"ელ კლასიკო" 350 მილიონს მოაგროვებს?! - კვირის პალიტრა

"ელ კლასიკო" 350 მილიონს მოაგროვებს?!

ფეხბურთის ქომაგთათვის "კლასიკური" ხანა დგას - გასულ შაბათს ჩატარებული "რეალი"-"ბარსელონას" გარდა, 3 მაისამდე მათ კიდევ სამი "ელ კლასიკო" ელით.

შუა კვირაში ეს ორი კლუბი ესპანეთის თასის ფინალში დაუპირისპირდება ერთმანეთს, მერე კი ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალების დროც დადგება და... მიუხედავად იმისა, რომ ერთი და იმავე გუნდების თამაშის "დღეში სამჯერ ჭამის შემდეგ" ყურება იქნებ კიდეც მოყირჭდეს კაცს, მაგრამ როცა საქმე მსოფლიოს ორ საუკეთესო გუნდს ეხება, აშკარაა, რომ მაყურებელი არც ერთ "კლასიკოს" არ მოაკლდება.

მეტიც, Prime Time Sport-მა გამოიანგარიშა, რომ "რეალსა" და "ბარსელონას" შორის 16 აპრილს გამართულ მატჩს დაახლოებით 78 მილიონმა ტელემაყურებელმა მიადევნა თვალი, თასის ფინალი დაახლოებით 77 მილიონს შეკრებს, 27 აპრილს და 3 მაისს ჩასატარებელი ჩემპიონთა ლიგის თითოეულ ნახევარფინალურ შეხვედრას კი 100 მილიონამდე ტელემაყურებელი ეყოლება. კომპანიის გათვლებით, ოთხი "ელ კლასიკო" ჯამში 350 მილიონამდე აუდიტორიას მოუყრის თავს ტელეეკრანებთან.