პაპის ვიზიტმა ხორვატია დააჩქარა - კვირის პალიტრა

პაპის ვიზიტმა ხორვატია დააჩქარა

საქართველოს საფეხბურთო ეროვნული ნაკრები "ევრო-2012"-ის შესარჩევი ეტაპის მორიგ შეხვედრას ხორვატიაში ჩაატარებს.

უკვე დაზუსტებულია მომავალი მატჩის გამართვის ადგილიც - მარტის ბოლოს, თბილისში დამარცხებული ხორვატები გვიმასპინძლებენ საკურორტო ქალაქ სპლიტის სტადიონ "პოლიუდზე", რომლის ტრიბუნებზეც 35 ათასი მაყურებელი ეტევა. ჩვენი ქვეჯგუფის კალენდრის მიხედვით, ხორვატია-საქართველოს შეხვედრა 4 ივნისს უნდა ჩატარებულიყო, თუმცა, ამ დღეს ხორვატიაში რომის პაპი უნდა ჩავიდეს და ბალკანელებმა მატჩის ერთი დღით ადრე ჩატარება გვთხოვეს.

აღსანიშნავია, რომ უეფას მიერ დამტკიცებული კალენდრის თანახმად, ისრაელი-საქართველოს მატჩიც სულ სხვა დღეს იყო დაგეგმილი. წესით და რიგით, ისრაელში არა 29 მარტს, არამედ 7 ოქტომბერს უნდა გვეთამაშა, თუმცა, რაკიღა ებრაელები ამ დღეს რელიგიურ დღესასწაულს აღნიშნავდნენ, მატჩის თარიღის შეცვლა მოითხოვეს.

რაც გამოვიდა ამ საქმიდან, ყველამ კარგად ვიცით - ხორვატიასთან ბრძოლით დაქანცული საქართველოს ნაკრები სამი დღის შემდეგ საკუთარ თავს აღარ ჰგავდა და აკი შეწყვიტა კიდეც ათმატჩიანი წაუგებელი სერია. თუმცა, ხორვატებთან განმეორებითი მატჩი სხვა შემთხვევაა - ივნისამდე ჩვენებს სხვა თამაში არ უწევთ და, ბუნებრივია, მატჩის ერთი დღით ადრე ჩატარებაზე უპრობლემოდ დაჰყაბულდნენ. ამრიგად, ხორვატია-საქართველოს მატჩი, 3 ივნისს, თბილისის დროით 22 საათზე, სპლიტის "პოლიუდზე" გაიმართება.