ფეხბურთელების ნაძვის ხე - კვირის პალიტრა

ფეხბურთელების ნაძვის ხე

საქართველოს 2020 წლის საუკეთესო ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია გახდა. sff-ის ყოველწლიური დაჯილდოების ცერემონიალი GFF AWARDS 2020, რომელიც წელს ონლაინრეჟიმში გაიმართა, ყაზანის "რუბინისა" და საქართველოს ნაკრების 19 წლის შემტევის ტრიუმფით დასრულდა. წლის საუკეთესო ფეხბურთელ ქალად ქსკ "ლანჩხუთის" თავდამსხმელი ხატია ჭყონია დასახელდა, წლის გოლად - ჩემპიონთა ლიგაზე "კლუჟის" კარში გატანილი მისივე გოლი! ქართულ ფეხბურთზე 2021 წელსაც ბევრს ვილაპარაკებთ, საახალწლო ნომერში კი უცხოელი ვარსკვლავების ნაძვის ხეებს (და ოჯახის წევრებს) გადავხედოთ - ნახეთ, როგორ შეხვდნენ შობა-ახალ წელს თქვენი საყვარელი ფეხბურთელები:

გულშემატკივართა უმრავლესობის აზრით, რობერტ ლევანდოვსკი 2020 წლის საუკეთესო ფეხბურთელია. "ოჯახი იყო, არის და იქნება ყველაზე მნიშვნელოვანი. გილოცავთ შობა-ახალ წელს და გისურვებთ, თქვენი საახალწლო დღეებიც ოჯახის სიყვარულით იყოს სავსე!" - დაწერა პოლონელმა ფორვარდმა ინსტაგრამგვერდზე. ფოტოზე ლევანდოვსკი მეუღლე ანასა და ქალიშვილებთან ერთად არის აღბეჭდილი.

ამ ფოტოზე ნაძვის ხე არ ჩანს. სამაგიეროდ, ხედავთ ბექჰემების ვარსკვლავურ ოჯახს სრული შემადგენლობით: ოჯახის უფროს დევიდს, დედაბოძ ვიქტორიას და მათ მონაგარს - ბრუკლინს, რომეოს, კრუზს და ჰარპერ სევენს.

როგორც ამ ფოტოზე ჩანს, მადრიდის "რეალის" კაპიტან სერხიო რამოსს ერთი ნაძვის ხე არ ჰყოფნის. ისევე, როგორც ერთი თამაში, გამარჯვება ან თასი! "სამეფო კლუბის" ვეტერანი ლიდერი ოთხი ვაჟის მამაა, მაგრამ საშობაო ფოტოსესიას ყოველთვის უამრავი თასის ფონზე იწყებს და გამონაკლისი არც 2021 წლის დასაწყისი ყოფილა!

შვილების, ტიტულებისა და საახალწლო განწყობის ნაკლებობას არც რამოსის ყოფილი თანაკლუბელი - კრიშტიანუ რონალდუ უჩივის. ტურინის "იუვენტუსის" და პორტუგალიის ნაკრების სუპერვარსკვლავი ახალი წლის დასაწყისს მეუღლესთან, ჯორჯინა როდრიგესსა და შვილებთან, კრიშტიანუ რონალდუ-უმცროსთან, ევა-მარია დოს სანტოსთან, ალანა მარტინა დოს სანტოს ავეირუსსა და მატეო რონალდუსთან ერთად შეხვდა.

ლიონელ მესისთვის გასული წელი საკმაოდ რთული გამოდგა და, ბუნებრივია, "ბარსელონის" არგენტინელი ვარსკვლავი 2021-ის დადგომას განსაკუთრებული მოლოდინით შეხვდა. თამაშსა და ტიტულებზე არაფერს ვიტყვით, აი, შვილების რაოდენობით კი ლეო ჯერ ჩამორჩება მთავარ კონკურენტ კრიშტიანუს და "მხოლოდ" სამი ვაჟის მამაა. მესი და მისი ოჯახი (მეუღლე - ანტონელა რაკუცო და შვილები: ტიაგო, ჩირო და მატეო) თეთრი ხარის წელს წითელი სამოსითა და თეთრი მაისურებით შეხვდნენ.

ტრადიციული "ფართით" აღნიშნა წლის ბოლო ნეიმარმა. პსჟ-ს ბრაზილიელი სუპერვარსკვლავი შობის დღესასწაულს სამშობლოში შეხვდა და იმის მიუხედავად, რომ ახალი კორონავირუსის გავრცელებით ბრაზილია მსოფლიოში მესამე ადგილზეა, რამდენიმედღიან ზეიმზე, ოჯახის წევრების გარდა, კიდევ უამრავი სტუმარი მიიწვია. ლოგიკურია, რომ 28 წლის თავდამსხმელი ამისთვის ბევრმა გააკრიტიკა.

"ბედნიერი შობა თქვენ და თქვენს ოჯახებს", - ლამაზი ნაძვის ხისა და ცოლ-შვილის თანხლებით მიულოცა ფანებს დღესასწაული "მანჩესტერ სიტის" ბელგიელმა ნახევარმცველმა კევინ დე ბრუინმა. ბოლო წლებია, 29 წლის ფეხბურთელი "სიტის" ერთ-ერთი ლიდერია, მაგრამ სხვების მსგავსად, ახალი წლისგან ისიც კიდევ მეტ წარმატებას ელის. კევინი კი ჰქვია, მაგრამ შობას მარტო არ შეხვედრია: მასთან ერთად არიან მეუღლე - მიშელ ლაკრუა და სამი შვილი.

ლუის სუარესი მხოლოდ მეტოქეებს "კბენს", თორემ ოჯახის წევრები ძალიან რომ უყვარს, ურუგვაელის საშობაო ფოტოზეც კარგად ჩანს. მადრიდის "ატლეტიკოს" ფორვარდის ოჯახურ იდილიაში მეუღლეს, სამ შვილსა და ამდენივე თოვლის ბაბუას აღმოაჩენთ.