხსენებთ, ამჯერად კი თვალი გადავავლოთ ყველა იმ მნიშვნელოვან მოვლენას, რომლებიც 2020 წელს მსოფლიო სპორტში მოხდა:

მარტის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ სოკ-ის, იაპონიის მთავრობისა და "ტოკიო-2020"-ის საორგანიზაციო კომიტეტის შეთანხმებით, კორონავირუსის პანდემიის გამო 2020 წლის ზაფხულის ოლიმპიური და პარაოლიმპიური თამაშები 2021 წლამდე გადაიდო. "თამაშები გაიმართება არა უგვიანეს 2021 წლის ზაფხულისა", - ითქვა ოფიციალურ განცხადებაში. თამაშების დასახელება უცვლელი დარჩა - "ტოკიო-2020".

30-წლიანი პაუზის შემდეგ "ლივერპული" ისევ გახდა პრემიერლიგის ჩემპიონი. მორიგი ტიტულის მოპოვების გარდა, "წითლებმა" რამდენიმე რეკორდიც დაამყარეს, მათ შორის ზედიზედ მოპოვებული საშინაო გამარჯვებების და ქულათა ყველაზე დიდი სხვაობის მხრივ. სეზონის განმავლობაში მოპოვებული 99 ქულა მეორე მაჩვენებელია (ორი წლის წინ, "სიტიმ" 100 ქულა მოაგროვა!) პრემიერლიგის ისტორიაში.

ნოვაკ (ნოლე) ჯოკოვიჩისთვის რეკორდის გარეშე არც 2020 წელი ყოფილა - სერბმა კარიერაში მერვედ მოიგო ავსტრალიის ღია პირველობა და თავისივე რეკორდი გააუმჯობესა! ნოლემ მსოფლიოს პირველი ჩოგნის წოდებაც შეინარჩუნა და ამ სტატუსით წელი მეექვსედ დაასრულა, რითიც პიტ სამპრასის რეკორდი გაიმეორა. გარდა ამისა, ჯოკოვიჩი გახდა პირველი და ერთადერთი ჩოგბურთელი, რომელმაც Golden Masters-ი მოიგო.

29:0 - ასეთი მაჩვენებლით დაასრულა კარიერა ჰაბიბ ნურმაგომედოვმა. UFC-ის ისტორიაში ერთ-ერთმა ყველაზე გამორჩეულმა მებრძოლმა ოქტაგონიდან წასვლის შესახებ განცხადება ჯასტინ გეიჯის დამარცხების შემდეგ გააკეთა.

15-წლიანი პაუზის შემდეგ რინგს დაუბრუნდა "პლანეტის ყველაზე ცუდი ადამიანი" - 54 წლის მაიკ ტაისონმა საჩვენებელი შეხვედრა გამართა როი ჯონს-უმცროსთან. რვარაუნდიანი ბრძოლა ფრედ დასრულდა, "რკინის მაიკმა" კი 10 მილიონი დოლარი მიიღო.

Mamba Out - "შავი მამბას" დაკარგვა 2020-ის კიდევ ერთი შავი დღეა. კალათბურთმა ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავი დაკარგა. "მამბა" - კობი ბრაიანტი. "ლოს-ანჯელეს ლეიკერსის" ლეგენდარული მოთამაშე წლის დასაწყისში ავიაკატასტროფაში დაიღუპა თავის 13 წლის ქალიშვილთან ერთად. კალათბურთმა დაკარგა მოთამაშე, რომელზეც თვით მაიკლ ჯორდანმა თქვა, მხოლოდ ბრაიანტი იმსახურებს ჩემთან შედარებასო!

ლუის ჰამილტონმა ლეგენდარული მიხაელ შუმახერის რეკორდი გააუმჯობესა - ოქტომბერში ბრიტანელმა პილოტმა 92-ე გრან-პრი მოიგო და "შუმის" (91 გამარჯვება) გადაასწრო. საბოლოოდ, ჰამილტონმა სეზონიც პირველ ადგილზე დაასრულა და შუმახერის მსგავსად, მეშვიდედ გახდა მსოფლიო ჩემპიონი. ახლა მხოლოდ დროის საკითხია, ტიტულების რაოდენობითაც როდის ჩამოიტოვებს 35 წლის ბრიტანელი მრბოლელი ლეგენდარულ გერმანელ პილოტს.

კალათბურთის მსგავსად, 2020 წელი აუნაზღაურებელი დანაკლისით დასრულდა ფეხბურთისთვისაც: 60 წლის ასაკში გარდაიცვალა დიეგო არმანდო მარადონა - ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი (ბევრის აზრით - ყველაზე!) საუკეთესო ფეხბურთელი. ამაზე მარადონას მეტსახელიც მეტყველებს - "ფეხბურთის ღმერთი"!

გადაიდო ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატიც. "ევრო-2020" 12 ივნისიდან 12 ივლისის ჩათვლით ევროპის 12 ქალაქში უნდა გამართულიყო, თუმცა პანდემიამ ერთი წლით - 2021 წლის 11 ივნისამდე გადაავადა.

მესის და "ბარსელონის" თანამშრომლობის დასასრული - 2020 წელი ამ ერთი შეხედვით დაუჯერებელ სცენართანაც ძალიან ახლოს იყო. მიუნხენის "ბაიერნთან" 2-8 განადგურების შემდეგ მესიმ კატალონიიდან აბარგებაზე დაიწყო ლაპარაკი და მილიონობით ქომაგს თავზარი დასცა. თუმცა ჯერჯერობით ლეო "ბარსაში" რჩება.