სტამბოლში ლიდერებით მივდივართ - კვირის პალიტრა

სტამბოლში ლიდერებით მივდივართ

22-24 აპრილს, სტამბოლი ძიუდოში ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს, რომელშიც 17 ქართველი ფალავანი მიიღებს მონაწილეობას. ნაკრების ავსტრიელმა მწვრთნელმა პეტერ ზაიზენბახერმა მათი ვინაობა კვირის ბოლოს მოწვეულ პრესკონფერენციაზე გაახმაურა.

თურქეთის დედაქალაქში წამსვლელთა ჩამონათვალმა დიდი გაოცება გამოიწვია, რადგან როგორც ზაიზენბახერი აცხადებდა, სტამბოლში ე.წ.  B  ნაკრების წაყვანას გეგმავდა, ძირითად შემადგენლობას კი მსოფლიო პირველობისთვის "ინახავდა". მაშინ, რატომ შეიცვალა შემადგენლობა ასე მოულოდნელად? ავსტრიელის თქმით, ეს თავად გუნდის ლიდერების სურვილმა გამოიწვია.

"გუნდის ლიდერებმა დამარწმუნეს, რომ ევროპის ჩემპიონატში მონაწილეობა ძალიან უნდათ. რა თქმა უნდა, გავაფრთხილე, რომ დიდი შანსია, სათანადო ფორმაში არყოფნა მათ შედეგებზე აისახოს, ამის მიუხედავად, სტამბოლში წასვლა მაინც არჩიეს. მეორე მხრივ, ეს კარგიც არის, ახალი წესების შემოღების შემდეგ მათთვის პრაქტიკა აუცილებელია, თანაც, ევროპის ჩემპიონატზე სალიცენზიო ქულებიც გაიცემა", - აღნიშნა ზაიზენბახერმა.

სტამბოლში ჩვენი გუნდის ღირსებას თითო წონაში ორ-ორი მოჭიდავე დაიცავს: ბეთქილ შუკვანი, ამირან პაპინაშვილი (60), შალვა ქარდავა, გიორგი შოშიაშვილი (66), ამბაკო ავალიანი, თენგიზM პაპოშვილი (73), დავით კარბელაშვილი, ლევან წიკლაური (81), ვალერი ლიპარტელიანი, ლაშა გურული (90), ირაკლი ცირეკიძე, ლომერ ჟორჟოლიანი (100), ზვიად ხანჯალიაშვილი და ნოდარ მეტრეველი (+100). ჩემპიონატის ბოლო დღეს თურქეთში გუნდური პირველობაც ჩატარდება, რისთვისაც ავსტრიელ მწვრთნელს სამარქაფოდ კიდევ სამი ძიუდოისტი მიჰყავს: ნუგზარ ტატალაშვილი (73), ავთანდილ ჭრიკიშვილი (81) და სოსო მსხალაძე (+100).