"კარის გაღებას რად უნდა მეგრულის ცოდნა?!"
11-01-2021
"კარის გაღებას რად უნდა მეგრულის ცოდნა?!"
"დიდ ნოდარ ახალკაცს ბევრჯერ უთქვამს, არა მარტო ფეხბურთელები და მწვრთნელი, თუ კლუბის დარაჯი და მზარეულიც ერთი მიზნით არ არიან გაერთიანებული, ერთ მხარეს არ იყურებიან, საქმე არ გაკეთდებაო. მართლაც ასე იყო"

საახალწლო დღეები საუკეთესო დროა ძველის გასახსენებლად და ახალშემობიჯებული წლის უფრო იმედიანად დასაწყებად. ცნობილ სპორტსმენებთან შეხვედრებს "კვირის პალიტრა" 2021 წელსაც გააგრძელებს, წლის პირველ რესპონდენტად კი თბილისის "დინამოს" სახელგანთქმული მეკარე ოთარ გაბელია შევარჩიეთ:

- დღემდე აღდგომის დღესასწაული და ახალი წელი ჩემთვის გამორჩეულად
საყვარელი დღეებია. ამ ლამაზ დღეს ერთადერთი "უარყოფითი" მხარე აქვს - წლები გემატება! სხვა მხრივ კი 31 დეკემბრის ღამე ყველანაირად კარგია - სამზადისი, საჩუქრები, ფეიერვერკების ბათქაბუთქი, ახლობლების მისვლა-მოსვლა... პანდემიის გამო წლევანდელი დღესასწაულიც განსხვავებული იყო, თუმცა 2021 წლის დადგომამ იმედიც მოიტანა, რომ ეს წელი წინაზე გაცილებით კარგი
იქნება!

- ფეხბურთელობისას წლის უმეტეს ნაწილს ოჯახისგან მოშორებით ატარებდით. შეკრებები ახალი წლის დღეებსაც ემთხვეოდა?
- იშვიათად. სეზონის ბოლოს ერთ თვეზე მეტი არასდროს დაგვისვენია და როცა ჩემპიონატი ნოემბერში დასრულდებოდა, რამდენჯერმე მოსამზადებელი ეტაპი საახალწლო პერიოდსაც დაემთხვა. თუმცა უმეტესწილად ახალ წელს სახლში ვხვდებოდით, მწვრთნელები განტვირთვის შესაძლებლობას გვაძლევდნენ და ამის გამო ეს დღესასწაული ორმაგად გვიყვარდა. წელიწადში 8-9 თვეს შეკრებებზე და ვარჯიშში რომ ატარებ, ცხადია, განტვირთვა აუცილებელია.

- განსაკუთრებულად რომელი წლის 1-ლი იანვარი გახსოვთ?
- 1976 წლის მიწურულს, როცა ქუთაისის "ტორპედოს" შემადგენლობაში მორიგი სეზონი დავასრულე, დავქორწინდი. ქორწილი მშობლიურ ზუგდიდში მქონდა. "ტორპედოს" მაშინდელმა თავკაცმა, უდიდესმა პიროვნებამ და მწვრთნელმა გიგა ნორაკიძემ ქორწილში მოსვლა ვერ შეძლო და მეორე დღეს მესტუმრა. რამდენიმე ჭიქა სასმლის შემდეგ, ვეღარ მოითმინა და გამიმხილა, თბილისის "დინამოში" გიწვევენო! ამ სიტყვების შემდეგ აღარაფერი მახსოვს... ცრემლს ვერც ბატონი გიგა იკავებდა, არ მინდა შენი გაშვება, მაგრამ ხომ იცი, "დინამოში" სხვა პერსპექტივა გელისო. 1975 წელს "ტორპედო" ძალიან კარგი გუნდი იყო. იმ შემადგენლობაში შენგელია, კოსტავა, სულაქველიძე, სვანაძე, ხერხაძე და სხვა ნიჭიერი ფეხბურთელები თამაშობდნენ და, ბუნებრივია, მწვრთნელს არ უნდოდა გუნდის დაშლა. იმ სეზონში სულ ცოტა დაგვაკლდა უმაღლეს ლიგაში გადასვლამდე - მინსკის "დინამომ" მხოლოდ ერთი ქულით გაგვასწრო, მაგრამ "დინამო" მართლაც სხვა იყო...

მთელი ბავშვობა და ახალგაზრდობა "დინამოს" თამაშების ყურებაში გავატარე - ტელევიზორი "რეკორდი" მაშინ მხოლოდ რამდენიმე ოჯახს ჰქონდა და ფეხბურთის ყურებისას საუკეთესო ადგილებიც მისწრებაზე იყო! "დინამოში" თამაშზე მაშინ ვერც ვიოცნებებდი და ხომ წარმოგიდგენიათ, რა დამემართებოდა, როცა საყვარელ კლუბში მიწვევის ამბავი გავიგე?

- ქუთაისიდან თბილისში თქვენი რამდენიმე თანაგუნდელიც წამოვიდა.
- დედაქალაქში მე, რამაზ შენგელია და თამაზ კოსტავა 1976 წელს წაგვიყვანეს, ერთი წლის შემდეგ კი თენგიზ სულაქველიძეც შემოგვიერთდა. ჩვენი გადაბირება წინა წელსაც უნდოდათ, მაგრამ რადგან "ტორპედო" უმაღლესი ლიგის საგზურისთვის იბრძოდა, წამყვანი მოთამაშეები აღარ გამოაცალეს.

- "დინამოში" თამაშიც კი ვერ წარმოგედგინათ, მით უმეტეს, ის, რომ ამხელა წარმატებას მიაღწევდით...
- რას ამბობთ?! დედაჩემი ნაღდი გულშემატკივარი იყო, ნამდვილი "ფეოლა", მამას კი ფეხბურთი დიდად არ უყვარდა. 1962 წელს, როცა სსრკ-ის საუკეთესო მეკარედ სერგო კოტრიკაძე დასახელდა, 9 წლის ვიყავი. მახსოვს, სკოლიდან დაბრუნებულს მამამ "ოგონიოკის" ყდაზე დაბეჭდილი მეკარის ფოტო მაჩვენა - აი, კაცი, შენ კი "რაღაცას დაბოდიალობო". მამის ეს სიტყვები გულში "ჩამრჩა" და სულ მახსოვდა.

- თქვენმა წარმატებულმა თამაშმა მამას მოგვიანებით მაინც არ შეაცვლევინა აზრი?
- სამწუხაროდ, ჩემს წარმატებას ვერ მოესწრო - 1978 წელს გარდაიცვალა. ხშირად მიფიქრია, ცოცხალი რომ იყოს, ახლა მე ვაჩვენებდი ჟურნალს, რომლის გარეკანზე ჩემი ფოტოა-მეთქი... სამაგიეროდ, დედამ გაიხარა ჩემი გამარჯვებებით - ფეხბურთი ძალიან უყვარდა. ჩემი თამაშის დროს ისე ნერვიულობდა, "ვალიდოლი" სულ თან ჰქონდა. რაც შეეხება ჩემს თამაშს, ის გულშემატკივარმა უნდა შეაფასოს.

"დინამოს" შემადგენლობაში ჩემი დებიუტი 22 წლის ასაკში, ბაქოს "ნეფთჩის" წინააღმდეგ შედგა. ის მატჩი 4:1 მოვიგეთ და ერთადერთი გოლი სტუმრებმა პენალტით გაიტანეს. მთლიანობაში, სადებიუტო სეზონში 18 მატჩი ვითამაშე, "დინამო" კი ჩემპიონატში მეორე ადგილზე გავიდა.

- მომდევნო წლები კი განსაკუთრებული გამარჯვებებისა იყო...
- მეცინებოდა, ჩვენზე რომ ამბობდნენ ხოლმე, რეჟიმს არღვევენო: 10-11-ს კი არა, რეჟიმის სისტემატურ დარღვევას ადამიანის ორგანიზმი ერთ წელიწადსაც ვერ გაუძლებს! არც დაგვირღვევია და ძალიანაც რომ გვნდომოდა, ვერც მოვახერხებდით - თამაშამდე ორი დღით ადრე ბაზაზე გვკეტავდნენ. თვეში ერთხელ განტვირთვისთვის 3-4 ჭიქა ალკოჰოლური სასმლის დალევის წინააღმდეგი კი მწვრთნელებიც არ იყვნენ. ზოგს რეჟიმის დარღვევა მხოლოდ ქეიფი ჰგონია. არადა, დილის 2-3 საათზე რომ დაიძინებ, მეორე დღეს როგორღა ივარჯიშებ?!

- გასული წელი ქართული ფეხბურთისთვისაც მძიმე გამოდგა...
- გადამწყვეტი მატჩის მოგება და ევროპის ჩემპიონატზე გასვლა ვერ მოვახერხეთ, მაგრამ ამდენი კრიტიკა და ლანძღვა არასწორია. კარგი თაობა მოდის და დღეს თუ არა, ხვალ დიდ ტურნირზეც აუცილებლად ვითამაშებთ.

- ზედმეტი არაფერი ვარგა, მაგრამ ქომაგის გულისტკივილიც გასაგებია - ჩრდილოეთ მაკედონიის დამარცხებით ხომ არაერთი თაობის ოცნება ასრულდებოდა.
- ფეხბურთელებზე მეტად ვის უნდოდა ევროპის ჩემპიონატზე გასვლა?! სამწუხაროდ, მაინცდამაინც მთავარი მატჩის წინ გამოგვაკლდნენ წამყვანი მოთამაშეები. არადა, ისეთი შეხვედრა იყო, რომლის ბედიც სწორედ ინდივიდუალისტებს უნდა გადაეწყვიტათ. განსაკუთრებულმა აჟიოტაჟმა დამთრგუნველად იმოქმედა ნაკრების ფეხბურთელებზე - რომ წავაგოთ, მერე რა გვეშველებაო? დარწმუნებული ვარ, თამაშამდე სულ ამაზე ფიქრობდნენ და ამ შიშმა ცუდი სამსახური გაუწია.

- თქვენც ხომ არაერთი მნიშვნელოვანი მატჩი გითამაშიათ? თუნდაც დიუსელდორფის ფინალის წინ, არ ნერვიულობდით?
- ყველა ცდილობდა მხოლოდ მომავალ მატჩზე ვყოფილიყავით ხოლმე კონცენტრირებული. მნიშვნელოვანი თამაშების წინ ბაზაში ვერავინ შემოვიდოდა! დიუსელდორფში გამგზავრების წინ მხოლოდ ედუარდ შევარდნაძე გვესტუმრა და წარმატება გვისურვა.

დიდ ნოდარ ახალკაცს ბევრჯერ უთქვამს, არა მარტო ფეხბურთელები და მწვრთნელი, თუ კლუბის დარაჯი და მზარეულიც ერთი მიზნით არ არიან გაერთიანებული, ერთ მხარეს არ იყურებიან, საქმე არ გაკეთდებაო. მართლაც ასე იყო.

- ნოდარ ახალკაცს სიტყვაძუნწი კაცის სახელი ჰქონდა. თამაშის წინ რას გეუბნებოდათ ხოლმე?
- უმეტესწილად მომავალი მეტოქის თამაშს ვარჩევდით. "კოპენჰაგენს" სტუმრად 4:1 რომ მოვუგეთ, იმ მატჩის წინ, ნოდარი და დავით ქლიბაძე დანიაში ჩვენზე რამდენიმე დღით ადრე ჩავიდნენ, მეტოქის თამაში რომ ენახათ და ვიდეოფირზე ჩაეწერათ. თამაშის წინა დღეს ახალკაცი გვარწმუნებდა, "კოპენჰაგენი" ძლიერი გუნდია, ოთხი ფეხბურთელი ბუნდესლიგის კლუბებს მიჰყავთო. ამის შემდეგ ვიდეოც ჩაგვირთეს და მეტოქის თამაში უნდა გაგვერჩია, მაგრამ დაწყებიდან ხუთი წუთის შემდეგ, როცა ფეხბურთელები ერთმანეთს მიესალმნენ და თამაში უნდა დაწყებულიყო, ჩანაწერი შეწყდა. ნოდარი და დათო ბევრს ეცადნენ, მაგრამ ვიდეოჩანაწერი ვეღარ გააგრძელეს. სხვა რა გზა იყო, მწვრთნელს სიტყვაზე ვენდეთ, რომ "კოპენჰაგენი" ძლიერი მეტოქე იყო და სათამაშოდ ისეთი დამუხტულები გავედით, დანიელებს 4:1 მოვუგეთ. სინამდვილეში, ჩვენი მეტოქე სულაც არ გამოდგა ისეთი ძლიერი, როგორადაც ნოდარ ახალკაცმა დაგვიხატა. მოგვიანებით გავიგეთ, რომ ვიდეოჩანაწერი შეგნებულად არ ჩაგვირთეს, რათა მოწინააღმდეგის რეალური ძალა არ გვენახა და მოედანზე ზედმეტად თავდაჯერებული არ გავსულიყავით!

- რა რეაქცია გაქვთ, როცა გესმით, რომ იენის "კარლ ცაისი" არ იყო ძლიერი გუნდი"?
- იენური კლუბის შვიდი ფეხბურთელი გდრ-ის ნაკრების წევრი იყო, "ვალენსიას" მოუგეს, "რომასთან" 0:3 ჰქონდათ წაგებული და შინ 4:0 დაამარცხეს, "ბენფიკას" აჯობეს და "სუსტმა" გუნდმა ყველა მათგანს შემთხვევით მოუგო?! მაგრამ ჩვენ უფრო მაგარი გუნდი გვყავდა: ჩივაძე, ხიზანიშვილი, დარასელია, ყიფიანი, სულაქველიძე, შენგელია, გუცაევი და სხვ. ერთიანი, მეგობრული შემადგენლობა გვყავდა - გუნდური თამაშითა და უმაღლესი დონის ინდივიდუალური ოსტატობით გაჯერებული. სიმართლე გითხრათ, არ მესიამოვნა მოსკოვის "სპარტაკის" ყოფილი მცველის ალექსანდრ ბუბნოვის სიტყვები, თბილისის "დინამოს" მეკარეების პრობლემა სულ ჰქონდა, გაბელიამ ცოტა გამოასწორა საქმე, მაგრამ ნაკრების დონის მეკარე მაინც არ იყოო. ჩემს თავზე სულაც არ ვარ დიდი წარმოდგენის, მაგრამ მარღანია, გოგია, კოტრიკაძე სად თამაშობდნენ? "დინამოს" თუ მეკარეები არ ჰყავდა, სხვამ რაღა უნდა თქვას?! საბჭოეთის მეკარეთა სკოლა ცნობილი იყო - იაშინი შემთხვევით არ დაუსახელებიათ ყველა დროის საუკეთესო გოლკიპერად. საერთოდაც, უწინდელ მეკარეებსა და მცველებს ახლანდელებს ვერც შევადარებ. თავდამსხმელები, კი ბატონო, მაგრამ დაცვის ხაზს რაც შეეხება, ხურცილავას, ბეკენბაუერის, შესტერნიოვის დონის მცველი დღეს ვინ არის?

- ყველაზე უსიამოვნოდ რომელი ახალი წელი გახსოვთ?
- 1982 წლის დეკემბერი. ვიტალი დარასელიას გარდაცვალებამ ყველაფერი ჩაგვამწარა. სწორედ იმ დღეს - 13 დეკემბერს ვბრუნდებოდი ქუთაისში და უბისაში რომ გავიარე, ვიტალის ავტომანქანა უკვე გადავარდნილი იყო ძირულის ხევში. სახლში მისულს მეუღლე ტირილით შემეგება და ტრაგედიის ამბავი მისგან გავიგე. შუაღამისას მეგობარს მივადექი, მანქანა უნდა მათხოვო-მეთქი. გადაირია, ასე გვიან სად მიდიხარო? ავტომობილი გამოვართვი და მარტო წავედი ავარიის ადგილას. ვიტალის მანქანა უკვე ხარაგაულის პოლიციის ეზოში იდგა, ცხედარი კი მხოლოდ 13 დღის შემდეგ იპოვეს... სულ ამბობდა, რა თარსი, 13 ბედნიერი რიცხვია ჩემთვისო! 13-ნომრიანი მაისურით თამაშობდა, ქორწილიც ამ რიცხვში ჰქონდა, 13 დეკემბერს დაიღუპა და ცხედარს ავტოსაგზაო შემთხვევიდან 13 დღის შემდეგ მიაკვლიეს.

- მას შემდეგ "დინამო" ვეღარც გაიმართა წელში...
- გუნდიდან რამდენიმე ფეხბურთელი გაგვიშვეს - ყველაფერი მოგებული აქვთ და მოტივაცია აღარ ექნებათო... რა სისულელეა?! მსოფლიო ჩემპიონიც რომ იყო, თუ მოედანზე გადიხარ, ბოლომდე უნდა დაიხარჯო - მაყურებელს ხომ არ დააღალატებ?! "დინამოში" ბევრი ახალგაზრდა, ნიჭიერი მოთამაშე მივიდა: ჟორდანია, ცაავა, ჟვანია, უმცროსი მიხეილ მესხი. სამწუხაროა, რომ გუნდმა დიდ წარმატებას ვეღარ მიაღწია.

- 2020 წელს ფეხბურთმა დიეგო მარადონა დაკარგა!
- მესი და რონალდუ ძალიან მაგრები არიან, მაგრამ დიეგოს მათზე ბევრად მაღლა ვაყენებ! ჩემთვის საუკეთესო ფეხბურთელები პელე, მარადონა და კრუიფი არიან. მოედანს მიღმა დიეგოს ბევრი პრობლემა ჰქონდა და ამას თვითონაც აღიარებდა, მაგრამ სტადიონზე შეუდარებელი იყო!

- საუბრის ბოლოს რომელიმე მხიარული ამბავი გაიხსენეთ საფეხბურთო ცხოვრებიდან...
- ფეხბურთთან დაკავშირებული ამწუთას არაფერი მახსენდება, მაგრამ ერთ კურიოზს მაინც მოგიყვებით: ზუგდიდში მეგობრები ჩამოვიდნენ ჩემს სანახავად. შინ არ დავხვდი, მაგრამ გემრიელად უქეიფიათ და მეორე დილით სახაშესაც მიაგნეს. ხედავენ, რომ მზარეული დახლთან საქმიანობს, თუმცა კარს ვერაფრით აღებენ. წვალობენ, აბრახუნებენ, უშედეგოდ აწვებიან კარს... როგორც იქნა, გამოიხედა "მასპინძელმა" და ჩემს მეგობარს მეგრულად ჰკითხა, რა გნებავთო? ბოდიში, ბატონო, ოთარ გაბელიას მეგობრები კი ვართ, მაგრამ მეგრული ენა არ ვიცითო. ოთარს კი ვიცნობ, მაგრამ კარის გაღებას რად უნდა მეგრულის ცოდნაო?! თურმე კარი გარეთ იღებოდა, ისინი კი შიგნით აწვებოდნენ!

- თქვენი სურვილებიც გაგვანდეთ 2021 წლისთვის...
- საქართველოს და მთელ მსოფლიოს პანდემიის დამარცხებას ვუსურვებ. ერთმანეთი გვიყვარდეს, მოვუფრთხილდეთ, გვახსოვდეს, რომ სამსახურიც, პოლიტიკაც და ყველა სხვა საქმეც დროებითია! უფალმა დაიფაროს ჩვენი სამშობლო. ჩვენი პატრიარქის იუბილეა, ვულოცავ და საქართველოს საიმედოდ დიდხანს სიცოცხლეს ვუსურვებ! უწმინდესთან შეხვედრის ბედნიერება რამდენჯერმე მქონდა. იმ ამბავს მახსენებდა, სსრკ-ის თასის ფინალის დროს პირჯვრის გადაწერისთვის ლამის კარიერა რომ დამასრულებინეს. პენალტების სერიისას (იმ მატჩში ოთარ გაბელიამ სამი თერთმეტმეტრიანი მოიგერია. - რ.შ.) პირჯვარს რომ ვიწერდი, ოპერატორმა მაინცდამაინც მე დამიმიზნა კამერა. გამეორების დროს ეს მომენტი უკვე ამოჭრილი იყო, მაგრამ ხომ იცით, რა დროც იყო და იმ ეპიზოდს დიდი რეზონანსი მოჰყვა.

შსს-ს მოსკოვის "დინამოს" გენერლები, პოლკოვნიკები, პოლიციელები გულშემატკივრობდნენ და ფაქტს მოსკოვიდან ძალიან მკაცრი რეაგირება მოჰყვა. ჟიული შარტავამ მიშველა, თორემ ხანგრძლივი დისკვალიფიკაცია არ ამცდებოდა. რამდენიმე წლის შემდეგ, როცა პატრიარქს ვესტუმრეთ და ჩემი გვარი გამოაცხადეს, დასალოცად მისულს ჩამეხუტა. მერეც ის ამბავი რამდენჯერმე გაიხსენა - ჩვენმა თანამემამულემ (გვარს არ ამბობდა) თასი როგორ მოგვაგებინა, ხომ გახსოვთო?!

რედაქტორის რჩევით
გაქვთ თუ არა საკმარისი ინფორმაცია COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების შესახებ?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
გაქვთ თუ არა საკმარისი ინფორმაცია COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების შესახებ?