სვანეთი და გუდაური დაიტომბა - კვირის პალიტრა

სვანეთი და გუდაური დაიტომბა

"სიღნაღიზაცია" დამთავრდა და ბათუმის შემდეგ ახლა ყველაზე დიდი ყურადღება მესტიას ექცევა. ქვეყნის ხელმძღვანელობას სვანეთის სამთო-სათხილამურო ტურიზმის ცენტრად გადაქცევა აქვს გულში ამოჭრილი და ამისთვის არაფერს იშურებს.

სწორედ საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტების პოპულარიზაცია და უცხოური ინვესტიციების მოზიდვა იყო ამ დარგის ექსპერტთა და ჟურნალისტთა დიდი დელეგაციის სვანეთში სტუმრობის მიზანი. ვიზიტის ინიციატორი საქართველოს სამთო-სათხილამურო ფედერაცია გახლდათ, მხარდამჭერები - კომპანია "სილქნეთი", "სილქ როუდ ჯგუფი" და სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო. უცხოური დელეგაციის მთავარი ვარსკვლავი კი ლეგენდარული იტალიელი მოთხილამურე, ზამთრის ოლიმპიადებისა და მსოფლიო ჩემპიონატების მრავალგზის გამარჯვებული ალბერტო ტომბა გახლდათ.

სტუმრებმა ჯერ მესტია დაათვალიერეს,  ადიში, უშბის მყინვარისა და ჰაწვალ-ზურულდის სათხილამურო ტრასები "დააჭაშნიკეს" და უშბაზე საზაფხულო სათხილამურო სეზონის პერსპექტივებზეც იმსჯელეს. რაც შეეხება ტომბას, არც ისე პატარა ასაკის (სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი 45 წლისაა - ავტ.) მიუხედავად, სვანურ თოვლზე გულიანად ისრიალა და არც საქებარი სიტყვები დანანებია.

სხვაგვარადაც რომ ყოფილიყო, ძნელი წარმოსადგენია, იტალიელს ეთქვა, აქაური ტრასები არ მომეწონაო.

ერთი კი ცხადია, "დატომბილ" სვანეთს სახელი იმაზე გაცილებით შორს გაუვარდება, ვიდრე "დატომბვამდე" ჰქონდა. ვიზიტის ბოლო დღეს ალბერტო ტომბა გუდაურსაც ესტუმრა და საქართველოს ჩემპიონატის პრიზიორები დააჯილდოვა.