თურქეთში არაზუსტად ვისროლეთ - კვირის პალიტრა

თურქეთში არაზუსტად ვისროლეთ

საქართველოს მშვილდოსანთა ეროვნული ნაკრები თურქეთის ქალაქ ანთალიაში ჩატარებულ ევროპის გრან-პრის ერთ-ერთი ფავორიტის რანგში ესტუმრა, თუმცა, სამწუხაროდ ჩვენებურებმა ვერც გუნდურ ჩათვლაში გაიმეორეს რამდენიმე კვირის წინ მიღწეული წარმატება და ვერც ინდივიდუალურ ასპარეზობაში იყოჩაღეს.

როგორც ცნობილია, საქართველოს მშვილდოსანთა ნაკრებმა, რომელსაც ამჟამად კორეელი მწვრთნელი ხელმძღვანელობს, მარტის მიწურულს ესპანეთის ქალაქ კიმბრილსში ევროპის გუნდური ჩემპიონატი მოიგო.

რაც შეეხება ანთალიის გრან-პრის, ჩვენმა სპორტსმენებმა საკვალიფიკაციო ეტაპზე ფავორიტების შესაფერისად იასპარეზეს, აი, ფლეი-ოფში კი მიზანმა უმტყუნათ. თანაც, ყველა ჩვენებური მერვედფინალში დამარცხდა.

ქრისტინე ესებუამ რუს სტეპანოვასთან წააგო, ხათუნა ნარიმანიძე მასპინძელ ლოკლუოღლუსთან დამარცხდა და ვერც ასმათ დიასამიძემ და ლანა ვერულიძემ იყოჩაღეს. უიღბლო გამოდგა ჩვენთვის გუნდური პირველობაც - საქართველოს ნაკრებმა (ესებუა, ნარიმანიძე, დიასამიძე) საწყისი წრე გამოტოვა, მეოთხედფინალში კი პოლონეთთან წააგო (213:210) და მედლებისთვის ბრძოლას ჩამოშორდა.