ზიდანმა ჩეჩნეთი უარყო - კვირის პალიტრა

ზიდანმა ჩეჩნეთი უარყო

ლეგენდარულმა ფრანგმა ფეხბურთელმა ზინედინ ზიდანმა, რომელიც ამჟამად მადრიდის "რეალში" მრჩევლის თანამდებობაზე მუშაობს, უარყო ინფორმაცია ჩეჩნეთში მისი შესაძლო სტუმრობის შესახებ.

საინფორმაციო წყაროებში გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს "ზიზუ" ერთ-ერთი იქნებოდა იმ საპატიო სტუმართაგან, რომლებიც 9 მაისს გროზნოში გასამართავ საზეიმო ღონისძიებებს უნდა დასწრებოდნენ. გამარჯვების დღის აღსანიშნავად ჩეჩნეთის დედაქალაქში ახალი სტადიონისა და სპორტული კომპლექსის გახსნა იგეგმება. ჩეჩნურმა მხარემ იმედი გამოთქვა, რომ ზიდანის გარდა, იმ დღეს მიშელ პლატინი და რომელიმე სუპერკლუბიც (მაგალითად, "ბარსელონა" ან "მანჩესტერ სიტი") ჩავა.

თუმცა, თავად ფეხბურთელმა ეს პერსპექტივა უკვე გამორიცხა. "დავიწყოთ იქიდან, რომ მსგავს ღონისძიებასთან დაკავშირებით, არანაირი მოწვევა არ მიმიღია. ასეც რომ ყოფილიყო, იმდენად დაკავებული ვარ, ჩეჩნეთში ჩასვლას მაინც ვერ შევძლებდი", - აღნიშნა "ზიზუმ", რომელიც აშკარად გაღიზიანებული ჩანდა იმის გამო, რომ მის სახელს უამრავ ღონისძიებას "მიაწებებენ" ხოლმე.