ანჟი-ოტაჟი გატუზოს გამო - კვირის პალიტრა

ანჟი-ოტაჟი გატუზოს გამო

"მილანის" 33 წლის ნახევარმცველის ჯენარო გატუზოს გამო ატეხილი აჟიოტაჟი ისევ განახლდა. რუსული პრესა ირწმუნება, რომ 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონი მიმდინარე წლის აგვისტოში მახაჩყალის "ანჟის" ფეხბურთელი გახდება. არც ტრანსფერის ფასს და არც სავარაუდო კონტრაქტის დეტალებს არ ახმაურებენ.

რუსები ამტკიცებენ, შეთანხმება უკვე მიღწეულია და ზაფხულის მიწურულს გატუზო რობერტო კარლოსის თანაგუნდელი გახდებაო. შეგახსენებთ, რომ 2002 წლის მსოფლიო ჩემპიონი, ბრაზილიის ნაკრების მცველი რობერტო კარლოსი დაღესტნურ კლუბში მიმდინარე სეზონის წინ ჩაირიცხა. რაც შეეხება გატუზოს, "მილანთან" კონტრაქტი მას 2012 წლის ივნისში უმთავრდება და, ბუნებრივია, იტალიელებს მისი მანამდე გაყიდვა ურჩევნიათ.

რამდენიმე კვირის წინ "პიტბულმა" (ჯენაროს ერთ-ერთი მეტსახელია. - ავტ.) ნერვები ვერ მოთოკა და "ტოტენჰემის" მწვრთნელის თანაშემწეს ყელში სწვდა, რისთვისაც ოთხმატჩიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა.