"შესაძლოა, გახსნის ცერემონიალს ვერ დავესწრო" - კვირის პალიტრა

"შესაძლოა, გახსნის ცერემონიალს ვერ დავესწრო"

ნინო სალუქვაძემ ტრადიცია არ დაარღვია და ქართველთაგან პირველმა მოიპოვა 2012 წლის ოლიმპიური თამაშების საგზური. შესაძლოა, ბევრმა არც იცის, რომ მას შემდეგ, რაც საქართველო ოლიმპიადებზე დამოუკიდებელი ქვეყნის სახელით გამოდის, პირველ საგზურს ყოველთვის სალუქვაძე იბევებს ხოლმე.

რამდენიმე დღის წინ სიდნეიში ჩატარებულ მსოფლიო თასზე ქართველმა ტყვიის მსროლელმა ჩემპიონობასთან ერთად "ლონდონი-2012"-ის საგზურსაც "მოარტყა" და ამიერიდან თავისი მეშვიდე(!) ოლიმპიადისთვის მშვიდად მოემზადება. შეგახსენებთ, რომ ნინო სალუქვაძეს ოლიმპიადაზე სამივე სინჯის მედალი აქვს მოგებული, არის მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი და მსოფლიო სუპერთასის ცხრაგზის მფლობელი!

- ელოდით, რომ ოლიმპიადის საგზურს პირველივე ტურნირზე მოიპოვებდით?

- წლის განმავლობაში მსოფლიო თასი ოთხჯერ ტარდება და რომელიმე ტურნირზე აუცილებლად მოვიპოვებდი ლიცენზიას. თუმცა, პირველივე ტურნირზე თუ შევძლებდი ამას და თანაც, მსოფლიო თასსაც მოვიგებდი, ნამდვილად არ მეგონა. ჯერ ერთი, ძალიან შორი გზა გავიარეთ, თანაც, საქართველოში ღია სასროლეთი არა გვაქვს და თვალს შეჩვევა სჭირდება. და რაც მთავარია, სიდნეიში ყველა უძლიერესმა მსროლელმა მოიყარა თავი და თითოეული მათგანი ლიცენზიისთვის იყო ჩამოსული. მსოფლიო თასს სიდნეიმ შარშანაც უმასპინძლა, მაგრამ რადგან სალიცენზიო ტურნირი არ იყო, წლევანდელის მონაწილეების ნახევარიც კი არ ჩასულა.

- თუმცა, ჩვენთვის ეს უკვე ნაკლებად მნიშვნელოვანია და შეგიძლიათ ოლიმპიადისთვის მშვიდად მოემზადოთ.

- დიახ, მაგრამ ჩემ გარდა, არიან სხვა მსროლელებიც, რომლებიც ლიცენზიებისთვის იბრძოლებენ. საბედნიეროდ, პროგრესი აშკარად ეტყობათ და თუ მეორე ლიცენზიის მოპოვებაც შევძელით, ეს ნამდვილი სენსაცია იქნება ისეთ პირობებში, როგორშიც ჩვენ ვვარჯიშობთ. სხვა რომ აღარაფერი ვთქვათ, 50-მეტრიანი სასროლეთიც არა გვაქვს, ბიჭები 40-მეტრიან ტირში ვარჯიშობენ და ტურნირებზე მსოფლიოსა და ევროპის პრიზიორებს ამარცხებენ.

- აღარ არის დრო, ღია სასროლეთი საქართველოსაც ეღირსოს?

- ეგ კითხვა ქვეყნის პრეზიდენტს, ოლიმპიური კომიტეტის, სპორტის სამინისტროსა და სროლის სახეობათა ფედერაციის ხელმძღვანელებს უნდა დაუსვათ. ჰკითხეთ ერთი, სპორტის ამ სახეობას ოდესმე მიაქცევენ ყურადღებას?

- მომავალ წელს მეშვიდედ იასპარეზებთ ოლიმპიადაზე. როგორც ვიცი, თანამემამულეებს შორის პირველი სულ თქვენ იბევებთ ხოლმე ლიცენზიას.

- მართალია. 1996 წლის ოლიმპიადიდან მოყოლებული, პირველი ლიცენზია სულ ჩემია ხოლმე. ამას სატრაბახოდ არ ვამბობ, - წინა წლებში ლიცენზიების გათამაშება ოლიმპიადის დამთავრებისთანავე იწყებოდა, ზოგიერთ სახეობაში კი - შედარებით გვიან. თუმცა, სამწლიანი შესაძლებლობის მიუხედავად, მე მაინც პირველივე წელს ვიღებდი ხოლმე ლიცენზიას.

- უკვე გადაწყვეტილია, რომ ლონდონის ოლიმპიადაზე ქართული დელეგაციის მედროშე სწორედ თქვენ იქნებით...

- რა თქმა უნდა, საკუთარი ქვეყნის დროშის ტარება ძალიან საამაყო და საპასუხისმგებლოა, თუმცა, შეიძლება, გახსნის ცერემონიალს ვერც დავესწრო. გააჩნია, როდის იქნება დანიშნული ჩემი შეჯიბრება. წინა ექვსი ოლიმპიადიდან მხოლოდ ორჯერ მაქვს გახსნის ცერემონიალში მონაწილეობა მიღებული. თუ ჩემი გამოსვლა გახსნის მეორე დღეს იქნება დანიშნული, ალბათ, ვერც ლონდონში მოვახერხებ მედროშეობას.