"ჯანს არ ვუჩივი, მუხლები რომ "დამიბრუნონ", კიდევ ვიჭიდავებდი"
"ჯანს არ ვუჩივი, მუხლები რომ "დამიბრუნონ", კიდევ ვიჭიდავებდი"
"ჯანს არ ვუჩივი, მუხლები რომ "დამიბრუნონ", კიდევ ვიჭიდავებდი"

ვისურვებ, რომ ის უბედურება, რაც ახლა ტრიალებს დედამიწაზე, მალე დასრულდეს! უკეთესი, ბედნიერი საქართველო გვქონოდეს, გაცილებით მეტ ბედნიერ სახეს ვხედავდე, რადგან ქართველივით, მგონი, არავის უხდება სიხარული და ღიმილი 2020 წელი ორმაგად უსიამოვნო­ გამოდგა "გაგამარუსთვის" (თეიმურაზ­ ჯუღელი) - ტრავმებით გაწამებულ 33 წლის სუმოისტს მაინცდამაინც პანდემიურ წელს მოუწია კარიერის დასრულებამ. ჯერჯერობით ტოკიოში დარჩება, იმედი აქვს, რომ 2021 წელი მისთვის, მისი სამშობლოსა და მთელი მსოფლიოსთვის გამარჯვების
წელი იქნება!

- ცხადია, კორონავირუსი არაფერ­ შუაშია - მუხლები ისეთ მდგომარეობაში­ მაქვს, წელს ყველა შემთხვევაში მომიწევდა­ კარიერის დასრულება. ვცდილობ ვირუსს არსად "გადავეყარო"­ - გარეთ იშვიათად გავდივარ, ყველგან­ ნიღაბი მიკეთია. იაპონიაში შედარებით სტაბილური ვითარებაა. დღიურად საშუალოდ 2500 ახალი­ შემთხვევა ვლინდება, რაც ბევრი ნამდვილად არ არის 130-მილიონიანი
ქვეყნისთვის.

- მუხლები ძველებურად გაწუხებს?
- ხრტილები არც ერთ მუხლზე აღარ შემრჩა. ჯერ კიდევ შარშანდელი ნოემბრის­ ბაშოს შემდეგ მითხრა ექიმმა, თუ ასეთი მუხლებით ჭიდაობას გააგრძელებ, რამდ­ენიმე წელიწადში სიარულსაც ვეღარ შეძლებ, ეტლი დაგჭირდებაო. ტკივილი დაძინების საშუალებას არ მაძლევდა,­ ყოველდღე მჭირდებოდა ტკივილგამაყუჩებელი. ძალა ცალ მუხლში მაინც რომ შემრჩენოდა­, ჭიდაობას ჯერ არ შევწყვეტდი...­ წლებია, მარჯვენა ფეხი ტრავმირებული მაქვს. იაპონიაში ჩამოსვლიდან მალევე დავიზიანე­ და მას მერე სითხის ამოღებაც არაერთხელ დამჭირდა. სამაგიეროდ, მარცხენა მუხლი ბოლომდე მომყვა. მაგრამ იმის გამო, რომ მთელი დატვირთვა მასზე მოდიოდა, მარცხენა ახლა უარეს მდგომარეობაში მაქვს.­ ჯანს არ ვუჩივი, მუხლები რომ "დამიბრუნონ", კიდევ ვიჭიდავებდი - "მაკუშიტაში" (სუმოს რანგით მესამე დივიზიონი. - რ.შ.) მაინც...

წლებია, კიმონოს გარეშე არსად გავსულვარ და კარიერის დასრულებიდან პირველ დღეებში, როცა სახლიდან ჯინსსა და პერანგში გამოწყობილი გავდიოდი, მეგონა, რაღაცას ვაშავებდი. სუმოსაც ვერ ვუყურებდი, ცრემლები მომდიოდა! შუაღამისას მეღვიძებოდა, დარბაზში ხომ არ მაგვიანდება-მეთქი. ბოლო 15 წლის განმავლობაში ერთი დღეც არ ყოფილა, დარბაზში არ მივსულიყავი და მიჭირს სხვა განზომილებაში ყოფნა. ძალიან მეხმარება გულშემატკივრების გამხნევება, მათი მოსმენისას, უზომოდ ბედნიერი და ამაყი ვარ.


- ყოველდღიურ ცხოვრებაში რა შეიცვალა, ყოფილ კლუბში ისევ მიდიხარ ხოლმე?
- კლუბი ჩემს სახლთან არის და ბიჭებს­ ლამის ყოველდღე ვნახულობ. ამას წინათ, კლუბის პრეზიდენტმა სიცილით მითხრა, ასე ინტენსიურად აქამდე არ მოდიოდი და ახლა მოუხშირეო? სახლი, სადაც წლებია ვცხოვრობ, ფაქტობრივად, "პატარა საქართველოა" ჩემთვის­ - ყურადღებიანი მეზობლებით, თბილი ურთიერთობებით...

- ლევანის ("ტოჩინოშინი") გარდა, ახლომახლო სხვა ქართველებიც ხომ არ ცხოვრობენ?
- ლევანის სახლი ისე ახლოს არის, თუ ძალიან მოვინდომე, აქედანაც მივაწვდენ­ ხმას. სამწუხაროდ, სხვა არავინაა. პანდემიის გამო სტუდენტებიც ვეღარ ჩამოდიან. რაგბის მსოფლიო თასის დროს ტოკიოში იმდენი ქართველი იყო, მე და ლევანი ბედნიერები დავდიოდით. წლევანდელ ოლიმპიადასაც მოუთმენლად ველოდი, მაგრამ პანდემიამ ყველაფერი გააფუჭა.

- კარიერის დასრულების შემდგომ სუმოისტს ხომ არ ეკრძალება ყოფილ კლუბში­ სტუმრობა?
- არა. როცა კლუბში მივდივარ, ისევ ის გაგამარუ ვარ. ყოველ მეორე დღეს მაინც მიწევს მისვლა, რადგან თმას კლუბში ვივარცხნი.

- აქტიური სუმოდან წასული სეკიტორისთვის თმის შეჭრა აუცილებელი რიტუალია?
- ეს ცერემონიალი გაცილების საღამოს­ უკავშირდება: კლუბის წევრები, სუმოისტის მეგობრები და ქომაგები ფართიზე იკრიბებიან, სასმელს წრუპავენ, საუბრობენ, ორთაბრძოლების ჩანაწერებს უყურებენ. ყველა კლუბში არის დალაქი, რომელსაც ტოკოიამას უწოდებენ, და სუმოს ფედერაციაში ოფიციალურად არის გაფორმებული. ჩემი დალაქიც 15 წლის წინ ჩემთან ერთად შემოვიდა კლუბში და მას შემდეგ ერთად მოვდივართ. მისი წყალობით წლებია, თმა სხვაგან არსად მომიწესრიგებია და ხშირად ვფიქრობ, ნეტავ, რა შეგრძნება მექნება, სტილისტის სავარძელში რომ ჩავჯდები-მეთქი?

- სუმოისტის ვარ­ც­ხნილობას "ჩომაგე" ჰქვია...
- დიახ, ყოველდ­ღიურ ცხოვრებაში, სეკიტორს "ჩომაგე" აქვს, ორთაბრძოლის დროს კი განსხვავებული ვარცხნილობა, რომელსაც "ოიჩო" ეწოდება.

- უკვე გადაწყვიტე, რას გააკეთებ ამი­ერიდან?
- მაქვს საინტერესო შემოთავაზებები, მათ შორის ადგილობრივი ტელეკომპანიებისგან. ამიერიდან საქართველოშიც ხშირად ჩამოვალ, მაგრამ მინდა ჯერ იაპონიაში­ გამოვცადო ჩემი გამოცდილება,­ გამოვიყენო ის სიყვარული, ურთიერთობები, რაც წლების განმავლობაში დავაგროვე.­ იაპონური ენა ძალიან კარგად ვიცი, სუმოშიც დიდი გამოცდილება მაქვს­ და არც მიკვირს, ტელევიზიებს ჩემთან თანამშრომლობა რომ სურთ. საქართველოს სიყვარულს ვერაფერი შემიცვლის, უსაქმოდ ვერც იქ გავჩერდები, მაგრამ ამ ეტაპზე მირჩევნია ახალი საქმის წამოწყება ვცადო იქ, სადაც ბოლო 15 წელიწადია ვცხოვრობ.

- რა განსხვავებაა 33 წლის "გაგამარუს" და 19 წლის გაგა ჯუღელს შორის, რომელიც წლების წინ ჩავიდა უცხო, მისი სამშობლოსგან ყველაფრით განსხვავებულ ქვეყანაში?
- გაგას და "გაგამარუს" შორის არის ბევრი ლამაზი წელი, ბევრი შრომა, წვალება, უამრავი სიხარული და იმედგაცრუება!­ ჩემთვის ყველაზე მძიმე ტრავმა მშობლების გარდაცვალება იყო. კიდევ კარგი,­ დედა მაინც მოესწრო ჩემს წარმატებას, მამამ ვერაფერი ნახა და ძალიან მწყდება გული. როცა იაპონიაში ჩამოვედი, ვერც ვაცნობიერებდი, სად აღმოვჩნდი. ქართველები მენტალიტეტით ისედაც განვსხვავდებით ევროპელების, ამერიკელებისა და აზიელებისგან, ამიტომაც ძალიან რთული იყო იაპ­ონურ ტრადიციებში თავით გადაშვება.

- მით უმეტეს, არც იაპონური ენის გაგეგებოდა რამე...
- სალაპარაკო ენა ექვს თვეში შევისწავლე. უფრო დიდი პრობლემა ის იყო, რომ საქართველოში, ფაქტობრივად, არც მყავდა ნანახი აზიური გარეგნობის ხალხი და უეცრად მთლიანად მათ გარემოცვაში აღმოვჩნდი. არასდროს დამავიწყდება ის ემოცია, როცა გავაცნობიერე, რომ ჩემთან ერთად ჩამოსული ლევან გორგაძე და დათო გვენეტაძე საქართველოში ბრუნდებოდნენ, მე კი მარტო უნდა დავრჩენილიყავი ტოკიოში...

საწყისი რამდენიმე თვე ნიჩიდაის უნივერსიტეტში გავატარე. ისე მენატრებოდა ქართულად ლაპარაკი, ლამის ყველა­ სტუდენტს ვეკითხებოდი, ქართველი ხარ-მეთქი? ოღონდ "ჩვეულებრივი" ადამიანის სახე დამენახა და ტელევიზიით რაც უნდა ცუდი ფილმი ეჩვენებინათ, ყველაფ­ერს ვუყურებდი! მერე მივეჩვიე, კლუბშიც­ გადმოვედი და ვცდილობდი სალაპარაკო ენა რაც შეიძლება სწრაფად ამეთვისებინა. კლუბის პრეზიდენტი ხედავდა, რომ ძალიან მიჭირდა და მითხრა, აქ ჩვენი წეს-კანონები გვაქვს. შეასრულებ, კლუბში დარჩები, თუ არადა, უკან დასაბრუნებელ ბილეთს აგიღებთო.­ მაშინ გავაცნობიერე, რომ მეც სხვებისგან არაფრით განსხვავებული სპორტსმენი ვიყავი და იგივე საფეხურები უნდა გამევლო, რაც ნებისმიერ იაპონელს. გავიარე კიდეც! გაჭირვებაც ბევრი ვნახე და ცრემლიც, მაგრამ გავიარე. დღეს დამწყებ სუმოისტს ტელეფონი­ მაინც აქვს და ახლობლებს ეკონტაქტება, მე კი კლუბში ყოფნის პირველ წელს არ მქონდა!

- მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა... საქართველოს შესახებაც გაცილებით მეტი იციან...
- თხუთმეტი წლის წინ დაახლოებით კი იცოდნენ, სად მდებარეობს საქართველო,­ მაგრამ სხვა ბევრი არაფერი. თავდაპირველად, "კოკაიმ" (ლევან ცაგურია) დაიწყო­ აქაურების გათვითცნობიერება, მოგვიანებით, "ტოჩი" და მეც შევუერთდით, მაგრამ თუ ჩვენი ასპარეზობიდან გამომდინარე, იაპონელთა 15-20% იცნობდა საქართველოს, "ტოჩინოშინის" ჩემპიონობამ და "ოძეკის" წოდებამ ეს მაჩვენებელი 70%-მდე გაზარდა! იაპონელები ფრთხილი ხალხია და აქამდე, ცოტა არ იყოს, შიშით უყურებდნენ ქვეყანას, რომელმაც ცოტა ხნის წინ გადაიტანა საბჭოეთიდან გამოყოფის პროცესი, ომები და გაჭირვება. საბედნიეროდ, ბოლო წლებში ეს ტენდენცია შეიცვალა და პანდემიის დაწყებამდე სულ უფრო მეტი იაპონელი სტუმრობდა საქართველოს. მეც ბევრჯერ გამომლაპარაკებიან და უთქვამთ, კახეთში ან ყაზბეგში ვიყავითო. მრცხვენია ხოლმე ვუთხრა, რომ ტოკიოში ჩამოსვლამდე მე თვითონ მხოლოდ იმერეთში, ბათუმსა და თბილისში ვარ ნამყოფი (იცინის).

- შენ რით გაკვირვებს იაპონელი ხალხი?
- ძალიან კულტურული, მოწესრიგებული, შრომის და თავისი ქვეყნის მოყვარული ერია. ამას წინათ, კახა კალაძის სიტყ­ვები მოვისმინე, ყველა პარკი, სკვერი თუ ქუჩა იმისთვის კეთდება, მომავალ თაობას რომ დარჩესო. იაპონიაში ამის შეხსენება არავის­ სჭირდება. პირიქით, რაც პირადად არ ეკუთვნით, მას ორმაგად უფრთხილდებიან! როცა ხედავენ, უცხოელი არასწორად­ იქცევა, შენიშვნას აძლევენ, შეიძლება, არაფერი უთხრან და მისი გადაგდებული­ ნამწვი თვითონ ჩააგდონ ურნაში. არა მარტო ასაკოვანი ხალხი, ახალგაზრდებიც ასე აზროვნებენ, რადგან ბავშვობიდან ამას ხედავენ.

- დაწესებულ შეზღუდვებზე რას გვეტყვი?­
- ამ ეტაპზე განსაკუთრებული შეზღუდვები არ მოქმედებს. მხოლოდ რესტორნები იკეტება 22:00 საათზე, ოღონდ ეს კანონით კი არ რეგულირდება, მეპატრონეებს­ რეკომენდაცია მიეცათ და ისინიც ზედმ­იწევნით ასრულებენ! საერთოდ, აქ თითქმის ყველა აკრძალვას რეკომენდაციის და თხოვნის სახე აქვს. იაპონიაში ძალიან მასშტაბურად აღნიშნავენ ხოლმე ჰელოუინს, მაგრამ წელს თავად ხალხმა მოითხოვა მისი აღნიშვნის გაუქმება!

- შობა-ახალ წელს იაპონელები ისედაც არ აღნიშნავენ დიდი ზარ-ზეიმით...
- ერთ-ერთი მიზეზი ისიც არის, რომ იაპონელების უმეტესობა ბუდიზმის მიმდევარია. დეკემბრის ბოლო მათთვის უფრო "ბონენკაისთან" ასოცირდება, კომპანიის თანამშრომლების შეკრებასთან, განვლილი­ წლის დასრულებას, ერთწლიანი შრომის შეჯამებას აღნიშნავენ. არსებობს "შინ­ენკაიც"­ - წლის, შრომის დაწყების აღმნიშვნელი წვეულება. თუმცა რამდენიმე დღის წინ ტოკიოს მერმა თხოვნით მიმართა თანამოქალაქეებს, რომ წელს თავი შეიკავონ მსგავსი შეკრებებისგან.

- 2021 წლისგან რას ელი და რას უსურვებ შენს სამშობლოს?
- ვისურვებ, რომ ის უბედურება, რაც ახლა ტრიალებს დედამიწაზე, მალე დასრულდეს! უკეთესი, ბედნიერი საქართველო გვქონოდეს, გაცილებით მეტ ბედნიერ სახეს ვხედავდე, რადგან ქართველივით, მგონი, არავის უხდება სიხარული და ღიმილი. 2019 წლამდე სხვადასხვა პრობლემაზე ვლაპარაკობდით, გასულმა წელმა კი იმაზე დაგვაფიქრა, რამხელა მნიშვნელობა აქვს ჯანმრთელობას, ერთმანეთთან თავისუფლად მისვლა-მოსვლის შესაძლებლობას. ამიტომაც გავუფრთხილდეთ ჩვენს თავს და ერთმანეთს. გილოცავთ შობა-ახალ წელს. 2021 ჩვენი ქვეყნისა და მთელი მსოფლიოს გამარჯვების წელი იყოს!
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები