ქერი(მოვი)ს ორმოში - კვირის პალიტრა

ქერი(მოვი)ს ორმოში

"ანჟის" მეპატრონემ  რობერტო კარლოსს 2-მილიონიანი  Bugatti Veyron-ი აჩუქა

ადრე ვწერდით, მახაჩყალის "ანჟიში" გადასული რობერტო კარლოსი "ქერის ორმოში" ჩავარდაო. თუმცა, მხოლოდ ვეტერანი ბრაზილიელი კი არა, მთლიანად დაღესტნის უმთავრესი კლუბია "ამ დღეში". კლუბის მეპატრონეს - 45 წლის სულეიმან ქერიმოვს იმდენი ფული აქვს, აღარ იცის, სად დახარჯოს. ცოტა ხნის წინ საკუთარი კლუბისთვის პერსონალური თვითმფრინავი, 2007 წელს აგებული ელიტური Ty-14M  იქირავა. ეკონომკლასის სალონის გარდა, თვითმფრინავს VIP-მგზავრებისთვის განკუთვნილი რვა ადგილი და სპეციალური აპარტამენტებიც აქვს, მოსასვენებელი ოთახისა და საშხაპე კაბინის თანხლებით.

ქერიმოვს არც პერსონალური საჩუქრები "დაეწუნება". რამდენიმე დღის წინ იუბილარ რობერტო კარლოსს მან, არც მეტი, არც ნაკლები, მსოფლიოში ყველაზე სწრაფი ავტომანქანა, 2 მილიონ დოლარად ღირებული Bugatti Veyron-ი... აჩუქა! ბრაზილიელი ფეხბურთელის დაბადების დღის აღსანიშნავ წვეულებაზე, რომელიც სასტუმრო "მეტროპოლში" გაიმართა, მილოცვის შემდეგ, ქერიმოვმა კარლოსს პატარა ყუთში მოთავსებული "ბუგატის" სათამაშო მოდელი გადასცა და დასძინა, რომ ასეთივე, ოღონდ ნამდვილი სუპერკარი იუბილარს სასტუმროს წინ ელოდა!

გაოცებისგან პირდაღებულმა ფეხბურთელმა იქამდე არ დაიჯერა ასეთი ძვირად ღირებული საჩუქრის არსებობა, სანამ საკუთარი თვალით არ იხილა. "ანჟის" მფლობელმა გული არც სხვა მოთამაშეებს დასწყვიტა - თუ კლუბი რუსეთის ჩემპიონი გახდება, Bugatti Veyron-ი "ანჟის" ყველა ფეხბურთელის ავტოფარეხს დაამშვენებს. მოდი და, ნუ წახვალ ამის შემდეგ "ანჟიში" სათამაშოდ.