შარშანდელი წელს თუ გაისად?! - კვირის პალიტრა

შარშანდელი წელს თუ გაისად?!

ჯანმოს ხელშეწყობით საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი ოლიმპიადის მონაწილე ყველა სპორტსმენის ვაქცინაციას გეგმავს. ბახიც ამბობს, რომ "ოლიმპიურ ოცნებას" არავის დაუნგრევენ: "ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ტოკიოში ყველა სპორტსმენმა იასპარეზოს - ყველა ოლიმპიურ სახეობაში!.. "კოვიდს" სპორტსმენებისთვის და სპორტსმენებთან ერთად ვებრძვით"

სწორედ ეს არის მთავარი კითხვა, რომელიც ოლიმპიური თამაშების მონაწილეებს, ორგანიზატორებსა და გულშემატკივრებს აწუხებთ. პანდემიის გამო 2020 წელს გასამართი ზაფხულის ოლიმპიადა ერთი წლით გადაიდო, თუმცა დღესაც, ხელმეორედ დაანონსებულ თარიღამდე ექვსი თვით ადრე, დაზუსტებით არავინ იცის, როდის, სად და საერთოდ თუ გაიმართება ოლიმპიური თამაშები!

ავტორიტეტული ბრიტანული გამოცემა თჰე თიმეს ირწმუნება, რომ "ტოკიო-2020" (გადავადების მიუხედავად, შარშან ჩასატარებელ ოლიმპიადას დასახელება შეუნარჩუნდა. - რ.შ.) არც წელს გაიმართება, ფლორიდა ტოკიოს ჩანაცვლებას გვთავაზობს, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის თავკაცი თომას ბახი კი ირწმუნება, რომ 2020 წლის ოლიმპიური თამაშების გადადება, სხვა ქალაქში "გადატანა" და მით უმეტეს, გაუქმება არ განიხილება! ვის დავუჯეროთ?!

"თაიმსში" ამბობენ, რომ მათი ინფორმაცია იაპონიის მთავრობის წყაროს ეფუძნება. თავის მხრივ, "ამომავალი მზის ქვეყნის" ხელისუფლება ამტკიცებს (არც ისე კატეგორიულად!), რომ ბრიტანული გამოცემა ცრუობს და ამ ეტაპზე თამაშების გადადება/გაუქმება არ განიხილება: "ცხადია, საზღვრებს გარეთ არსებული ვითარება უნდა გავითვალისწინოთ და განსაზღვრულ მომენტში მივიღოთ გადაწყვეტილება, ჩავატაროთ თუ არა ოლიმპიადა, მაგრამ მანამდე მთავრობა ყველაფერს გააკეთებს თამაშებისთვის მოსამზადებლად", - ნათქვამია იაპონიის მთავრობის განცხადებაში. სხვათა შორის, ბევრმა ეს გაიგო, როგორც "გადავდებთ, ოღონდ მოგვიანებით", მით უმეტეს, რომ თამაშების მასპინძელი ქვეყანა შარშანაც ბოლო დღემდე ამტკიცებდა, რომ ოლიმპიადის გადადება არ განიხილებოდა!

გეგმა

რაც შეეხება წლევანდელ გადაწყვეტილებას, მის მიღებამდე არსებული გეგმა ასე გამოიყურება: ზაფხულის ოლიმპიური თამაშები უნდა გაიმართოს 23 ივლისიდან 8 აგვისტოს ჩათვლით, ზუსტად იმ თარიღებში, რაც 2020 წელს იყო დაგეგმილი; ოლიმპიური ცეცხლის ესტაფეტა 25 მარტს უნდა დაიწყოს და თამაშების ბედის გარკვევა ამ თარიღს ვერაფრით გადასცდება. სხვათა შორის, შარშანდელი ოლიმპიადის გადადების შესახებ სწორედ 20 მარტს - თამაშების სტარტამდე ოთხი თვით ადრე გამოცხადდა. ისიც აღსანიშნავია, რომ ოლიმპიადის კიდევ ერთხელ გადადება არც მასპინძელ ქვეყანას აწყობს და არც სოკ-ს. საერთაშორისო სპორტული კალენდრის ხელმეორედ არევ-დარევის გარდა, ეს ყველაფერი უზარმაზარ ფინანსურ ზარალსაც გამოიწვევს. მით უმეტეს, რომ 2020 წლის თამაშების გადადებას უკვე მოჰყვა 16 მილიარდი დოლარის ზარალი!

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პირველად?

ბოლოს ოლიმპიადა 1940-იან წლებში - მეორე მსოფლიო ომის გამო გაუქმდა. მას შემდეგ თამაშები სულ იმართებოდა - ტერაქტებისა ("მიუნხენი-72", "ატლანტა-96") და ბოიკოტის ("მოსკოვი-80", "ლოს-ანჯელესი-84") მიუხედავად. მაგრამ ამჯერად საქმე გაცილებით სერიოზულად არის. იმდენად, რომ გადადებასთან ერთად განიხილება ისეთი ვარიანტებიც, როგორიც არის ტურნირის რამდენიმე მასპინძელი-კლასტერი, თამაშების რამდენიმე თვის განმავლობაში "გაწელვა" და ა.შ. თუმცა იმის მიუხედავად, რომ პანდემიური პერიოდი საუკეთესო დროა სიახლეების მოსასინჯად, წელს ასეთი სცენარების გათამაშება მაინც ძნელი წარმოსადგენია.

სანამ საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებენ, სოკ-ი და იაპონია "უსაფრთხო თამაშების" სხვადასხვა ვარიანტს განიხილავენ. პირველ რიგში ეს დამსწრეთა რაოდენობის შემცირებას გულისხმობს - ყველგან, სადაც შესაძლებელია, მათ შორის გახსნის ცერემონიალზე - 11-12 ათასის ნაცვლად, მხოლოდ 6 ათასი სპორტსმენის მონაწილეობას გეგმავენ. ასევე, მაყურებელთა რაოდენობის შემცირებას. შესაძლოა ოლიმპიური თამაშები საერთოდაც უცხოელი მაყურებლების დასწრების გარეშე ან სულაც უმაყურებლოდაც კი გაიმართოს - თომას ბახი ასეთ ვარიანტსაც განიხილავს.

იაპონია

თუ ტურნირზე დასწრებას უცხოელები ვერ შეძლებენ, ვინღა დარჩა?! მხოლოდ მასპინძლები. ეს მაშინ, როცა იაპონელთა 80%-ზე მეტი წინააღმდეგია, რომ მათმა ქვეყანამ ოლიმპიადას 2021 წელს უმასპინძლოს. თუმცა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტისთვის უფრო მნიშვნელოვანია, რას ფიქრობენ მისი წევრები - ეროვნული კომიტეტები და სპორტსმენები, შეხედულებები კი არაერთგვაროვანია: ავსტრალია თანახმაა, ტურნირი დადგენილ ვადებში გაიმართოს, აშშ, კანადა, ნორვეგია და სხვები კი თამაშების გადადებისკენ იხრებიან.

მივადექით ოლიმპიადის შესაძლო გადადების მთავარ მიზეზს - ახალი კორონავირუსით გამოწვეულ პანდემიას.

ამ მხრივ იაპონიაში არცთუ სახარბიელო ვითარებაა: 350 ათასზე მეტი შემთხვევა და 5 ათასამდე გარდაცვლილი. დაავადების შემთხვევების ზრდა გასული წლის ოქტომბრიდან გრძელდება, 2021-ის ციფრები კი სარეკორდოა. პიკი დაახლოებით 8000 შემთხვევა დღეში. 7 იანვრიდან როგორც ტოკიოში, ისე ქვეყნის სხვა პრეფექტურებში მოქმედებს საგანგებო მდგომარეობა, რომელიც მინიმუმ 7 თებერვლამდე გაგრძელდება. იაპონური ლოკდაუნი ტოტალურ აკრძალვებს არა, მაგრამ სერიოზულ შეზღუდვებს ნამდვილად გულისხმობს: რესტორნები მხოლოდ 22:00 საათამდე მუშაობენ, საჯარო და კერძო სამსახურების თანამშრომელთა ნაწილი დისტანციურად მუშაობს, აკრძალულია გასართობი ღონისძიებების გამართვა, ქვეყნის შიგნით მოგზაურობა და ა.შ.

ინფიცირების შემთხვევათა მატების ფონზე იაპონიის მთავრობამ "კორონავირუსთან ბრძოლის მინისტრის" თანამდებობაც კი შექმნა. ეს პოსტი შსს-ს ყოფილმა მინისტრმა ტარო კონომ დაიკავა. გავრცელებული ინფორმაციით, კონო სულაც არ არის მოხიბლული ოლიმპიადის 2021 წელს მასპინძლობის ვალდებულებით. მინისტრი ფიქრობს, რომ აქტიური "მეორე ტალღის" პირობებში ამხელა ტურნირის მასპინძლობა დანაშაულის ტოლფასია და უმთავრეს ამოცანად ვირუსის გავრცელების შენელებას და მოსახლეობის მასშტაბურ ვაქცინაციას მიიჩნევს.

იმის გათვალისწინებით, რომ იაპონია იდეალურად გაუმკლავდა კორონავირუსის "პირველ ტალღას", შემთხვევათა სწრაფი მატება იაპონელთათვის ნამდვილ შოკად იქცა. გასული წლის შემოდგომამდე კარანტინისა და მასობრივი ტესტირებების გარეშეც კი იაპონელები ჩინებულად უმკლავდებოდნენ ვირუსის გავრცელებას. მაშინ მთავარ მიზეზებად რამდენიმე დასახელდა, მათ შორის ნიღბის ტარების კულტურა, ქვეყანაში ჭარბწონიანების დაბალი პროცენტი, საგანმანათლებლო დაწესებულებების დროულად დახურვა და ა.შ. გავრცელდა უჩვეულო მოსაზრებაც, რომელიც ამტკიცებდა, რომ "იაპონელები პოტენციურად ვირუსის იმაზე ნაკლებ წვეთებს გამოყოფენ, ვიდრე სხვა ენებზე მოლაპარაკე ადამიანები".

ასეა თუ ისე, კორონავირუსთან ბრძოლის მინისტრმა უკვე რამდენჯერმე აღნიშნა, რომ "ინფიცირების ამ ტემპით გაგრძელების შემთხვევაში შეუძლებელი იქნება ოლიმპიადა-2021-ის რომელიმე სცენარის გამორიცხვა". ოლიმპიადის გამართვას საფრთხე არ უნდა დაემუქროს, თუ იაპონია მასშტაბური ვაქცინაციის ჩატარებას მცირე ვადებში - 2-3 თვის განმავლობაში შეძლებს, რაც, პრაქტიკულად, შეუძლებელია.

ბახი კი ამბობს, რომ...

ამ თემაზე უახლესი ინფორმაცია სწორედ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პირველი პირისგან მოვისმინეთ. გასული კვირის ბოლოს გამართულ ონლაინპრესკონფერენციაზე, თომას ბახმა თქვა, რომ თამაშების სხვა ქალაქში გადატანა "შეუძლებელია". ეს იყო პასუხი ფლორიდის შეთავაზებაზე, რომ თუ პანდემიის გამო ტოკიო წელსაც უარს იტყვის ოლიმპიადის მასპინძლობაზე, მას ფლორიდა ჩაანაცვლებს. ბახმა იმაზეც ილაპარაკა, რომ ვარაუდები იაპონიის დედაქალაქში თამაშების ჩატარება-არჩატარებაზე საქმეს მხოლოდ ვნებს:

"დღეს ვერავინ იწინასწარმეტყველებს, როგორი იქნება 206 ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენელთა ჯანმრთელობის მდგომარეობა ივლისსა და აგვისტოში, ამას კი სხვადასხვა სახის სპეკულაცია მოჰყვება. სამწუხაროდ, ყველა ეს ვარაუდი და შესაძლო სცენარი, პირველ რიგში, იმ სპორტსმენებს აყენებს ზიანს, რომლებიც უკვე დიდი ხანია ოლიმპიადისთვის ემზადებიან", - თქვა სოკ-ის პრეზიდენტმა, - გვესმის ვარაუდები თამაშების გადადებაზე ან გაუქმებაზე, გეგმა "ბ"-ზე, "ტოკიო-2020"-ის 2032 წელს გადატანაზე და ა.შ. გვაქვს შემოთავაზება ოლიმპიადის სხვა ქალაქში ჩატარებაზეც, მაგრამ ყველა, ვინც იცის, რა სირთულეებთან არის დაკავშირებული ამხელა ტურნირის მასპინძლობა, აცნობიერებს, რომ ასეთ მცირე ვადებში ეს შეუძლებელია. ყველა პრობლემის მიუხედავად, ჩვენ ვაგრძელებთ დაუღალავ მუშაობას, რათა ოლიმპიური თამაშები გეგმის თანახმად, 23 ივლისს გაიხსნას. ჩვენ არ ვმარჩიელობთ - გაიმართება თუ არა ტურნირი, ჩვენ ვმუშაობთ იმაზე, როგორ ჩაივლის ოლიმპიადა".

რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელშეწყობით საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი ოლიმპიადის მონაწილე ყველა სპორტსმენის ვაქცინაციას გეგმავს. ბახიც ამბობს, რომ "ოლიმპიურ ოცნებას" არავის დაუნგრევენ: "ღონისძიებების ან სპორტსმენების რაოდენობის შემცირება ჩვენს გეგმებში არ შედის. ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ტოკიოში ყველა სპორტსმენმა იასპარეზოს - ყველა ოლიმპიურ სახეობაში! გამარჯვების შანსი ნებისმიერ სპორტსმენს უნდა ჰქონდეს. სწორედ ამიტომ ვამბობთ, რომ "კოვიდს" სპორტსმენებისთვის და სპორტსმენებთან ერთად ვებრძვით", - განაცხადა სოკ-ის თავკაცმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

P.S. იმედია, ზაფხულის ოლიმპიური თამაშების კიდევ ერთხელ გადადების საჭიროება აღარ იქნება და ერთწლიანი ლოდინის შემდეგ ტოკიოში ქართველი სპორტსმენებიც გაორმაგებული მოტივაციით იასპარეზებენ!