"სერიალის კონსულტანტი გარი კასპაროვი ყოფილა! მას ნამდვილად არ შეეძლო ასეთი შეცდომის დაშვება" - ნამდვილი დედოფალი "მირორმაც" აირეკლა
"სერიალის კონსულტანტი გარი კასპაროვი ყოფილა! მას ნამდვილად არ შეეძლო ასეთი შეცდომის დაშვება" - ნამდვილი დედოფალი "მირორმაც" აირეკლა
"1978 წელს ოფიციალურად მომენიჭა ვაჟი დიდოსტატის წოდება და გავხდი ამ წოდების მქონე პირველი ქალი"

ნეთფლიქსის ახალ სერიალს The Queen’s Gambit ("ლაზიერის გამბიტი"), საქართველოშიც დიდი გამოხმაურება მოჰყვა. უმეტესწილად ფილმში ნახსენები ტყუილის გამო - თითქოს ლეგენდარულ ქართველ დიდოსტატ ნონა გაფრინდაშვილს არასდროს უთამაშია მამაკაცების წინააღმდეგ! ამ თემით დაინტერესდა არაერთი ევროპული საინფორმაციო საშუალება, მათ შორის ბრიტანული გამოცემა The Mirror. სწორედ პოპულარული ინგლისური ტაბლოიდის თხოვნით ჩავწერე მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონთან ინტერვიუ, რომელიც "მირორმა" დეკემბერში დაბეჭდა. ცხადია,
ბრიტანელებთან ერთად ქართველ მკითხველსაც დააინტერესებს საუბარი, რომელშიც ქალბატონი ნონა მამაკაცი დიდოსტატების წინააღმდეგ გამართულ პარტიებს იხსენებს:

- სერიალ "ლაზიერის გამბიტზე" პირველად ჩემი შვილიშვილი მელაპარაკა. მალევე სატელეფონო ზარებიც დაიწყო... ვინც ჩემი ბიოგრაფია იცის, ყველამ შეამჩნია, რომ ძალიან უხეში შეცდომაა დაშვებული. ამას შეცდომაც არ ჰქვია: როცა ფილმი რეალურ
ადამიანზეა და არა მოგონილ პიროვნებაზე, აუცილებელია ფაქტების გადამოწმება!
თავდაპირველად რთული იყო ამის გააზრება, შეურაცხმყოფელიც არის, რადგან სწორედ მე ვიყავი პირველი ქალი, რომელიც 21 წლის ასაკში, მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის მოპოვებიდან მალევე, მიმიწვიეს ჰასტინგსის ტრადიციულ და პრესტიჟულ ტურნირში. ჰასტინგსში ერთადერთი ქალი მონაწილე ვიყავი, თუმცა სწორედ მე მოვიგე წრიული სისტემით გამართული ის ტურნირი და 1963 წლიდან რეგულარულად დავიწყე მამაკაცებთან თამაში.

- ჰასტინგსში მეორედაც ხომ მიგიწვიეს?
- 1965 წელს. მთავარ ტურნირში მოვასწარი შეხვედრა ორ უძლიერეს დიდოსტატთან: ესტონელ პაულ კერესთან, რომელსაც "მუდმივ მეორეს" უწოდებდნენ, და იუგოსლავიის ნაკრების მუდმივ ლიდერ სვეტოზარ გლიგორიჩთან. იმის მიუხედავად, რომ პირველად ვეთამაშე ამ დონის მოჭადრაკეს, კერესთან შავი ფიგურებით ყაიმი გავაკეთე. დებიუტიდან სულ რაღაც წელიწად-ნახევრის შემდეგ კი ჩემ მიმართ ყველა მეტოქე მამაკაცი სიმპათიით იყო განწყობილი.

- მამაკაცთა რომელი ტურნირი გახსოვთ გამორჩეულად?
- ჩემს საუკეთესო გამოსვლად მივიჩნევ ლოუნ პაინის 1977 წლის ტურნირს, რომელიც აშშ-ის არაოფიციალურ ჩემპიონატად მიიჩნეოდა და მხოლოდ სპეციალურად მიწვეული მოჭადრაკეები თამაშობდნენ. 48 მონაწილიდან უმეტესობა თავისი ქვეყნის ეროვნული ნაკრების წევრი იყო. ერთადერთი ქალი ვიყავი, თუმცა 1-4 ადგილები გავიყავი და ვაჟი დიდოსტატის ნორმაც შევასრულე! შედეგად, 1978 წელს ოფიციალურად მომენიჭა ვაჟი დიდოსტატის წოდება და გავხდი ამ წოდების მქონე პირველი ქალი. მანამდეც და მერეც არაერთი ლამაზი პარტია მითამაშია უძლიერესი მამაკაცების წინააღმდეგ.

- და ცხადია, შეურაცხმყოფელი იყო იმის მოსმენა, თითქოს "მამაკაცების წინააღმდეგ არასდროს გითამაშიათ".
- სერიალის კონსულტანტი გარი კასპაროვი ყოფილა! მას ნამდვილად არ შეეძლო ასეთი შეცდომის დაშვება, რადგან ყოველთვის პატივისცემით იყო ჩემ მიმართ განწყობილი, ჩემი ისტორიაც მშვენივრად იცოდა და დაუშვებელია არ შეესწორებინა.

- თავის გასამართლებლად არც ის არგუმენტი გამოდგება, რომ სერიალში მოქმედება 1965 წელს ვითარდება. თქვენ ხომ მამაკაცების წინააღმდეგ 1963 წლიდან თამაშობდით...
- 1963 წლიდან საერთაშორისო ტურნირებში, თორემ მანამდე საქართველოს პირველობებზეც არაერთხელ მითამაშია მამაკაცების წინააღმდეგ. არაერთი უმაღლესი დონის მოჭადრაკე გვყავდა: ტიგრან პეტროსიანი თბილისშია დაბადებული და მოსკოვში გადაბარგებამდე ქართველი მწვრთნელი ამზადებდა. გვყავდა ქარსელაძე, გოგლიძე, ებრალიძე, საქართველოს უპირობო პირველი ნომერი, უნიჭიერესი ბუხუტი გურგენიძე... მასთან და სხვა მამაკაცების წინააღმდეგ უკვე არაერთი პარტია მქონდა ნათამაშები.

- შესაძლებელია პარალელის გავლება სერიალის მთავარ გმირსა და თქვენ შორის?
- ჰასტინგსში არავისგან მიგრძნია შეურაცხყოფა ან აგდებული მიდგომა. პირიქით, მამხნევებდნენ და მაქებდნენ კარგი თამაშისთვის. ხანგრძლივი პარტიების თამაში მომქანცველი იყო, მაგრამ მაინც მომწონდა, პირველი ტურნირის დროს ყველა გამწარებული რომ ცდილობდა, ჩემთან არ წაეგო. მაშინ 10, 12, 16-კაციანი ტურნირები წრიული სისტემით იმართებოდა. ხუთი საათი ვთამაშობდით, თუ პარტია არ დასრულდებოდა, ვახშმის შემდეგ კიდევ ორი საათი უნდა გვეთამაშა, თუ საჭირო იყო, დილით დამატებით ორი საათი და შემდეგ ახალი პარტია! მამაკაცები ერთმანეთთან მალევე აკეთებდნენ ხოლმე ყაიმს, მე კი ყველა ბოლომდე მეთამაშებოდა - რცხვენოდათ ჩემთან წაგების. კერესი ნამდვილი ჯენტლმენი იყო, მაგრამ ვერაფრით ურიგდებოდა ფაქტს, რომ თეთრი ფიგურებით ყაიმს აკეთებდა პატარა გოგონასთან! ამიტომაც იმდენ ხანს ვითამაშეთ, რომ პარტია გადაიდო... საბოლოოდ ყაიმზე შევთანხმდით. არაერთხელ მითამაშია რუმინელ დიდოსტატ ვიქტორ ჩოკალტესთან. ვაჟთა ერთ-ერთ ტურნირზე (იქაც ერთადერთი ქალი მონაწილე ვიყავი) მეტოქემ ჩემთვის უცნობი სიახლე გამოიყენა. მოგვიანებით მომიყვნენ, ჩოკალტეს უთქვამს: ნონასთვის ეს ჯერ ახალია, მაგრამ ახლა გვანახებს, როგორ უნდა ამ სიტუაციაში თამაშიო. მართლაც ვანახე - ნახევარი საათი ვიფიქრე და მოვიგე ის პარტია! იუგოსლავიაში ბელა ცრკვას ტურნირზე ვეთამაშე უძლიერეს ტაქტიკოსს, იუგოსლავიის ნაკრების უცვლელ წევრს დრაგოლუბ ველიმიროვიჩს. დასაწყისშივე შემომწირა ფიგურა, სამი პაიკის აღება მოახერხა და მეოთხესაც დაემუქრა. თუ იმ პაიკსაც დავთმობდი, აღარაფერი მიშველიდა და დავიწყე შეტევა. უამრავი სხვადასხვა ტაქტიკა გამოვიყენეთ და საბოლოოდ ყაიმით დავასრულე პარტია. როცა ყველა ფიგურა გავცვალეთ, დაფასთან შეკრებილმა მოჭადრაკეებმა ტაში დაგვიკრეს! ჩემი პარტიების პირველ წიგნში მხოლოდ ეს ერთადერთი ყაიმია შესული, ყველა იმ პარტიას არჩევდა და იმ ყაიმმა წლის საუკეთესო პარტიის პრიზიც დაიმსახურა!

- სახელგანთქმული მიხეილ ტალის წინააღმდეგაც ხომ გითამაშიათ?
- მიშა დიდებული მოჭადრაკე იყო. ჰასტინგსში ერთ-ერთი დასვენების დღეს პარტიები ხუთწუთიან ბლიცში ჩატარდა. მაშინ პირველად ვითამაშე გონგის თანხლებით - საათის ნაცვლად გონგი იყო და როცა დაჰკრავდა, სვლა უნდა გაგეკეთებინა. მე და ტალი პირველივე ტურში შევხვდით: ფიგურა შემომწირა, მე კი თავი დავიცავი და მოვუგე. ნამატჩევს ვკითხე, ასეთი შეცდომა როგორ დაუშვი, ხომ ეტყობოდა, რომ ის სვლა არ გაამართლებდა-მეთქი? რამდენად გულწრფელი იყო, ვერ გეტყვით, მაგრამ ასე მიპასუხა, დარწმუნებული არ ვიყავი, შეწირვა გაამართლებდა თუ არა, მაგრამ ისიც მაინტერესებდა, თავს როგორ დაიცავდიო. ჰოდა, ხომ მიიღე-მეთქი?! ბლიცტურნირის ფინალში ხუთნი გავედით და ყველა პარტია მოვიგე. კიდევ ვის გავიხსენებ? უფრო ადვილი იქნებოდა გვეთქვა, ვისთან არ მითამაშია! ჩემი და წინა თაობის დიდოსტატების უმეტესობასთან: სპასკისთან, გლიგორიჩთან, კერესთან, კურაიცასთან... ბოტვინიკთან ჭადრაკი არ მითამაშია (ერთხელ კი წავედით ერთად, მაგრამ ის მამაკაცების ტურნირში თამაშობდა, მე - ქალებში), სამაგიეროდ, ბილიარდი მაქვს ნათამაშები.

- მამაკაც მოჭადრაკეებს არ უკვირდათ, ტოლ-სწორად რომ ეთამაშებოდით? მანამდე ხომ ქალთა ჩემპიონატებს მაღალ შეფასებებს არ აძლევდნენ?
- გარკვეულწილად, ამაში ვეთანხმები კიდეც, რადგან არ იყო სათანადო ხარისხი. ფაქტობრივად, მე შევქმენი პრეცედენტი და მერე მამაკაცთა ტურნირებში დაიწყეს თამაში ნანა ალექსანდრიამ, მაია ჩიბურდანიძემ და სხვებმა, მოგვიანებით დებმა პოლგარებმა, პია კრამლინგმა და ა.შ. მთლიანობაში ლოგიკურიც არის, მამაკაცი უკეთესი მოჭადრაკე რომ იყოს, მაგრამ საერთაშორისო ტურნირების დროს ბევრ სხვადასხვა ფაქტორს აქვს მნიშვნელობა. არის კომპონენტები, რომელთა გარეშეც მწვერვალების დაპყრობას მხოლოდ ნიჭი არ ეყოფა. მაგარი ნერვული სისტემის გარეშე ჭადრაკში ვერაფერს მიაღწევ. ფსიქოლოგიურად ძლიერი, ფიზიკურად გამძლე უნდა იყო, სპორტული ხასიათი გქონდეს! სპორტის არც ერთ სახეობაში იხარჯება იმდენი ნერვი, რამდენიც ჭადრაკში, რადგან ის დიდხანს გრძელდება. მსოფლიო პირველობაზე სათამაშოდ უამრავი შესარჩევი ტურნირი უნდა გაგევლო და მოჭადრაკე ვერასდროს მოასწრებდა აღდგენას. ამის გათვალისწინებით მართებულია, მსოფლიო პირველობები მამაკაცებს და ქალებს შორის ცალ-ცალკე რომ იმართებოდა. ნათელი მაგალითია იუდით პოლგარი - სულ კაცებში თამაშობდა, ძალიან მაღალი რეიტინგიც ჰქონდა, მაგრამ მსოფლოს შესარჩევი ერთხელაც ვერ გაიარა. მე გამიმართლა - მთელი ბავშვობა ბიჭებთან ერთად ვიზრდებოდი, არავინ არაფერს მითმობდა და მტკიცე ხასიათი გამომუშავებული მქონდა.

- სერიალს "ლაზიერის გამბიტი" ჰქვია. თქვენ რამდენად ხშირად იყენებდით დედოფლის ან მეფის გამბიტს?
- ტაქტიკოსი ვიყავი და გამბიტი სწორედაც რომ მიესადაგება ჩემს სტილს. ლოუნ პაინში დებიუტით არც ერთი პარტია არ მომიგია, ტაქტიკით ისეთი თამაშები მაქვს მოგებული, ახლაც ვერ ვხვდები, დაფასთან საიდან მომდიოდა ხოლმე ის იდეები. დიდი სიამოვნებაა, როცა დახურულ პოზიციაში მყოფი კარგ ტაქტიკას მოძებნი და მას ბოლომდე მიიყვან. ცხადია, ქულის აღება "ცუდად" მოგებულ პარტიებშიც სასიამოვნო იყო, მაგრამ ჩემთვის თამაშის პროცესი და ტაქტიკის ბოლომდე მიყვანა უფრო ფასეული გახლდათ. ერთხელ ტალმა რაღაც მსგავსი პარტია მოიგო და დაუწერია, ნონას პლაგიატი ვარ, ისეთივე ტაქტიკა გამოვიყენე, როგორითაც ნონამ 1974 წელს დორტმუნდში მოუგო რუდოლფ სერვატისო.

- ფაქტია, რომ "ლაზიერის გამბიტის" ნახვის შემდეგ ჭადრაკით გაცილებით მეტი გოგონა დაინტერესდა.
- ვიცი, რომ ინგლისში გოგონების ინტერესი მართლაც გაიზარდა. ჭადრაკს და "ვეფხისტყაოსანს" ჯერ კიდევ საუკუნეების წინ ატანდნენ ქართველ ქალებს მზითვად, მაგრამ ტიტულის მოპოვებას სხვა აღტყინება და პოპულარობა მოჰყვება ხოლმე. საქართველოშიც ასე იყო ჩემი პირველი ჩემპიონობის შემდეგ. მას მერე, რაც მსოფლიო ჩემპიონი გავხდი, შესვენებების დროს სხვადასხვა დაწესებულებაში მომსახურე ხალხი გარეთ კი აღარ გადიოდა საჭმელად ან დასასვენებლად, ჭადრაკს თამაშობდნენ!

- მას შემდეგ ქართული ჭადრაკის ჰეგემონია თითქმის ოთხი ათეული წლის განმავლობაში გაგრძელდა!
- გაგვიმართლა, რომ ორი თაობა შეერწყა ერთმანეთს: ჩემი და ნანა ალექსანდრიას (შვიდი წლით უმცროსია, მაგრამ მაინც ჩემს თაობაში ვრთავ), მოგვიანებით მაია ჩიბურდანიძის თაობა. თითქმის ორმოცი წლის განმავლობაში საქართველოს საოცარი შედეგები ჰქონდა ჭადრაკში - უცვლელი მსოფლიო ჩემპიონობა და საჭადრაკო ოლიმპიადები... სხვა რომ არაფერი, სამი "ქართული მატჩი" იყო მსოფლიო პირველობაზე: ჩემი, ალექსანდრიას, ჩიბურდანიძის, იოსელიანის შეხვედრები. სწორედ ამას მოჰყვა შეფასება "ქართული ფენომენი", ჩვენს სახელებს არქმევდნენ ბავშვებს და მერე ითვლიდნენ, რამდენი ნონა, მაია თუ ნანა დაიბადა ამა თუ იმ წელს... ჩინეთს, რუსეთს სულ ჰყავდათ უძლიერესი დიდოსტატები, მაგრამ ერთდროულად ამდენი წლის განმავლობაში ყველაფერი ერთი ქვეყნის წარმომადგენლებს მოეგოთ - სხვა დროს არასდროს ყოფილა! ორჯერ საბჭოთა კავშირის ნაკრებში ოლიმპიადაზე მთლიანად ქართულმა შემადგენლობამ ითამაშა! თანაც ყველანი ერთმანეთის მახლობლად ვცხოვრობდით ვაკეში, შეგვეძლო ვაკის ნაკრებიც კი გაგვეყვანა ოლიმპიადაზე (იცინის).

- ცნობილია, რომ მამაკაცები არაერთხელ გაგიოცებიათ არა მარტო ჭადრაკით, სპორტის სხვა სახეობების თეორიული და პრაქტიკული ცოდნით!
- ძალიან კარგად ვთამაშობდი ბილიარდს ("ამერიკანკას") და მაგიდის ჩოგბურთს. ჩემთან თამაშის შემდეგ ბევრმა ძლიერმა მობილიარდემ გადატეხა კიი! ბიკოვასთან საჩემპიონო მატჩის წინ ბოლო შეკრება მოსკოვის გარეუბანში, აკადემიკოსების სახლში გავიარე. ბილიარდის კარგი ჯოხები კარადაში იყო ჩაკეტილი და ზედ აკადემიკოსების გვარები ეწერა, მაგრამ როგორც კი ჩემი თამაში ნახეს, უფლება მომცეს აკადემიკოსების ჯოხებით მეთამაშა! რაც შეეხება ფეხბურთს, დღემდე სიგიჟემდე მიყვარს და ყველაფერს ვუყურებ...

ბოლო დროს "ევროსპორტზე" ხშირად ვუყურებ სნუკერის ტურნირებს. "ამერიკანკას" მოთამაშე ვარ, სნუკერს კი არ ვიცნობდი და მარტივი თამაში მეგონა, მაგრამ ახლა, როცა თეორიაში კარგად გავერკვიე, ძალიან მომწონს, რადგან მთლიანად სტრატეგიაზეა აგებული და ამ მხრივ ძალიან ჰგავს ჭადრაკს. სნუკერის საყვარელი მოთამაშეც მყავს - ინგლისელი ჯად ტრამპი!

საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტობისას თბილისში სოკ-ის პრეზიდენტი ხუან-ანტონიო სამარანჩი ჩამოვიყვანე. ერთ-ერთი შეხვედრისას ვუთხარი, დამოუკიდებლად რომ გვეასპარეზა და არა სსრკ-ის შემადგენლობაში, კიდევ უფრო მეტი წარმატება გვექნებოდა-მეთქი. საბჭოეთში უამრავი სპორტსმენი იყო და ნაკრებს მიღმა ბევრი ქართველი რჩებოდა, რადგან თანაბარ სიტუაციაში უპირატესობას მაინც რუსებს ანიჭებდნენ. როცა სამარანჩს ვუთხარი, პატარა ქვეყანა ვართ, მაგრამ ამხელა შედეგები გვაქვს-მეთქი, მიპასუხა, პატარა კი არა, დიდი ქვეყანა ხართო! მართალიც არის. წარმატებები დღესაც გვაქვს და მომავალში უფრო მეტი გვექნება!
ლიზი
31 იანვარი 2021 19:41
არ მესმის რატომ ხშირად არ იწვევთ ამ ლეგენდას ტეკევიზიები, ეცადეთ რეჟისორებო გადაიღოთ ფილმი მასზე, დაწერეთ წიგნები. განა ყველას ყავს ასეთი ლეგენდა??????
ალექსანდრე
31 იანვარი 2021 18:24
ჯამრთელად და დიდხანს იცოცხლეთ დედოფალო!







SIBORO
31 იანვარი 2021 14:00
ერთადერთი და განუმეორებელი ქალბატონი

დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები