"ნაკრების მწვრთნელად ქართველსაც ბევრს უმუშავია და უცხოელსაც. ვინღა დარჩა? - უცხოპლანეტელი?!" - კვირის პალიტრა

"ნაკრების მწვრთნელად ქართველსაც ბევრს უმუშავია და უცხოელსაც. ვინღა დარჩა? - უცხოპლანეტელი?!"

"საქართველოს ნაკრების მწვრთნელად ქართველსაც ბევრს უმუშავია და უცხოელსაც... ვინღა დარჩა? - უცხოპლანეტელი?!"

შესთავაზეს თუ არა საქართველოს ნაკრებში დაბრუნება, რას ფიქრობს ჩრდილოეთ მაკედონიასთან წაგებულ მატჩზე, როდის დაუბრუნდება მოედანს თორნიკე ოქრიაშვილი, რატომ ვერ ითამაშა ჯანო ანანიძემ კვიპროსის ჩემპიონატში და როგორია კოვიდვითარება ხმელთაშუა ზღვაში მდებარე კუნძულზე - ფამაგუსტას "ანორთოსისის" მთავარ მწვრთნელ თემურ ქეცბაიას ექსკლუზიურად ვესაუბრეთ:

- სრული ლოკდაუნი არ არის, მაგრამ კვიპროსშიც ყველაფერი დაკეტილია, დაწესებულია სხვადასხვა შეზღუდვა. სახლიდან გასვლა მხოლოდ მოკლეტექსტური შეტყობინების გაგზავნის შემდეგ არის შესაძლებელი. დღეში ორი სმს-ის გაგზავნის და სამი საათით გასვლის უფლება გაქვს. რაც შეეხება საფეხბურთო ცხოვრებას, ქვეყნის ჩემპიონატი უმაყურებლოდ, მაგრამ შეუფერხებლად გრძელდება.

- მცირე ჩავარდნის შემდეგ "ანორთოსისმა" სატურნირო მდგომარეობა გამოასწორა. - გამოიკვეთა ოთხი კლუბი, რომლებიც ჩემპიონობისთვის იბრძვიან. ამ ეტაპისთვის (ინტერვიუ "ნეა სალამისთან" მატჩამდეა ჩაწერილი. - რ.შ.), ლიდერებს შორის განსხვავება 2-3 ქულაა, თუმცა ჩემპიონატის დასრულებამდე ბევრი რამ შეიცვლება.

- მატჩები კვიპროსშიც ცარიელი ტრიბუნების წინ იმართება. ფეხბურთელები და მწვრთნელები მიეჩვიეთ "მყუდროებაში" თამაშს? - გულშემატკივრის გარეშე თამაში ფეხბურთის ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემაა. კვიპროსის ყველა ძლიერ კლუბს ჰყავს გულშემატკივრების დიდი არმია, რომლებიც გასვლით შეხვედრებზეც დაჰყვებიან, პანდემიის გამო კი ქომაგი აღარც შინ გვყავს. როცა სავსე სტადიონზე თამაშს ხარ მიჩვეული, ცარიელი ტრიბუნების წინ გამოსვლა უჩვეულო და უსიამოვნოა. ეს განწყობაზეც მოქმედებს და ფინანსებზეც. მაგალითად, შემოსავლის 30%-ს "ანორთოსისი" სწორედ ბილეთების გაყიდვიდან იღებს, რაც სულაც არ არის მცირე წილი. მას შემდეგ, რაც სტადიონზე მაყურებლის შესვლა აიკრძალა, ეს თანხა ვიღაცამ ხომ უნდა გადაიხადოს?!

- ფამაგუსტაში ჩვენი ნაკრების ოთხი ფეხბურთელი თამაშობს და ქართველი ქომაგი ამისთვის დიდად გემადლიერებათ. - სამწუხაროდ, თბილისში გამართული სანაკრებო მატჩებიდან "ანორთოსისის" ქართველი ფეხბურთელები დათრგუნვილები და დაშავებულები დაბრუნდნენ. თამაშზე ლაპარაკიც არ არის - უკვე ორი თვეა, ოქრიაშვილს არც უვარჯიშია გუნდთან ერთად. ჩვენი გუნდის თამაშზე ცუდად იმოქმედა დანარჩენი ქართველების ფსიქოლოგიურმა მდგომარეობამაც. სანამ მაკედონიასთან მარცხით გამოწვეულ სტრესს მოიშორებდნენ, დიდი დრო გავიდა. მგონი, გუნდის ერთგვარი ჩავარდნის მიზეზი ესეც იყო - ჩვეულებრივ მდგომარეობაში მყოფი ფეხბურთელები არ დაკარგავდნენ იმდენ ქულას, რამდენიც ნოემბრის შემდეგ გავანიავეთ.

- ოქრიაშვილი "ანორთოსისის" ერთ-ერთი ლიდერია და მისი არყოფნა დაგეტყობოდათ. - არა მარტო ჩვენი კლუბის, ოქრიაშვილი ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია. სამწუხაროდ, 12 ნოემბრის მატჩის შემდეგ თორნიკეს აღარ უვარჯიშია.

- ის თუ იცით, როდის განაახლებს? - არ ვიცი, რა ხდება... ბოლოს და ბოლოს, რა სიმძიმის არის ტრავმა, როდემდე უნდა გაგრძელდეს ამ მდგომარეობაში ყოფნა, კიდევ რამდენი ხანი დასჭირდება რეაბილიტაციისთვის, ექიმებმა უნდა გვითხრან.

- კარგია, რომ ქვილითაია მაინც შეეწყო გუნდს მოკლე ხანში და მნიშვნელოვანი გოლებიც გააქვს. - დიახ, გიორგი თავიდანვე კარგად ჩაერთო შემადგენლობაში. სამივე ქართველი კლუბის ძირითადში თამაშობს. მათი თამაშით კმაყოფილი ვარ. თუმცა ლორიას, დაუშვილსა და ქვილითაიას ქართველობის გამო კი არა, იმიტომ ვათამაშებ, რომ გუნდისთვის სასარგებლონი არიან!

- გასულ სეზონში შანსი ანანიძესაც მიეცით. რატომ ვერ "გაიხსნა" ჯანო "ანორთოსისში"? - მას უნდა ჰკითხოთ. მინდოდა ჩემი გუნდიც გამეძლიერებინა და ანანიძისთვისაც მიმეცა თავის გამოჩენის შესაძლებლობა. სამწუხაროდ, მოუმზადებელი ჩამოვიდა კვიპროსში, ჩვენ კი იმის დრო არ გვქონდა, ჩემპიონატის მსვლელობისას ფეხბურთელის ფორმაში შესვლას დავლოდებოდით. ამას ჯანოს ტრავმაც დაემატა და ჩვენი დიდი მოლოდინი არ გამართლდა.

- ჯანოსთან ნაკრებშიც გიმუშავიათ და მისი შესაძლებლობები კარგად იცით. გჯერათ, რომ კიდევ აქვს მაღალ დონეზე თამაშის პოტენციალი? - ნიჭიერი რომ არის და თამაში შეუძლია, მხოლოდ მე კი არა, ყველამ ვიცით! თუმცა ჯერ მისგან უნდა გაიგოთ, კიდევ უნდა თუ არა თამაში. ვერ გეტყვით, ამჟამად რა მდგომარეობა აქვს ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური თვალსაზრისით. თუ შეუძლია და სურს, ალბათ, კიდევ ცდის, მაგრამ თუ დაიღალა და ფეხბურთი აღარ აინტერესებს, გადაწყვეტილებას სხვა ხომ ვერ შეაცვლევინებს?

- გასული წლის მთავარ მატჩზე გადავიდეთ: მაკედონიასთან თამაშის წინ თბილისში "ანორთოსისის" ქართველ ფეხბურთელებთან ერთად ჩამოხვედით. - ცხადია, მეც მინდოდა ასეთ მნიშვნელოვან მატჩზე დასწრება. პანდემიის დროს ნაკრების ფეხბურთელებს თბილისში ჩამოსვლამდე მთელი ევროპა რომ არ მოევლოთ, ფეხბურთის ფედერაციამ მათთვის თვითმფრინავი დაიქირავა და სამშობლოში ჩემს მოთამაშეებთან ერთად ჩამოვედი.

- მაკედონიასთან მარცხის შემდეგ თქვენი შეგირდები როგორ ხასიათზეც იქნებოდნენ, გასაგებია, მაგრამ თამაშამდე რა განწყობა ჰქონდათ? რას ატყობდით გუნდში ყოფნისას ან თბილისისკენ მგზავრობისას? - გამარჯვება მათ სამომავლო თამაშზეც აუცილებლად აისახებოდა. თუმცა წავაგეთ და ნაკრების მოთამაშეთა დიდმა ნაწილმა ჯერ კიდევ ვერ "გადახარშა" 12 ნოემბერს განცდილი მარცხი. შოკისგან ჯერაც ვერ გათავისუფლდნენ ის მოთამაშეები, ვისაც მართლაც უყვარს თავისი ქვეყანა, ვისაც გული შესტკივა და წარმატებისთვის ყველაფერს აკეთებს. რაც შეეხება თამაშამდე განწყობას, ვისაც ველაპარაკე, ყველა მოტივირებული და მოსაგებად შემართული იყო. ისიც სათქმელია - "დინამო არენა" ცარიელი რომ არ ყოფილიყო, საქართველოს ნაკრები აუცილებლად მოიგებდა!

- გულშემატკივართა უმეტესობის აზრით, ფეხბურთის ფედერაციას მეტი მონდომება და აქტიურობა მართებდა ამ საკითხის მოსაგვარებლად... თქვენ რას იტყვით? - საქართველოში არ ვცხოვრობ, ყველა დეტალი არ ვიცი და კვიპროსიდან ამ თემაზე ლაპარაკი არასერიოზული იქნება. თუმცა ვიმეორებ: ეჭვი არ მეპარება, რომ მაყურებელთან ერთად ჩვენი გუნდი მაკედონიას აუცილებლად დაამარცხებდა!

- გულშემატკივრის არყოფნას თამაშამდე რამდენიმე დღით ადრე შევეგუეთ, მაგრამ კორონავირუსის გამო წამყვანი მოთამაშეების მატჩის წინადღეს გამოკლება ნამდვილი შოკი იყო როგორც გუნდის, ისე ქომაგებისთვისაც. - საკუთარ მოედანზე თამაში დამატებითი წნეხი იყო საქართველოს ნაკრებისთვის. ჩვენს გუნდს ისედაც უჭირს აუცილებლად მოსაგებ მატჩებში გამარჯვება. ამას დაერთო კვარაცხელიას, შენგელიას, კიტეიშვილის გამოკლებაც, იმ ფეხბურთელებისა, რომლებსაც თამაშის გამწვავება, მომენტების შექმნა შეუძლიათ. მარცხის მიზეზად ბევრი რამ დასახელდა, მათ შორის მწვრთნელის ფაქტორიც. მაგრამ მე თუ მკითხავთ, ასეთი მნიშვნელობის მატჩში მწვრთნელი სულ არ არის საჭირო - უნდა გახვიდე, ითამაშო და გაიმარჯვო! სამწუხაროდ, იმასაც ვერ ვიტყვით, ფეხბურთელებმა კარგად ითამაშეს, მომენტები შექმნეს, მაგრამ გოლი ვერ გაიტანესო. ფაქტობრივად, რეალური საგოლე ეპიზოდი ვერც შევუქმენით მაკედონიას, რომელიც ჩვენზე ორგანიზებული გუნდი ჩანდა. რამდენიც უნდა ვილაპარაკოთ უიღბლობაზე, გამოკლებულ მოთამაშეებზე, ამ დონის მატჩებში გამოუცდელობაზე, მწვრთნელის თუ ფეხბურთელების შეცდომებზე, ფაქტი ფაქტად რჩება - ვერ ვითამაშეთ, გამარჯვება ვერ დავიმსახურეთ! მაკედონიის ნაკრებმა უფრო მეტი გააკეთა ამ თამაშის მოსაგებად.

- თქვით, რომ ასეთი მნიშვნელობის მატჩებში მწვრთნელის როლი მეორე პლანზე გადადის და ყველაფერი მოედანზე წყდება. მაგრამ როცა ხედავს, რომ მის გუნდს არაფერი გამოსდის, რაღაცის შეცვლა არ უნდა სცადოს? - ურემი რომ გადაბრუნდება და თამაში დასრულდება, მერე ყველა ხედავს, რა "იქნებოდა უკეთესი". მაკედონიის შემდეგაც ხომ იყო მნიშვნელოვანი მატჩები, ითამაშა რომელიმე ფეხბურთელმა?

- მაკედონიასთან წაგების შემდეგ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები ნირწამხდარი, განადგურებული იყვნენ! - გასაგებია. არც იმას ვამტკიცებ, რომ მწვრთნელს შეცდომები არ ჰქონია. როცა ხუთი ცვლილების უფლება გაქვს და ხედავ, რომ შენს ფეხბურთელებს არაფერი გამოსდით, რამდენიმე ცვლილება მაინც ხომ უნდა გამოიყენო? მაგრამ ვლადიმერ ვაისი გუნდთან ერთად იყო ერთი კვირის განმავლობაში, ყველაზე უკეთ იცოდა შეგირდების ფსიქოლოგიური და ფიზიკური კონდიციების შესახებ და, ალბათ, სათადარიგო მოთამაშეთა შორის ვერ დაინახა ის ფეხბურთელები, რომლებიც რაღაცას შეცვლიდნენ მოედანზე. როცა გუნდი აგებს, პირველ რიგში მწვრთნელია დამნაშავე, ის იღებს თავის თავზე ბევრ რამეს, მაგრამ არა მგონია, იმ მოცემულობაში, რაც ვაისს მაკედონიასთან ჰქონდა, განაცხადში მყოფ ფეხბურთელთაგან რომელიმეს რადიკალურად შეეცვალა თამაშის მიმდინარეობა.

- მაგრამ ხომ უნდა ეცადა მაინც? შეტევაში არაფერი გამოგვდიოდა და სათადარიგოები მოედანზე მყოფებზე უარესს რას გააკეთებდნენ? რამდენიმე ფეხბურთელი თუნდაც იმიტომ უნდა შეეცვალა დროულად, რომ სათქმელი ჰქონოდა, რაც შემეძლო, ყველაფერი ვცადეო! - თამაშის მიმდინარეობისას მწვრთნელი იმაზე ხომ არ ფიქრობს, ვინმეს სალაპარაკო არ მივცეო? ფეხბურთელებს ძირითადში ვათამაშებ იმიტომ, რომ მათი სათადარიგოებზე მეტად მჯერა! შეიძლება სასტარტო შემადგენლობის შერჩევისას შევცდი კიდეც და შესაძლოა სხვას უკეთესად ეთამაშა, მაგრამ ვისიც ყველაზე მეტად მეიმედებოდა, თამაში მათ დავაწყებინე!

- საქართველოს ნაკრების მწვრთნელიც იყავით და ცხადია, ახლაც ადევნებთ თვალს: როგორი მწვრთნელი სჭირდება ჩვენს გუნდს? - გადაწყვეტილებას საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია იღებს და ჯობს, ეს კითხვა მას დაუსვათ.

- ქართველი თუ უცხოელი? ამას გეკითხებით... - ქართველსაც ბევრს უმუშავია და უცხოელსაც. ვინღა დარჩა? - უცხოპლანეტელი?! მნიშვნელოვანია, მწვრთნელი კარგად იცნობდეს იმ ქვეყანას, ხალხს, ფეხბურთს, სადაც უნდა იმუშაოს, მაგრამ არის ასეთი კაცი? თუ არ არის, იყოს უცხოელი. მთავარია, საქმე გააკეთოს...

- საქართველო მგონი ერთადერთი ქვეყანაა, სადაც ფეხბურთი არ აინტერესებთო, თქვით. რას გულისხმობდით? - აღარ არსებობს და ვის უნდა აინტერესებდეს? თქვენ მანდ ცხოვრობთ და ჩემზე უკეთ არ იცით? საქართველოს ჩემპიონს ფარერების გუნდი 6:1-ს რომ მოუგებს, რა ფეხბურთზეა ლაპარაკი!

- ამ ყველაფერს მიზეზი ხომ აქვს? რაც უნდა დაჩაჩანაკებული ვიყოთ, როგორ დავიჯეროთ, ნახევრად სამოყვარულო კლუბის ფეხბურთელი ქართველზე უკეთ თამაშობს... - რა გიკვირთ? ჯერ კიდევ ათი წლის წინ ვამბობდი: მოვა დრო, როცა ფეხბურთი საქართველოში მოყვარულების დონეზე იქნება-მეთქი. დღეს სწორედაც მოყვარულების ფეხბურთი გვაქვს. 30 წლის წინ, როცა კვიპროსში ჩამოვედი, პოლიციელებთან, მეხანძრეებთან, ფოსტალიონებთან მიწევდა თამაში, მაგრამ დღეს სად არიან?.. რა ისტორია აქვს საქართველოს და რა - კვიპროსულ ფეხბურთს, მაგრამ კვიპროსის ჩემპიონატი უეფას რეიტინგში მეთოთხმეტე ადგილზეა, საქართველო - მეორმოცეზე! იმიტომ, რომ კვიპროსში არის ხალხი, რომლებსაც ფეხბურთიც უყვართ და ქვეყანაც. ბიზნესმენები ფეხბურთში ფულს აბანდებენ, სახელმწიფოც ეხმარება გუნდებს, სტადიონებს აკეთებს...

- კლუბებს საქართველოშიც ეხმარებიან, ახალი სტადიონებიც შენდება... - და გვეუბნებიან, შედეგი მაჩვენე და ფულს მერე ჩავდებო. შედეგს თუ მივაღწიე, მერე რაღად მინდა დახმარება? 2-3 ათას ლარად ვის ჩამოიყვან და ათამაშებ? რამდენ ფულსაც აძლევენ საქართველოში კლუბებს, იმ დონის ჩემპიონატიც გვაქვს! სახელმწიფო რაც შეუძლია, ეხმარება კლუბებს, ის რომ არა, ეროვნული ჩემპიონატი ვერც ჩატარდებოდა, მაგრამ სხვები სად არიან?! წელიწადში მილიონ ლარად, ანუ 300 ათას ევროდ გვინდა ევროპაში შედეგის ჩვენება?! განა საქართველოში ცოტაა ხალხი, რომელსაც ფეხბურთში ფულის დაბანდება შეუძლია?! მაგრამ არ აინტერესებთ. ხომ ხედავთ, მთელი ქვეყანა პოლიტიკაზეა გადასული, დღედაღამ პოლიტიკაზეა ლაპარაკი, მეტი არავის არაფერი აინტერესებს.

- ფიქრობთ, რომ ევროპის ჩემპიონატზე გასვლის ჩინებული შანსის განიავება კიდევ უფრო გაზრდის ნიჰილიზმს? - იმის ნაცვლად, ვამბობდეთ, წავაგეთ, მაგრამ არა უშავს, უფრო მოვინდომოთ, ფეხბურთის გასაცოცხლებლად მეტი გავაკეთოთო, ყოველ წუთს გვესმის, რომ "წლის სირცხვილი", "წლის იმედგაცრუება" მხოლოდ ფეხბურთი ყოფილა. არაფერი გაკეთებულა და რისი იმედი უნდა გვქონდეს?

- ისევ საქართველოს ნაკრებს დავუბრუნდეთ. ვიცით, რომ კლუბთან კონტრაქტი გაკავშირებთ და არასად წასვლას არ აპირებთ, მაგრამ... სფფ-დან ვინმე ხომ არ შეგხმიანებიათ? - არა. ვმუშაობ, კლუბთან კონტრაქტი მაკავშირებს და რა შემოთავაზებაზეა ლაპარაკი?

- გიფიქრიათ დაბრუნებაზე? თუ 2014 წელს ნაკრების თავკაცის პოსტიდან იმდენად გაბრაზებული წახვედით, რომ ეს საკითხი აღარც განიხილება?

- გაბრაზებული არ წავსულვარ. ნაკრებში ხუთ წელიწადს ვიმუშავე და იმ დროისთვის რაც შეიძლებოდა, ყველაფერი გავაკეთეთ. როცა დავინახე, რომ რესურსი ამოიწურა და ეროვნულ გუნდს ცვლილება სჭირდებოდა, წამოვედი. თორემ ცოტა ხანს ნამდვილად არ ვყოფილვარ - საქართველოს ნაკრებში 5 წელი მუშაობა იგივეა, სხვაგან 50 წელიწადი იმუშაო! რაც შეეხება დაბრუნებას, "არასდროს თქვა არასოდეს!"