კალათბურთიდან ქართულ "დრიმ თიმში" - "საქართველოში ყველაზე დინამიკური სპორტი პოლიტიკაა! ადრენალინის ასეთ სიჭარბეს სხვაგან სად ნახავთ?!"
კალათბურთიდან ქართულ "დრიმ თიმში" - "საქართველოში ყველაზე დინამიკური სპორტი პოლიტიკაა! ადრენალინის ასეთ სიჭარბეს სხვაგან სად ნახავთ?!"
"როცა საყვარელ თამაშს ვუყ­ურებ,­ ერთი სული მაქვს მოედანზე შევვარდე... ეს განცდა ცხოვრების ბოლომდე გამყვება. რასაც უნდა ვაკეთებდე, კალათბურთისგან შორს ვერასდროს ვიქნები!"

ამერიკული "დრიმი" არ გამოვიდა. სამაგიეროდ, საქართველოში გახდა "ოცნების გუნდის" და პარლამენტის წევრი. გამოცდილებასა და კავშირებს ქართული სპორტის დასახმარებლად გამოიყენებს და იმედი აქვს, რომ პოლიტიკიდან მეტსახელის გარეშე წავა! კალათბურთიდან პარლამენტში გადაბარგების შემდეგ ვიქტორ სანიკიძეს მედიასთან არ ულაპარაკია. "კვირის პალიტრასთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში საქართველოს ნაკრების ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ მოთამაშეს კალათბურთზე, ახალ საქმიანობაზე,
უახლოეს გეგმებზე, თორნიკე შენგელიას გადაწყვეტილებასა და სხვა საინტერესო საკითხებზე ვესაუბრეთ:

- საუბარი დავიწყოთ 2017 წლის გახსენებით, როცა იძულებული გახდით კალათბურთელის კარიერა დაგესრულებინათ.
- ამ გადაწყვეტილების მიღება ძალიან­ გამიჭირდა, მაგრამ იყო რამდენიმე გარემო­ება,­ რომელიც ახალ რეალობასთან შეგუ­ებაში დამეხმარა. ჯერ ერთი, არაერთი მცდელობის მიუხედავად, ტრავმისგან ბოლ­ომდე განკურნება
ვერ შევძელი. რთული ოპერაციების შემდეგ, სხვა დროს, არაერთხელ მომიხერხებია ფიზიკური და ფსიქოლოგიური ფორმის აღდგენა, მაგრამ ბოლო ტრავმა ყველაზე მძიმე გამოდგა, რამდენიმე ქირურგიული ჩარევის, მსოფლიო მასშტაბით სახელგანთქმულ უამრავ კლინიკაში სტუმრობისა და სარეაბილიტაციო პერიოდების მიუხედავად, ვერაფერი ვუშველე. ბოლო იმედად დამრჩა გერმანული­ კლინიკა, სადაც ამ ტიპის ტრავმებს სპეცია­ლური პრეპარატით მკურნალობენ. იქ არაერთი სახელგანთქმული სპორტსმენის კარიერა გადაურჩენიათ (კლინიკაში თვითონ ვნახე NBA-ს რამდენიმე ვარსკვლავი), მაგრამ ექიმთან საუბრის შემდეგ მივხვდი, ცდას აზრი არ ჰქონდა! გარანტიას ვერ მაძლევდნენ, რომ პრეპარატით მკურნალობის ან კიდევ ერთი ქირურგიული ჩარევის შემდეგ ძველებური კონდიციის აღდგენას შევძლებდი. დავრწმუნდი, რომ შესაძლებლობების მხოლოდ მცირე ნაწილს თუ გამოვიყენებდი, სანახევროდ თამაშს კი ვერც ჩემს თავს ვაკადრებდი და ვერც გულშემატკივარს. გარდა იმისა, რომ ფსიქოლოგიურად დავიღალე გამოჯანმრთელების ამდენი უშედეგო ცდით, ამ ყველაფერს ჩემი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი მოვლენა - დაოჯახებაც დაემატა და... ყველა ზემოაღნიშნული მიზეზი გამოვიყენე, რათა შეძლებისდაგვარად უმტკივნეულოდ გადამეტანა კარიერის დასრულება.

- მაგრამ საყვარელი თამაშის გარეშე დიდხანს ვერ გაძელით. სალონიკის "არისში" სპორტულ დირექტორად მისვლაც კალათბურთთან "ახლოს ყოფნის" სურვილით აიხსნება.
- მართალია. როცა საყვარელ თამაშს ვუყ­ურებ,­ ერთი სული მაქვს მოედანზე შევვარდე... ეს განცდა ცხოვრების ბოლომდე გამყვება. რასაც უნდა ვაკეთებდე, კალათბურთისგან შორს ვერასდროს ვიქნები! ამიტომაც, როცა ბერძნულმა კლუბმა (სადაც მოთამაშის რანგში უკანასკნელი სეზონი ჩავატარე) სპორტული დირექტორის თანამდებობა შემომთავაზა, ბევრი არ მიფიქრია. "არისი" ასწლიანი ისტორიის მქონე წარმატებული კლუბია და იქ მუშაობა დიდი გამოცდილება იყო.

- მწვრთნელად მუშაობაზე არასდროს გიფიქრიათ?
- "არასოდეს თქვა, არასოდეს"! ათი წლის წინ რომ ეთქვათ, პარლამენტარი გახდებიო, ვეტყოდი, რომ ეს საქმე არ მაინტ­ერესებს. შესაძლოა რამდენიმე წლის შემდეგ მწვრთნელობის შესახებაც შევიცვალო აზრი. მქონდა შემოთავაზებები, მაგრამ ვფიქრობ, ეს საქმე საჩემო არაა.


- საქართველოს გარდა, შვიდი ქვეყნის ცხრა კლუბში გითამაშიათ და, ბუნებრივია, ბევრი რამ ისწავლეთ განსხვავებული ტრადიციების, კულტურის, ენის მქონე ხალხებისგან. რა იყო მთავარი, რაც ლეგიონერობამ მოგცათ?
- უცხო ქვეყანაში მარტო ცხოვრება­ აშშ-ის "ჯუნიორ კოლეჯში" ყოფნისას ვისწავლე. ბევრი სირთულის მიუხედავად, დამოუკიდებლობას სწორედ ამერიკაში მივეჩვიე და შემდეგ არც ერთ ქვეყანაში არ გამჭირვებია. ბევრი უცხოელი მეგობარიც შევიძინე, ლეგიონერობის კიდევ ერთი დადებითი მხარე კი უცხო ენების შესწავლაც არის. სწორედ ჩემი კარიერის დამსახურებაა, რომ ინგლისურსა და რუსულთან ერთად დღეს მეტ-ნაკლები წარმატებით შემიძლია ლაპარაკი იტალიურ, ესპანურ, ფრანგულ, ბერძნულ ენებზე. ესტონური და თურქული სიტყვების მარაგიც მაქვს.

- თუმცა ახალ საქმიანობაში ყველაზე ხშირად ქართულად მოგიწევთ ლაპარაკი. "ქართული ოცნების" პროპორციული სიით საპარ­ლამენტო არჩევნებში მონაწილეობას მალევე დათანხმდით?
- საბერძნეთში ვიქნები "არისის" სპო­რტული დირექტორი, იტალიაში მწვრთნელი თუ საქართველოში პარლამენტარი, ჩემი მიზანი მხოლოდ ერთია - წლების განმავლობაში დაგროვებული გამოცდილება სამშობლოს მოვახმარო. საზღვარგარეთ თხუთმეტი წელიწადი ვიცხოვრე და არ მინდა ჩემი შვილიც უცხოეთში გაიზარდოს, ბებია-ბაბუას, ნათესავებს, ჩემი მეგობრების შვილებს იშვიათად ნახულობდეს. ამ ყველაფრის გათვალისწინებით "ქართული ოცნების" შემოთავაზებაზე ბევრი არ მიფიქრია. უდიდეს პასუხისმგებლობასთან ერთად საკანონმდებლო ორგანოში საქმიანობა კარგი შესაძლებლობაც არის, რომ შენს ქვეყანას გამოადგე.

- მთელი კარიერის განმავლობაში 13-ნომრიანი მაისურით ითამაშეთ. ცხადია, პარტიულ­ სიაში მე-13 ნომრად ყოფნაც "შემთხვევითი" არ ყოფილა.
- თუ დამიჯერებთ, წინასწარ არც ვიცოდი, პირველ ათეულს წარადგენდნენ, ოცეულს, თუ მთელ სიას. მხოლოდ პრეზენტაციამდე რამდენიმე დღით ადრე პარტიის ოფისში საორგანიზაციო საკითხებზე სალაპარაკოდ მისულმა შევიტყვე სიაში ჩემი რიგითი ნომრის შესახებ და ეს სიმბოლურ ჟესტად, დაფასებად და პატივისცემად მივიღე, რისთვისაც თქვენი გაზეთის მეშვეობითაც ვეუბნები მადლობას ჩვენს გუნდს.

- რას უპასუხებთ მათ, ვინც ფიქრობს, რომ პარლამენტში არ არის სპორტსმენების, მუსიკოსებისა თუ მსახიობების ადგილი?
- ერთ-ერთი პასუხი ისაა, რომ პარლამენტში სპორტის კომიტეტიც არის! დარგობრივი კომიტეტები საჭირო რომ არ იყოს, საკანონმდებლო ორგანოში მხოლოდ იურისტები იმუშავებდნენ. რადგან არსებობს, სპორტის კომიტეტში სწორედ ამ სფეროს წარმომადგენლები უნდა მუშაობდნენ. ისევე როგორც კულტურის, მეცნიერების, ჯანდაცვისა თუ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტებშია აუცილებელი შესაბამისი დარგების სპეციალისტების ყოფნა.

- ცნობილი მოვლენების გამო საქართველოს პარლამენტი სრული შემადგენლობით ჯერ ვერ ფუნქციონირებს, თუმცა პრიორიტეტული საკითხები უკვე გექნებათ.
- სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი უკვე მუშაობს ოთხწლიანი­ სამოქმედო გეგმის წარდგენაზე. მიმართულება ბევრია, მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე­ პრობლემური საკითხია მმართველობის ხელშეწყობა სპორტში. გვინდა ქართულ სპორტში ერთხელ და სამუდამოდ აღმოიფხვრას პრობლემა, რაც სპორტულ ფედერაციებში დაუსრულებელ დავებს გულის­ხმობს. წლებია, ხელმძღვანელის არჩევნების მოახლოებასთან ერთად ლამის ყველა ფედერაცია გაწევ-გამოწევის, ურთიერთბრალდებების ეპიცენტრია, რაც მთლიანად ქართულ სპორტს აზიანებს. ისეთ წარმატებულ სახეობაშიც კი, როგორიც რაგბია, იმის ნაცვლად, "რვა ერზე" და იქ ფეხის მოკიდებაზე ლაპარაკი გვესმოდეს, გაუთავებელ დაპირისპირებას და მტყუან-მართლის გარჩევას ვხედავთ.

- საკანონმდებლო დონეზე როგორ ხედავთ ამ პრობლემების მოგვარების გზებს?
- ყველაზე ხშირად გვესმის საყვედურები უსამართლო, არათანაბარი საარჩევნო გარემოს და ფედერაციების გაუმართავი წესდებების შესახებ. ამიტომაც აუცილებელია არსებობდეს ქართული დოკუმენტი, რომელიც საჩივრების საკითხსაც დაარეგულირებს და აღარც კანდიდატები დაადანაშაულებენ ერთმანეთს წესდების დარღვევაში. ჩემი და კომიტეტის პოზიცია გულისხმობს კანონში ცვლილებას, რომ იმ ფედერაციების წესდებები, რომლებსაც სახელმწიფო აფინანსებს (მაგალითად, სფფ ლევან კობიაშვილის ხელმძღვანელობით უარს ამბობს სახელმწიფო დაფინანსებაზე, რადგან ფიფა-უეფასგან ფინანსდება და ანგარიშვალდებულიც მსოფლიო და ევროპული ფეხბურთის მმართველ ორგანოებთან იქნება), საერთაშორისო ნორმებს შეესაბამებოდეს, სახელმწიფო ფინანსები კი გამჭვირვალედ იხარჯებოდეს. შედეგად, ვეღარავინ იტყვის, რომ რომელიმე კანდიდატმა წესდება სათავისოდ მოირგო, წინასაარჩევნო გარემოც გაჯანსაღდება და პრეზიდენტობის მსურველებს შორის დებატები მხოლოდ პროგრამის და სამოქმედო გეგმის­ შესახებ გაიმართება. არანაკლებ მნიშვნელოვანი საკითხია სპორტული ობიექტების მშენებლობისა და მართვის სტანდარტიზაცია.


- მშენებლობის სტანდარტებს გულისხმობთ თუ აშენებულის გამოყენებას?
- სპორტის მასობრიობის გაზრდისთვის­ მრავალფეროვანი და ხელმისაწვდომი ინფრასტრუქტურაა აუცილებელი. პანდემიამ­ ახალი პროექტების დაწყება შეაფერხა, მაგრამ მიმდინარე მშენებლობები აუცილებლად შესაბამის ვადებში დასრულდება. სტანდარტიზაციაში კი, პირველ რიგში, სწორად დაგეგმვა და გამოყენება იგულისხმება. აშენდა სპორტული ობიექტი, გაიმართა რომელიღაც ტურნირი ან ღონისძიება, მაგრამ ასპარეზობის დასრულების­ შემდეგ რა ხდება? უმეტეს შემთხვევაში, ეს ობიექტები უფუნქციოდ რჩება და მათი შენახვა­ სახელმწიფოს უწევს. ამიტომ უცილებელია წინასწარ განსაზღვრა, სად, რომე­ლი სახეობისთვის ან რამდენ ადამიანზე გათვლილი არენა შენდება. მაგალითად, ავაშენებთ თელავში ყინულის მოედანს, ქუთაისში ბალახის ჰოკეის მოედანს ან ჩოხატაურში 100-ათასიან სტადიონს, მაგრამ ექნება და­ტვირთვა? თავის შენახვას მაინც შეძლებს თუ ისინიც სახელმწიფოს შესანახი გახდება?

- გაისად თბილისში გასამართი ევრობასკეტის მასპინძელი საკალათბურთო დარბაზის მშენებლობა რა ეტაპზეა?
- ჩემი ინფორმაციით, დარბაზის დადგენილი გრაფიკით, შეუფერხებლად გრძელდება. ამ შემოდგომისთვისაც მზად იქნებოდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც ტურნირი 2022 წლისთვის გადაიდო, დროც მეტია და დარბაზი უფრო მშვიდად და ხარისხიანად აშენდება.

- კალათბურთს დავუბრუნდეთ: რატომ აღარ არის ეროვნული ჩემპიონატის მატჩები ისეთივე პოპულარული, როგორიც, მაგალითად, 15-20 წლის წინ? "ვითას", "აზოტის", "დინამოს" და სხვა კლუბების თამაშებისას ვერის ბაღის და სპორტის სასახლის დარბაზები მაყურებელს ვერ იტევდა. დღეს ინტერესს მხო­ლოდ სანაკრებო მატჩები იწვევს.
- მიზეზი ბევრია. რადგან "ვითა", "აზოტი" ახსენეთ, ისიც ვთქვათ, რომ იმ წლებში კალათბურთის გარდა, საყურებელი­ ბევრი არაფერი იყო და სანახაობრივი, დინამიკური კალათბურთის ნახვა გულშემა­ტკივრისთვის ლამის ერთადერთი გამო­ნათება გახლდათ. დღეს რთულია ეროვ­ნული­ ჩემპიონატის მატჩებით ქომაგის დაინტერე­სება. გამოსავალი საერთაშორისო­ ასპარეზზე თამაშია, მხოლოდ ეს გააჩენს ინტერესს!­ ევროლიგაში მოთამაშე კლუბი რომ გვყავდეს­, 10-ათასიანი დარბაზი ისევე­ იოლად გაივსებოდა, როგორც ნაკრების თამაშებისას. "რეალის", მილანის", "ბარსელონის", "ფენერბაჰჩეს" თამაში ყველას აინტერესებს. ევროლიგაზე თუ არა, Eurocup-ზე გამოსვლა მაინც აუცილებელია არა მარტო გულშემატკივრის, კალათბურთელებში­ მოტივაციის გასაჩენადაც. დღეს საქართველოს­ სუპერლიგის მოთამაშის მოტივაცია მხოლოდ ქვეყნის ჩემპიონობაა. არადა, ჩემპიონობა იმიტომ უნდა სურდეს, რომ საერთაშორისო დონეზე წარადგინოს თავისი ქვეყანა და შესაძლებლობები, უკეთეს კლუბში თამაშის შანსი ჰქონდეს.

- ამისთვის აუცილებელია კლუბ(ებ)ი, ვინც საერთაშორისო დონეს დააკმაყოფილებს!
- თუ ინვესტიცია ჩაიდება, კერძო სპონსორები გამოჩნდებიან, თავის მხრივ, სახელმწიფოც არ დაიხევს უკან. მით უმეტეს­, სახელმწიფოს დახმარების გარეშე­ სუპერლიგის კლუბებიც არ გვეყოლებოდა.­ თუ ქართული კლუბი ევროთასზე ითამაშებს,­ დარწმუნებული ვარ შესაბამისი მუნიციპა­ლიტეტიც დაეხმარება. სამწ­უხაროდ, არა გვაქვს პრეცედენტი,­ ვერ ვხედ­ავთ ინვესტორებისგან პირველი ნაბიჯის­ გადადგმის სურვილს. არადა, საკლუბო კალათბურთის განვითარება ეროვნული ნაკრებისთვისაც სასიცოცხლოდ აუცილებელია.

- ბოლო ათწლეულში საკლუბო სპორტის კომერციალიზაციამ არნახულ მასშტაბს მიაღწია, ჩვენთან კი კლუბებს მხოლოდ არსებობისთვის აუცილებელი დაფინანსება აქვთ. სამწუხაროდ, ეს სპორტის ყველა სახეობას ეხება!
- ყოფილი იუგოსლავიისა და ბალტიისპირეთის ქვეყნებში ბევრია კლუბი, რომლებიც ნიჭიერ ახალგაზრდებს ზრდიან და მერე დიდ ფასად ასხვისებენ. ეს ორმაგად მომგებიანია, რადგან NBA-ში 100-მილიონიანი კონტრაქტის მქონე კალათბურთელი ინვესტიციას სამშობლოშიც ახორციელებს. საქართველო ნიჭიერი მოთამაშეების ნაკლებობას არასდროს უჩიოდა და დროა, ქართველმა ბიზნესმენებმაც ირწმუნონ, რომ ინვესტიციის ჩადება კლუბში, რომელიც ევროთასზე ითამაშებს, გრძელვადიან პერსპექტივაში მომგებიანი საქმეა.

- რუსულ კლუბში თქვენც გითამაშიათ და სხვებსაც, მაგრამ მოსკოვის ცსკა-ში თორნიკე შენგელიას გადასვლას საქართველოში მაინც განსაკუთრებული აჟიოტაჟი მოჰყვა.
- მე ის ვიცი, რომ არც თორნიკეს, არც მე და არც ერთ ქართველს არ გაუხარდა თოკოს ცსკა-ში გადასვლა! მაგრამ არის ბევრი ნიუანსი, რის გამოც ეს გადაწყვეტილება მიიღო. "ბასკონიაში" დარჩენა უკან გადადგმული ნაბიჯი იქნებოდა. საუკეთესო სეზონის და ესპანეთის ჩემპიონის ტიტულის მოპოვების შემდეგ თორნიკეს კარიერის NBA-ში გაგრძელების შანსიც ჰქონდა, მაგრამ პანდემიის გამო ეროვნული საკალათბურო ჩემპიონატი ნოემბრამდე გაიწელა, სეზონის დასრულებამდე კი ახალ მოთამაშეს ვინ დაიმატებდა? გამოდის, ივლისიდან ნოემბრამდე თოკო უგუნდოდ უნდა ყოფილიყო და ამერიკულ ვარიანტს დალოდებოდა. რაც შეეხება ევროლიგის კლუბებს, "ბასკონიაზე" სუსტ გუნდში ხომ არ გადავიდოდა? "ბარსელონა" და "რეალი" უკვე დაკომპლექტებული იყო, "მილანს" კი, სურვილის მიუხედავად, საკმარისი თანხა არ ჰქონდა. საბოლოოდ, კოლოსალური გამოსასყიდი თანხის გადახდა შეძლო მხოლოდ ცსკა-მ, რომელსაც ამოუწურავი ბიუჯეტი აქვს. არც ის დაგვავიწყდეს, რომ კლუბის ხელმძღვანელობას შეუძლია გაყიდოს მის საკუთრებაში მყოფი კალათბურთელი და მოთამაშეს ძალიანაც რომ არ უნდოდეს წასვლა, რას ეტყვის, მოსკოვის კლუბში არ გადავალო?!

- გადაწყვეტილების ერთ-ერთ მიზეზად ნაკ­რებში შეუფერხებლად ჩამოსვლაც დასახელდა.
- ევროლიგის მოთამაშეებს არავინ უშვებს ნაკრებში სათამაშოდ, თორნიკემ კი ამის პირობაც მიიღო, ჩამოვიდა კიდეც და მასთან ერთად ნაკრებმა ორივე მატჩი მოიგო! ვიზიარებ ყველას გულისტკივილს, ვისაც ცსკა-ში შენგელიას გადასვლა ეწყინა,­ მეც და მათაც გვერჩივნა, სხვა კლუბში გადასულიყო, მაგრამ არ იყო სხვა შესაძლებლობა.

- თორნიკე ეროვნული ნაკრების კაპიტანია და მძაფრი რეაქცია გასაკვირი არ ყოფილა - ცსკა ხომ დღემდე ასოცირდება რუსული არმიის კლუბთან.
- შეხედულების გამოთქმის უფლება­ ყველას აქვს, მაგრამ მოსკოვში გადასვლის გამო მოთამაშის "მოღალატედ" გამოცხადება?! მისნაირ პატრიოტს, ოჯახსა და თავის ქვეყანაზე შეყვარებულ ადამიანს ცოტას ვიცნობ! თორნიკე, ფაქტობრივად, ჩემი ოჯახის წევრია და ყველამ თუ არა, მე დანამდვილებით ვიცი, რამდენს აკეთებს სამშობლოსთვის. ბევრმა მხოლოდ ახლახან გაიგო, რომ ცსკა კერძო კლუბია და აღარ არის რუსეთის არმიის გუნდი. გარდა ამისა, სახელწოდებიდანაც ჩანს, რომ არც "VთB გაერთიანებული ლიგაა" მხოლოდ რუსეთის ჩემპიონატი. ეს არის საერთაშორისო ლიგა, სადაც რუსულის გარდა, თამაშობენ პოლონური, ესტონური, ბელარუსული, ყაზახური კლუბები. ასე რომ, თორნიკე რუსეთის კი არა, გაერთიანებული ლიგის ჩემპიონი გახდება. იმედია, ევროლიგასაც მოიგებს, რაც ქართული კალათბურთის კიდევ ერთი გამარჯვება იქნება.

- თორნიკეს მსგავსად, თქვენც გქონდათ მსოფლიოში საუკეთესო საკალათბურთო ჩემპიონატში თამაშის შანსი.
- "სან-ანტონიოს" ნაცვლად სხვა კლუბის საკუთრება რომ ვყოფილიყავი, NBA-ში თამაშის შესაძლებლობა მექნებოდა. მოგვიანებითაც, როცა იტალიის ჩემპიონატის საუკეთესო ლეგიონერად დამასახელეს, "სან-ანტონიოს" შეეძლო პირდაპირ გაეფორმებინა ჩემთან კონტრაქტი და თავის გამოჩენის შანსი მოეცა, მაგრამ... არა უშავს.

- "Dream Team"-ის ("ოცნების გუნდი" - აშშ-ის 1992 წლის ნაკრები, რომელიც კალათბურთის ისტორიაში უძლიერეს გუნდად მიიჩნევა.­ - რ.შ.) ქვეყნის ჩემპიონატში ვერ, მაგრამ­ ქართულ "დრიმ თიმში" ხომ მოხვდით? სპორტის ისეთი დინამიკური სახეობის შემდეგ, როგორიც კალათბურთია, პარლამენტში ყოფნა მოსაწყენი იქნებოდა, თუმცა... ქართულ პოლიტიკაში ნამდვილად არ მოიწყენთ!
- დღევანდელ საქართველოში ყველაზე დინამიკური სპორტი პოლიტიკაა! მოსაწყენად ვის ეცლება, ადრენალინის ასეთ სიჭარბეს სხვაგან სად ნახავთ?!


- პოლიტიკოსების უმეტესობის მიმართ ნეგატიურმა დამოკიდებულებამ შესაძლოა ის სიყვარული და პატივისცემაც გადაწონოს, რასაც ყოველთვის გრძნობდით. არ გეშინიათ?
- ყველაზე ადვილია კარიერის მაშინ დასრულება, როცა ყველას უყვარხარ. პოლიტიკა ყველაზე "პერსპექტიული" გზაა ხალხის სიყვარულის დასაკარგავად და ცხადია, გადაწყვეტილების მიღებისას ესეც გააზრებული მქონდა. შესაძლოა ამ გადაწყვეტილებით უკვე დავკარგე რამდენიმე გულშემატკივარი, მაგრამ ჩემს სინდისთან მართალი ვარ, ვიცი, რომ პარლამენტში საქმის საკეთებლად მივედი, მჯერა, რომ შემიძლია ჩემს ქვეყანას სარგებელი მოვუტანო. გარდა ამისა, პოლიტიკაში არ არის ისეთი ადამიანის ადგილი, ვინც თუნდაც დაუმსახურებელ კრიტიკას ან ნეგატიურ შეფასებებს ვერ აიტანს.

- "მფრინავი ვიქტორი", "Air Georgia" - ეს მეტსახელები საკალათბურთო დარბაზებში დაიმსახურეთ. როგორ გგონიათ, ოთხი წლის შემდეგ რა სახელით წახვალთ პარლამენტიდან?
- პოლიტიკური მეტსახელები უმეტესად­ ნეგატიურია. ვისურვებდი საპარლამენტო­ საქმიანობა მეტსახელის გარეშე დავასრულო­.
გუდიანი კაცი
21 თებერვალი 2021 23:24
ყველას თავისი გზა აქვს შენ რატომ გრცხვენია? აბა მელიასთან შესულიყო მცველად თუ რა გინდათ?ღმერთმა ყველას თავის გზით გაუმარჯოს,
TAMARI
21 თებერვალი 2021 18:57
მამის მეუგლის კლანურობა ამოიდზიეტ ,მიხვდებიტ რა დაემარტა ამ 2 მეტრა ვიტომ კაცს
gogia
21 თებერვალი 2021 17:20
ბატონო კახა თქვენ მართალი არ ხართ კორუფცია ყველა ქვეყანაშია,შენ დამისახელე ქვეყანა დამე დაგისაბუთებ კორუფციას იმ ქვეყანაში,ვიქტორი არავის შეეკითხება სად წავიდეს და სად არა,კაი კაცია და კაცადაც დარჩება.

რუბრიკის სხვა სიახლეები