კოკაის შანსი გაუჩნდა - კვირის პალიტრა

კოკაის შანსი გაუჩნდა

ჩვენი გაზეთის გასულ ნომერში ტოკიოში მყოფ ქართველ სუმოისტთან, ლევან ცაგურიასთან (კოკაი) ინტერვიუ შემოგთავაზეთ.

იაპონიაში მომხდარი სტიქიური უბედურებების შემდეგ, ამომავალი მზის ქვეყანა ათასობით ადამიანმა დატოვა, თუმცა, სუმოს თავისი მკაცრი წეს-კანონები აქვს და საქართველოს საკონსულოს რეკომენდაციის მიუხედავად, ადგილობრივმა ფედერაციამ მოჭიდავეებს ტოკიოს დატოვების უფლება არ მისცა. მეტიც, უცხოელ სუმოისტებს პირდაპირ უთხრეს, თუ ტოკიოდან წახვალთ, მაშინ სუმოსაც უნდა დაემშვიდობოთო.

ბუნებრივია, დანარჩენი ქართველების - ტოჩინოშინის (ლევან გორგაძე) და გაგამარუს (თეიმურაზ ჯუღელი) მსგავსად, კარიერის დასრულება არც კოკაის სურს და ამიტომაც სხვებთან ერთად ისიც მოთმინებით ელოდა სუმოს ფედერაციის გადაწყვეტილებას, რომელსაც მომავალი ბაშოს გამართვის თარიღი და პირობები უნდა დაედგინა. შეგახსენებთ, რომ გარიგებულ ორთაბრძოლებთან დაკავშირებული სკანდალის გამო, მარტში დაგეგმილი სუპერტურნირი ჯერ კიდევ 11 მარტის მიწისძვრამდე კარგა ხნით ადრე გადაიდო.

და აი, გასულ კვირას, იაპონური სუმოს თავკაცებმა დაადგინეს, რომ მომავალი ბაშო ტოკიოში 8-22 მაისს ჩატარდება, თუმცა ის ჩვეულებრივი ტურნირებისგან განსხვავებული იქნება. სასჯელის ნიშნად, სუმოისტებს სპონსორთა ჰონორარების გარეშე დატოვებენ, მარტის ბაშოს "ჩაგდებისთვის" კი გულშემატკივრებს ბოდიშს იმით მოუხდიან, რომ ტოკიოს "რიოგოკუ კოკუგიკანში" შესვლა უფასო იქნება.

და ჩვენთვის ყველაზე მთავარი - გარიგებულ მატჩებთან დაკავშირებული სკანდალის გამო სუმოს ფედერაციამ რამდენიმე მოჭიდავეს აუკრძალა ასპარეზობის გაგრძელება, რის გამოც უმაღლეს დივიზიონში ადგილები გათავისუფლდა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ კოკაის, რომელიც იანვრის ბაშოს შემდეგ ბოლო შვიდი წლის განმავლობაში პირველად დაქვეითდა რანგით მეორე დივიზიონში, ელიტაში პირდაპირ დაბრუნების შანსი ეძლევა.