2020 წლის ქართული სპორტი - კვირის პალიტრა

2020 წლის ქართული სპორტი

ირლანდიასთან მატჩში გიორგი კვესელაძის გატანილი ლელო ტურნირის გულშემატკივრებმა "შემოდგომის ერთა თასის" საუკეთესო ლელოდ დაასახელეს!

გასულმა პანდემიურმა წელმა დაღი ქართულ სპორტსაც დაასვა. ყველაზე მტკივნეულად, ალბათ, საფეხბურთო ნაკრებსა და მის ქომაგებს. ცხადია, ჩრდილოეთ მაკედონიასთან წაგება მხოლოდ კორონავირუსის და ცარიელი ტრიბუნების ბრალი არ ყოფილა, მაგრამ ამაზე ცალკე ქვეთავში ვილაპარაკოთ. ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის დაკარგული შანსის გარდა, დღევანდელ წერილში რამდენიმე სიტყვით გავიხსენოთ სხვა მნიშვნელოვანი მოვლენებიც, რომლებიც 2020 წელს ვნახეთ ქართულ სპორტში:

"რვა ერი"

მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა, როგორც იქნა, შეამტვრია ევროპის მთავარი სარაგბო ტურნირის ცხრა, უფრო სწორად, ექვსკლიტული და ერთჯერადად მოიპოვა "ექვსი ერის" პრესტიჟულ ტურნირში მონაწილეობის უფლება. "შემოდგომის ერთა თასი" - ასე ერქვა ტურნირს, სადაც, "ექვსი ერის" ტრადიციულ მონაწილეებს საქართველო და ფიჯი დაემატნენ. როგორც მოსალოდნელი იყო, ბორჯღალოსნებმა ქვეჯგუფის სამივე მატჩი წააგეს: ტურნირის მომავალ ჩემპიონ ინგლისთან (0:40), უელსსა (0:1 8) და ირლანდიასთან (10:23). სამწუხაროდ, დავმარცხდით მე-7-8 ადგილებისთვის მატჩშიც - ჩვენსავით დებიუტანტ ფიჯისთან (24:38). ოთხი მარცხის მიუხედავად, ასეთი დონის ტურნირში მიწვევა სასიამოვნოც არის და სასარგებლოც, განსაკუთრებით, იმის დასანახავად, სად ვართ დღეს და რაზე გვაქვს სამუშაო.

P.S ირლანდიასთან მატჩში გიორგი კვესელაძის გატანილი ლელო ტურნირის გულშემატკივრებმა "შემოდგომის ერთა თასის" საუკეთესო ლელოდ დაასახელეს!

გა(მო)ცოცხლებული ძიუდო

პანდემიით გამოწვეული ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ტატამს შედეგიანად დაუბრუნდნენ ქართველი ძიუდოისტები: ნოემბრის დასაწყისში ახალგაზრდულმა ნაკრებმა გაგვახარა (ხორვატიაში გამართულ ევროპის 23-წლამდელთა ჩემპიონატზე ჩვენმა გუნდმა 8 მედალი (2-2 ოქრო-ვერცხლი და 4 ბრინჯაო) და გუნდური პირველი ადგილი მოიპოვა), რამდენიმე დღეში კი ევროპირველობაზე ეროვნულმა გუნდმაც წარმატებით იჭიდავა. ევროპის 2020 წლის ჩემპიონი გახდა 20 წლის ტატო გრიგალაშვილი (81 კგ), რომელმაც მთელი ტურნირი დამაჯერებლად იჭიდავა, ფინალში კი 45 წამში მოუთავა საქმე ბულგარელ ივაილო ივანოვს. მხოლოდ ფინალში დამარცხდა და ვერცხლის მედალს დასჯერდა ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ), ბრინჯაოს მედლები მოიგეს ლუკა მაისურაძემ, ბექა ღვინიაშვილმა, გურამ თუშიშვილმა და ლევან მატიაშვილმა.

წლის იმედგაცრუება

საქართველო-ჩრდილოეთ მაკედონია. ეს იყო მატჩი, რომელიც აუცილებლად უნდა მოგვეგო. უნდა მოგვეგო ცარიელი ტრიბუნებისა თუ ბოლო წამს გამოკლებული წამყვანი ფეხბურთელების არყოფნის მიუხედავად. უეფას და საფეხბურთო ფორტუნის ბოძებული ეს ჩინებული შანსი აუცილებლად უნდა გამოგვეყენებინა და ევროპის ჩემპიონატზე გვეთამაშა, მაგრამ... საქართველოს ნაკრებმა ვერ გაუძლო უდიდეს წნეხს, ვერაფერი მოუხერხა მაკედონიის ნაკრებს და თბილისის ნაცვლად, ზეიმის ეპიცენტრად სკოპიე აქცია... ასეთი შანსის განიავება კიდევ უფრო დასანანია მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ჩვენი მეტოქეების გარკვევის შემდეგ: საქართველოს ნაკრებს ესპანეთის, შვედეთის, საბერძნეთის და კოსოვოს ნაკრებებთან მოუწევს ბრძოლა.

წლის ტალახაძე

გასული წლების მსგავსად, სადაც იასპარეზა, ყველგან საუკეთესო იყო ლაშა ტალახაძე. სამწუხაროდ, პანდემიამ ქართველ ძალოსანსაც მოუსპო შესაძლებლობა მორიგი (მისივე!) რეკორდები გაეუმჯობესებინა. ლაშამ მხოლოდ წლის დასაწყისში გამართულ რომის მსოფლიო თასზე მოასწრო ასპარეზობა და ცხადია, სამი ოქროს მედალიც დაისაკუთრა: ატაცში 200/210/215 კგ, აკვრაში - 235/245/255, ორჭიდის ჯამში - 470! ისიც აღსანიშნავია, რომ ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის გამოკითხვის შედეგად ტალახაძე ზედიზედ მესამედ აღიარეს წლის საუკეთესო ძალოსნად.

წლის სირცხვილი

ქართველ ფეხბურთელებს მეტოქეები აქამდეც არაერთხელ გაუხარებიათ, ბევრ კლუბსა თუ ნაკრებს ახალი ისტორიის დაწერაშიც მივეხმარეთ, მაგრამ თბილისის "დინამომ" კიდევ უფრო შორს მოახერხა წასვლა და ფარერის კუნძულების ჩემპიონ "კლაკსვიკთან" 1:6 განადგურდა! ევროპალიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის ეს მატჩი კარგა ხანს (სანამ მორიგი ქართული კლუბი არ შეხვდებათ) ემახსოვრებათ ფარერელებს იმის მიუხედავად, რომ ფეხბურთი იქ სულაც არ არის სპორტის (და ცხოვრების) მთავარი სახეობა. "კლაკსვიკი" და ფარერები კარგა ხანს გვემახსოვრება ჩვენც და... ყოველ ჯერზე ბრაზი და ბოღმა დაგვახრჩობს! იმედია, თბილისის "დინამო" ასე აღარასდროს შეგვარცხვენს. წლის ბოლოს კლუბიდან მეორედ წასული ("უოტფორდში") ჩისკოს ნაცვლად, "დინამო" გიორგი ნემსაძემ ჩაიბარა.

დავიწყებული სიხარული

"დინამოსგან" განსხვავებით, სასიამოვნოდ გაგვაკვირვა თბილისის "ლოკომოტივმა": ევროპალიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე გიორგი ჭიაბრიშვილის ახალგაზრდულმა გუნდმა ჯერ რუმინული "უნივერსიტატეა" დაამარცხა (2:1), მერე კი წყვილში უპირობო ფავორიტად მიჩნეულ მოსკოვის "დინამოსაც" იმავე ანგარიშით აჯობა - სიხარულიძის დაწყებული საქმე გავაშელიშვილმა გააგრძელა, რუსებმა კი მხოლოდ ერთხელ აჯობეს თბილისური კლუბის ჩინებულად მოთამაშე მეკარე მამარდაშვილს და რუსეთში კუდამოძუებული დაბრუნდნენ.

კალათბურთი ისევ ჩვენი თამაშია

გაგვახარა საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმაც - ილიას ზუროსის გუნდმა კარგად დაწყებული წელი ორი გამარჯვებით დაასრულა და მომავალი ევრობასკეტის საკვალიფიკაციო ეტაპს ოთხი თამაშიდან ოთხი მოგებით ლიდერობს! ქართველმა კალათბურთელებმა უმაღლეს დონეზე ითამაშეს ნოემბრის ბოლოს ფინეთში გამართულ ორივე შეხვედრაში და ჯერ მასპინძლებს აჯობეს (91:85), ორ დღეში კი შვეიცარიაც თითქმის იმავე ანგარიშით დაამარცხეს - 91:84. ყველაზე სასიხარულო ის არის, რომ გუნდის გამოცდილ ლიდერებს (შენგელია, შერმადინი, მაკფადენი) ჩინებულად აუბეს მხარი ახალგაზრდა კალათბურთელებმაც. როგორც ცნობილია, მასპინძლის სტატუსის წყალობით საქართველოს ნაკრებს უკვე გარანტირებული აქვს "ევრობასკეტ-2021"-ის საგზური, მაგრამ ჩვენი გუნდი გამარჯვებას ექსპერიმენტული შემადგენლობითაც აგრძელებს და ეს ძალიან კარგია! ქვეჯგუფში დარჩენილ ორ შეხვედრას საქართველოს ნაკრები თებერვალში თბილისის სპორტის სასახლეში გამართავს სერბეთის და ფინეთის წინააღმდეგ.

სკანდალები

ნიკოლოზ ბასილაშვილის გარშემო განვითარებული ამბების გარდა, წელი ხმაურიანი გამოდგა ქართული რაგბისთვისაც. სარაგბო სამყაროსთვის 2020 წელი მხოლოდ "ექვს ერთან" "დაახლოებით", ან შოტლანდიასთან ტესტმატჩით არ ყოფილა გამორჩეული. სამწუხაროდ, სპორტის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ და პატივსაცემ სახეობაში პრობლემებმაც იჩინა თავი: აურზაური და სკანდალი ჯერ რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნების დანიშვნა/გადადებას და კავშირში არსებულ "კლანზე" ლაპარაკს მოჰყვა, სექტემბერში კი რაგბის კავშირის შენობაში სროლის ხმაც გაისმა: საქართველოს რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტმა მერაბ ბესელიამ ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა "იუნკრებისა" და საქართველოს შვიდკაცა ნაკრების კაპიტანი, რაგბის კავშირის საინიციატივო ჯგუფის წევრი რამაზ ხარაზიშვილი! რაგბის კავშირის ნამდვილ წევრთა საერთო კრება (ყრილობა) 2020 წლის 30 დეკემბერს დაინიშნა და იმედია, ყრილობაზე არჩეული რაგბის კავშირის ახალი პრეზიდენტი მაინც შეძლებს არეული სარაგბო სამყაროს "დალაგებას".

გოლიათების გარეშე

კარიერის დასასრულებლად 2020 წელი რამდენიმე სახელგანთქმულმა ქართველმა აირჩია, მათ შორის მამუკა გორგოძემ, დავით ზირაქაშვილმა, "გაგამარუმ" (თეიმურაზ ჯუღელი) და სხვ. "გორგოძილამ" და ზირაქამ თავიანთი ეპოქა შექმნეს საფრანგეთის ტოპ-14-ში და პანდემიის გამო ნაადრევად შეწყვეტილი სეზონი რომ არა, შესაძლოა ცოტა ხანს კიდევ ეთამაშათ. რაც შეეხება "გაგამარუს", ბოლო დროს ვეტერანი ქართველი სუმოისტი ტრავმებმა გააწამა და იძულებული გახდა იაპონიაში გატარებული 14-წლიანი კარიერა დაესრულებინა და ამიერიდან სუმოს ელიტაში მხოლოდ "ტოჩინოშინის" იმედად ვართ.

"შერეული" წარმატებების წელი

გასული წლის განმავლობაში წარმატება ჰქონდათ სხვა სახეობების წარმომადგენლებსაც (საჭიდაო სახეობები, ჭადრაკი, წყალბურთი და სხვ.), მაგრამ განსაკუთრებულად უნდა გამოვარჩიოთ შერეული ორთაბრძოლების წარმომადგენელი ქართველები! ყველაზე პრესტიჟული ორგანიზაცია UFჩ-ის ეგიდით მებრძოლმა ჩვენებურებმა (მერაბ დვალიშვილი, რომან დოლიძე, გიგა ჭიკაძე, გურამ ქუთათელაძე, ილია თოფურია) 2020 წელს გამართული ყველა ორთაბრძოლა მოიგეს! ყოჩაღობენ სხვა ორგანიზაციებში მოასპარეზე ქართველებიც და თუ ასე გაგრძელდა, UFჩ-2021 "ქართულ წლად" გამოცხადდება.

ქალის ადგილი...

მხოლოდ სამზარეულოში რომ არ არის, დიდი ხანია, ვიცით! თუმცა ქართველმა გოგონებმა იმაშიც დაგვარწმუნეს, რომ სხვა რაღაცებთან ერთად ფეხბურთის კარგად თამაშიც შეუძლიათ. დიახ, თამამად შეგვიძლია ლანჩხუთის "გურიის" ქალთა გუნდს "წლის აღმოჩენა" ვუწოდოთ. გურულმა გოგონებმა, რომლებიც სხვა ქვეყნების წარმომადგენელ მეტოქეებს გვარიანად ჩამორჩებიან პირობებით, ეკიპირებითა თუ გამოცდილებით, არც მეტი, არც ნაკლები, უეფას ქალთა ჩემპიონთა ლიგის 1/16-ფინალში ითამაშეს! ლანჩხუთელებმა პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ყაზახური "ოკჟეტპესი" სტუმრად დაამარცხეს 2:1, მერე კი რუმინულ "კლუჟს" ესტუმრნენ და ისევ სენსაციურად გაიმარჯვეს, ამჯერად - 1:0! მამაკაცთა ფეხბურთისგან განსხვავებით, ქალთა გუნდებს შორის სხვაობა იმდენად თვალსაჩინოა, დიდი ანგარიშით წაგება არავის უკვირს. არც ჩვენ გაგვკვირვებია, პლეი-ოფში მშრალად, ორი მატჩის ჯამში, "გურია" 0:17 რომ დამარცხდა შვედურ "როზენგარდთან". გურულმა გოგონებმა ისტორია უკვე შეცვალეს და ეჭვი არ გვეპარება, ახალი წლიდან ქალთა ფეხბურთისადმი ყურადღებაც გაიზრდება და პოპულარობაც!