ყველაზე სწრაფი ქალი, "ყალყზე შემდგარი" მოტოციკლი, რეკორდსმენი "სუპერმარიო" და 2020-ის სხვა სკანდალური ავტორეკორდები - კვირის პალიტრა

ყველაზე სწრაფი ქალი, "ყალყზე შემდგარი" მოტოციკლი, რეკორდსმენი "სუპერმარიო" და 2020-ის სხვა სკანდალური ავტორეკორდები

პანდემიით გამოწვეული არაერთი სირთულის მიუხედავად, სხვადასხვა სატრანსპორტო საშუალების დახმარებით ადამიანები გასულ წელსაც აგრძელებდნენ იმის გარკვევას, ვინ არის მათ შორის ყველაზე სწრაფი, ძლიერი, მოხერხებული, მდიდარი და ა.შ. გაგაცნობთ რამდენიმე მათგანს:

ყველაზე სწრაფი ქალი

39 წლის ჯესი კომბსი 2019 წლის აგვისტოში მაშინ დაიღუპა, როცა ხმელეთზე სისწრაფის რეკორდის დამყარებას ცდილობდა. ავტოსაგზაო შემთხვევა ორეგონის შტატის უდაბნო ალვორდში, დამშრალი ტბის ფსკერზე მოხდა. ტრაგიკულ შემთხვევამდე გამართული რამდენიმე გარბენის დროს კომბსის საშუალო სისწრაფე 841,338 კმ/სთ იყო. 2020 წლის ზაფხულში გინესის რეკორდების წიგნის წარმომადგენლებმა სიკვდილის შემდეგ აღიარეს კომბსის მიღწევა. მას შემდეგ ქალებს შორის სახმელეთო ტრანსპორტით განვითარებული სარეკორდო სისწრაფის ავტორად სწორედ ჯესი კომბსი ითვლება. მან გააუმჯობესა 1976 წელს კასკადიორ კიტი ო'ნილის რეკორდი (საშუალო სისწრაფე 825,11 კმ/სთ). მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ საბედისწერო შეჯახებამდე კომბსის North American Eagle Supersonic -ის სისწრაფე 885 კმ/სთ-ს შეადგენდა.

Tuatara-ს სკანდალური რეკორდი

გასული წლის ოქტომბერში ამერიკულმა კომპანია SSC North America-მ გამოაცხადა, რომ მისი ჰიპერკარი SSC Tuatara გახდა ისტორიაში ყველაზე სწრაფი სერიული ავტომანქანა, რომელმაც სისწრაფის რეკორდი დაამყარა საერთო მოხმარების გზებზე. კომპანიის მტკიცებით, ორი გარბენის შედეგად SSC Tuatara-ს საშუალო სიჩქარემ 508,73 კმ/სთ შეადგინა. თუმცა ოფიციალური ვიდეოს გამოქვეყნების შემდეგ გაირკვა, რომ ავტომანქანის საბორტო კამერების ჩანაწერები სულაც არ ემთხვეოდა გამოცხადებულ მონაცემებს.

ორი თვის შემდეგ SSC North America-მ ახალი გარბენი გამართა, რათა ყველაზე სწრაფი სერიული ავტომანქანის სტატუსი დაემტკიცებინა. ამჯერად პროფესიონალი მრბოლელის ოლივერ უების ნაცვლად, სუპერკარის საჭეს მისი მფლობელი მიუჯდა. საბოლოოდ, სხვადასხვა პრობლემის გამო, Tuatara-მ მხოლოდ 404 კმ/ს-ს განავითარა და 500 კმ/სთ-იანი ნიშნულის გადალახვა სამომავლოდ გადადო. ამჟამად ყველაზე სწრაფ სერიულ ავტომანქანად აღიარებულია Koenigsegg Agera RS, რომელსაც 446,97 კმ/სთ-ის განვითარება შეუძლია. თუმცა არაოფიციალური რეკორდი (გარბენი ყველა წესის დაცვით არ გამართულა) ეკუთვნის Bugatti Chiron Super Sport-ს- 490,48 კმ/სთ!

ყველაზე სწრაფი ფურგონი

გასულ წელს არც უცნაური მიღწევების გარეშე ჩაუვლია: საავტომობილო შოუ Top Gear-ის ერთ-ერთი წამყვანი, პედი მაკგინესი, და 1979 წელს წარმოებული სანაყინე ფურგონი Bedford CF-ს გინესის რეკორდების წიგნში მოხვდნენ. იორკშირის აეროდრომის საფრენ ბილიკზე ტელეწამყვანმა სანაყინე ფურგონით 128, 82 კმ/სთ სიჩქარის "აკრეფა" შეძლო. ფურგონი 1980-იანი წლების Land Rover 110-ის ძარაზეა აგებული, მოძრაობაში კი "ტესლას" ელექტროძრავას მოჰყავს. რამდენიმე თვით ადრე თვითნაკეთი სანაყინე ფურგონით რეკორდი ტელეწამყვანმა ed Cainam დაამყარა - ელექტრული Mercedes Sprinter-ით მან 118,96 კმ/სთ განავითარა.

Tesla-ს მთავარი ფანი

გერმანელი ჰანს იორგ ფონ გემინგენიTesla Model S-ს 2014 წლიდან მართავს. 2019 წლის ნოემბერში ეს ავტომანქანა გინესის რეკორდების წიგნში შევიდა როგორც პირველი ელექტრომობილი, რომელმაც 1 მილიონ კილომეტრზე მეტი გაიარა (რაც "ტვიტერის" მეშვეობით მიულოცა კიდეც კომპანიის დამფუძნებელმა ელონ მასკმა). თუმცა ფონ გემინგენი ამით დაკმაყოფილებას არ აპირებს, Model S-ის მართვას განაგრძობს და აპირებს გარბენი 1 მილიონ მილზე (1,6 მლნ კილომეტრი) აიყვანოს! ბოლო მონაცემების თანახმად, სახელგანთქმულ "ტესლას" მიზნამდე ოთხას ათას კილომეტრზე ნაკლები აშორებს.

სწრაფად მიაწექით!

გასული წლის შემოდგომაზე ფინეთში გინესის მსოფლიო რეკორდი დამყარდა 1 მილ მანძილზე ავტომანქანის მიწოლით ყველაზე სწრაფად გაგორებაში. იუსი კალიონიემმა ავტომანქანა ერთ მილზე (1,6 კმ) 13 წუთსა და 26 წამში მიწოლით გააგორა! 47 წლის იუსიმ რეკორდის დასამყარებლად გამოიყენა თავისი ავტომობილი - 2006 წელს გამოშვებული Saab-ი, რომელიც 2,1 ტონას იწონის. კალიონიემის სპეციალური, "ჭკვიანი" სამოსის დახმარებით, დამკვირვებლებმა დაადგინეს, რომ მიწოლისას ფინელი კუნთების სრული შესაძლებლობის 35-40%-ს ტვირთავდა, მისი გულისცემის მაქსიმალური სიხშირე წუთში 164 დარტყმას შეადგენდა, მანქანის გადაადგილების მაქსიმალური სიჩქარე კი 10,4 კმ/სთ-ს. აღსანიშნავია, რომ წინა რეკორდმა, რომელიც ხორვატ მარიო მლინარიჩს ეკუთვნოდა, 11 წელიწადს გაძლო: "სუპერმარიომ" 1,9-ტონიანი ავტომანქანა 1,6 კილომეტრზე 15 წუთსა და 21 წამში გასწია.

ნიურბურგრინგის მეფე

Mercedes-AMG GT Black Series-ი არა მარტო კუპეს ტოპვერსიაა, არამედ გერმანული მარკის ისტორიაში ყველაზე სწრაფი მოდელიც. სადღეისოდ სწორედ ეს მოდელია ყველაზე სწრაფი სერიული მანქანა "ნიურბურგრინგ ნორდშლაიფეს" 20-კილომეტრიან ტრასაზე. ნოემბრის დამდეგს GT Black Series-ის პილოტმა, გერმანელმა მრბოლელმა მარო ენგელმა ლეგენდარული წრე სარეკორდო დროში - 6:43,616 წუთში გაიარა! "მერსედესმა" დაამხო Lamborghini-ს რეკორდი, რომელიც 2018 წლიდან მოქმედებდა. მაშინ Lamborghini Aventador SVJ LP770-4-ის პილოტმა მარკო მაპელიმ 20-კილომეტრიანი წრე 6 წუთსა და 44,97 წამში გაიარა. Mercedes-AMG GT Black Series-ს 4.0 ლიტრი მოცულობის, 730 ცხ. ძალის მქონე ძრავა აქვს, რაც 250 ცხ. ძალით მეტია სტანდარტულ AMG GT-სთან შედარებით.

ცალი ბორბლით

28 წლის ბრიტანელმა კასკადიორმა ჯონი დევისმა მოტოციკლის უკანა ბორბლით სიარულში მსოფლიო რეკორდი დაამყარა. დევისმა, რომელსაც ფეხები "ყალყზე შემდგარი" Suzuki GSX-R1000 K3-ის საჭეზე ჰქონდა გადადებული, 175,785 კმ/სთ სიჩქარით დაახლოებით ორასი მეტრი გაიარა. მანამდე მოქმედი რეკორდი კი დამყარდა 2008 წელს, როცა ენდა რაიტმა მოტოციკლის უკანა ბორბლით 173 კმ/სთ განავითარა.

ონლაინ გაყიდული ყველაზე ძვირი ავტომანქანა

პანდემიის გამო ყველაზე პრესტიჟული აუქციონებიც კი ონლაინგაყიდვაზე გადავიდნენ. ამიტომაც, რა გასაკვირია, რომ ონლაინგაყიდვის რეკორდიც სწორედ 2020 წელს დამყარდა - 1966 წელს წარმოებული Ferrari 275 GTB Long Nose 3,08 მილიონ დოლარად გაიყიდა! ასეთი მაღალი ფასი იმის დამსახურებაა, რომ 54 წლის ავტომობილი იდეალურ მდგომარეობაშია და ყველა დეტალი ქარხნული აქვს, მათ შორის ძარის თეთრი ფერი (Bianco) და კრემისფერი სალონი.

ყველაზე ხანგრძლივი დრიფტი ელექტრომობილით

კომპანია Porsche-მ რეკორდი დაამყარა ელექტრომობილით ყველაზე ხანგრძლივი დრიფტით. გერმანულ ტრასა "ჰოკენჰაიმრინგზე" "პორშეს" ტესტპილოტმა დენის რეტერამ უკანაამძრავიანი "ტაიკანით" არც მეტი, არც ნაკლები, 210 წრეზე "იდრიფტავა"! 210 წრე, ანუ 42 171 მეტრი. Porsche Taycan-ის დრიფტი 55 წუთს გაგრძელდა, ავტომანქანის მოძრაობის საშუალო სიჩქარემ კი 46 კმ/სთ შეადგინა.