ორმაგად სასარგებლო ზაზა - კვირის პალიტრა

ორმაგად სასარგებლო ზაზა

როდესაც "ატლანტა ჰოუქსის" მწვრთნელი ენდობა, საქართველოს ნაკრების ცენტრი ზაზა ფაჩულია თანაგუნდელთა შორის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულია ხოლმე.

ასე იყო ამჯერადაც - "ატლანტამ", რომელმაც უკვე ოფიციალურად დაიბევა ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ფლეი-ოფის საგზური, "ბოსტონს" 88:83 მოუგო, ფაჩულიამ კი 15 ქულა და 10 მოხსნა მოაგროვა და ბოლო ორი კვირის განმავლობაში მეორედ შეასრულა ორმაგი დუბლი.

თუმცა, თუ "დენვერთან" 17 მარტის შეხვედრაში საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ორმაგი დუბლი (19 ქულა, 10 მოხსნა. - ავტ.) 32,5 წუთში შეასრულა, ამჯერად მოედანზე 10 წუთით ნაკლები გაატარა. განსაკუთრებით შედეგიანი ზაზა მატჩის ბოლო პერიოდში იყო - 10 ქულასა და 6 მოხსნას ფაჩულიამ სწორედ დასკვნით წუთებზე მოუყარა თავი.