დისკოთეკა... ფორმის აღსადგენად - კვირის პალიტრა

დისკოთეკა... ფორმის აღსადგენად

მოთამაშეებისთვის მოტივაციის ასამაღლებლად ყველა გუნდის ხელმძღვანელს თავისი ხერხი აქვს, - ზოგი პრემიას ჰპირდება თავის ფეხბურთელებს, ზოგი ახალ კონტრაქტს და სხვ. აი, სოფიის "ლევსკის" ბოსებმა კი ორიგინალური გადაწყვეტილება მიიღეს და კლუბის მალელ თავდამსხმელ გარა დემბელეს...

დისკოთეკებზე სტუმრობის ნება დართეს. ბულგარული კლუბის ხელმძღვანელების აზრით, ეს ერთადერთი გზაა, რომელიც ფეხბურთელს ძველ ფორმას დაუბრუნებს. გასული წლის დეკემბერში დემბელეს მართვის მოწმობა მას შემდეგ ჩამოართვეს, რაც ერთ-ერთი დისკოთეკიდან წამოსვლის შემდეგ ავტომანქანას მთვრალი მართავდა. ამ ინციდენტის მერე "ლევსკიმ" ფეხბურთელი მკაცრ კონტროლზე აიყვანა და დისკოთეკებზე სიარული აუკრძალა. შედეგი?

დეკემბრის შემდეგ თავდამსხმელმა მხოლოდ ერთი გოლი გაიტანა... "ვცდილობთ, როგორმე დავუბრუნოთ ფეხბურთელს სიცოცხლის ხალისი. დემბელე ნამდვილად აღარ არის ისეთი მოთამაშე, როგორიც ადრე იყო, საღამოობით ვეღარ ერთობა და, ბუნებრივია, ვერც დისკოთეკებზე დადის. მკაცრი რეჟიმის გამო დათრგუნვილია. ამიტომაც გადავწყვიტეთ, მეტი თავისუფლება მივანიჭოთ. ვფიქრობთ, ეს ერთადერთი საშუალებაა, რომელიც შესაძლებლობას მისცემს გარას, ისევ დაიბრუნოს ძველი კონდიცია", - ნათქვამია კლუბის განცხადებაში.

P. S. ა, ბატონო, ხალხი, ზრუნავენ საკუთარ ფეხბურთელზე. ზოგიერთებს კი არ ჰგვანან, რომ აუჩემებიათ და თავიანთ მოთამაშეებს უჩიჩინებენ: არ დალიო! არ მოწიო! ცოლი არ მოიყვანოო... "შერეკილების" არ იყოს - დისკოთეკის გარეშე, ცოლის გარეშე, აბა, ვინ გაფრენილა?!