"საიუბილეო" ოქრო - კვირის პალიტრა

"საიუბილეო" ოქრო

ევროპის ჩემპიონატზე ვეტერან მოჭადრაკეთა შორის, რომელსაც იტალიის ქალაქმა კურმაიერმა უმასპინძლა, ტრადიციულად წარმატებით ითამაშეს ასეთი ასპარეზობების ხშირმა სტუმრებმა, ნონა გაფრინდაშვილმა და თამარ ხმიადაშვილმა.

კურმაიერში სულ 101-მა მოჭადრაკემ მოიყარა თავი, ქალთა შორის კი, საპრიზო სამეულში, ორი ადგილი სწორედ ჩვენებურებმა შეავსეს: ნონა გაფრინდაშვილი ოქროს მედალს დაეუფლა, ხმიადაშვილი კი ბრინჯაოს დასჯერდა. აღსანიშნავია, რომ ხუთგზის მსოფლიო ჩემპიონი ნონა გაფრინდაშვილი 3 მაისს 70 წლის ხდება და საიუბილეოდ საკუთარ თავს უკვე გაუკეთა საჩუქარი კურმაიერში გამარჯვებით.

საერთო ჩათვლაში გაფრინდაშვილი მე-18 ადგილზე გავიდა, თამარ ხმიადაშვილი კი - 22-ზე. აღსანიშნავია, რომ ანალოგიურ ტურნირებში ორივე მოჭადრაკე ხშირად მონაწილეობს და საკმაო წარმატებითაც. ქალბატონი ნონას მსგავსად, ევროპის ჩემპიონის ტიტულით თამარ ხმიადაშვილიც იწონებს თავს. გასული წლის ნოემბერში ჩატარებულ ვეტერანთა მსოფლიო ჩემპიონატზე კი პირველი-მეორე ადგილები სწორედ გაფრინდაშვილმა და ხმიადაშვილმა გაინაწილეს.