"ჩემს მეგობარ მორაგბე ბიჭებს ახლაც ვგულშემატკივრობ" - კვირის პალიტრა

"ჩემს მეგობარ მორაგბე ბიჭებს ახლაც ვგულშემატკივრობ"

ჰაიატე სოტომე საქართველოზე შეყვარებული იაპონელია, დიდი ხანია ჩვენს ქვეყანაში ცხოვრობს და ბევრ ქართველზე უკეთ ლაპარაკობს ქართულად. ჰაიატე 2019 წელს იაპონიაში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს რაგბის ნაკრების თარჯიმანიც გახლდათ.

- საქართველოს შესახებ პირველად გავიგე ფილმიდან "მონანიება". როცა ბაკალავრის პირველ კურსზე ვიყავი, ერთმა პროფესორმა გვიჩვენა ეს ფილმი. "მონანიება" ძალიან მძიმე ფილმია და მე იმ დროს შინაარსს კარგად ვერ მივხვდი, მაგრამ რაღაცნაირად მიმიზიდა. მერე აღმოვაჩინე, რომ თურმე ქართული კულტურა ძალიან მდიდარია, მაგრამ მისი მკვლევარი ძალიან ცოტაა და მომინდა, მე თვითონ შემესწავლა. გადავწყვიტე, ენის სასწავლებლად საქართველოში ჩამოვსულიყავი.

- ვიდრე საქართველოში ჩამოხვიდოდით, რა იცოდით ჩვენი ქვეყნის შესახებ? - უნივერსიტეტში, სადაც სწავლა დავიწყე, ქართულის სპეციალისტი მუშაობდა და გაკვეთილს ატარებდა. ეს გახლავთ იასუჰირო კოჯიმა - ალბათ, გეცოდინებათ. მასთან ერთი წელი ვისწავლე და მერე საქართველოში ჩამოვედი. მანამდე მქონდა წაკითხული რამდენიმე ესე, რომელიც იასუჰირომ დაწერა თავის საქართველოში ცხოვრებაზე და ეს ქვეყანა ამ ესედან როგორიც წარმოვიდგინე, დაახლოებით ისეთი იყო...

- აქ დაოჯახებაზე გიფიქრიათ? - უკვე ბევრმა მითხრა, ქართველი ცოლი მოიყვანეო და გამორიცხული არაა...

- 2019 წელს იაპონიაში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს რაგბის ნაკრების თარჯიმანი იყავით... - ძალიან ჭკვიანები იყვნენ თქვენი მორაგბეები. ჯერ უნდა გითხრათ, რომ მანამდე, 2018 წელს, ცეკვისა და სიმღერის ანსამბლი "რუსთავი" ჩამოვიდა კონცერტების ჩასატარებლად და მე ამ დროსაც ვიყავი თარჯიმანი. ერთი თვე იაპონიის სხვადასხვა ქალაქში (თუ არ ვცდები, 20 ქალაქში ან მეტში) ვიარეთ და ჩავატარეთ კონცერტები. ასეთი გასტროლი ძალიან რთულია. მაგალითისთვის ერთი დღის წესრიგი რომ გითხრათ:

დილის 6-ზე გამოვედით სასტუმროდან, ავტობუსით წავედით მეორე ქალაქში, რომელიც 600 კმ-შია და გამოდის სადღაც 9 საათის გზა. რომ ჩავედით მეორე ქალაქში, პირდაპირ საკონცერტო დარბაზში უნდა შევსულიყავით და საღამოს უნდა დაგვეწყო კონცერტი (მე არ მიცეკვია, რა თქმა უნდა). რაგბის ნაკრებთან მუშაობა კი მარტივი იყო - ერთ ქალაქში ერთი კვირა ვრჩებოდით და თამაშისთვის ვემზადებოდით... მე მათ რაღაცების ყიდვასა და დათვალიერებაში ვეხმარებოდი. ძალიან მეგობრული ურთიერთობა მააქვს ბიჭებთან და ახლაც ვგულშემატკივრობ. ახლა ერთი გეგმა მაქვს - შემდეგ მსოფლიოზე საფრანგეთში მინდა წასვლა და თამაშის ნახვა.

- იაპონია ცნობილია საოცარი მწერლებით. თქვენ თუ იცნობთ ქართულ ლიტერატურას? - რასაკვირველია, ძალიან მიყვარს იაპონური ლიტერატურა, მაგრამ არანაკლებად ვიცნობ ვაჟა-ფშაველასა და ილია ჭავჭავაძის ნაწარმოებებს, რომელზეც დისერტაცია დავიცავი. ახლა თანამედროვე ლიტერატურისკენაა ჩემი ინტერესი. ამ პერიოდში "ჯინსების თაობა" წავიკითხე და ახლა ვკითხულობ "მოგზაურობა ყარაბაღში". რაც შეეხება თარგმნას, ჯერ არაფერი მითარგმნია. იასუჰირო კოჯიმას აქვს რამდენიმე ნამუშევარი, მათ შორის - ვაჟას პოეტური და პროზაული ნაწარმოებები ("ალუდა ქეთელაური", "სტუმარ-მასპინძელი", "შვლის ნუკრის ნაამბობი"...), ასევე დუმბაძის "მე, ბებია, ილიკო და ილარიონი". მეც მინდა ვთარგმნო რამე...

- იაპონიაში თუ იცნობენ საქართველოს ისე, როგორც ჩვენ ვიცნობთ იაპონიას? - იაპონიაში თითქმის არ იციან, ან თუ იციან, როგორც: სუმოისტების სამშობლო, ყოფილი საბჭოთა ქვეყანა და ქვეყანა, სადაც შქმერულს ჭამენ. ვერ გეტყვით, რამდენად შეესაბამება ქართულ რეალობას ეს სამი რამ, მაგრამ საქართველო იაპონელისთვის უცნობ ქვეყნად რჩება. ამასთან შედარებით, ყველა ქართველმა იცის იაპონიაზე, თუმცა ეს ქვეყანა მათთვის თითქოს მითოლოგიაშია, ანუ იაპონია ქართველებისთვის არის ძალიან განვითარებული ქვეყანა, სადაც 22-ე საუკუნის ტექნოლოგიასთან ერთად ტრადიციაცაა შენარჩუნებული. სინამდვილეში ასეთი ძალიან საოცნებოც არაა...

- ჩვენთვის ძალიან რთული ჩანს იაპონური ენა. რომელი უფრო რთულია - ქართული თუ იაპონური? - მგონი, გრამატიკულად და სალაპარაკოდ ქართული უფრო რთულია. იაპონურად საუბარი უფრო ადვილია. თუ იცხოვრებთ იაპონიაში რამდენიმე წელი, უკვე შეძლებთ ლაპარაკს, თუმცა დამწერლობა და წერა-კითხვა საერთოდ სხვა რამეა. იაპონურს სამი დამწერლობა აქვს და იაპონურის სწავლის მსურველებს ეს აგიჟებს.

- ქართული სამზარეულო თუ მოგწონთ? - დიახ. ყველაზე ძალიან ხინკალი მომწონს. თუ არ მეზარება, სახლშიც ვაკეთებ იაპონიაში.

- იაპონიაში ყოფნისას ყველაზე მეტად რა გენატრებათ? - ქართველ მეგობრებთან ურთიერთობა. აი, სუფრასთან როგორიც არის, ისეთი ურთიერთობა ძალიან მომენატრა.

- ტოჩინოშინის შემდეგ ვინ არის ყველაზე ცნობილი ქართველი იაპონიაში? - რთული სათქმელია. ჯუღაშვილს თავი რომ დავანებოთ, ალბათ, ასევე სუმოს მოჭიდავე გაგამარუ.

ლადო გოგოლაძე