ტევესი "ინტერში"? - კვირის პალიტრა

ტევესი "ინტერში"?

სატრანსფერო ბაზრის იტალიელი ექსპერტები ირწმუნებიან, რომ "მანჩესტერ სიტის" არგენტინელი თავდამსხმელის - კარლოს ტევესის მილანის "ინტერში" გადასვლა თითქმის გადაწყვეტილია.

"კარლიტო", რომელმაც "ლივერპულთან" მატჩისას ტრავმა მიიღო, უკვე ერთი კვირაა, მეგობარ გოგონასთან ერთად მილანში იმყოფება. ჟურნალისტის კითხვაზე, რას აკეთებს "მოდის დედაქალაქში", ტევესმა უპასუხა, ქალაქი მომწონს და იმიტომო...

ახალი არ არის, რომ არგენტინელს მანჩესტერის დატოვება სურს და თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ "ინტერმა" კარგა ხანია "კარლიტოს" თვალი დაადგა და თანაც, ამ კლუბში ტევესის არაერთი თანამემამულეც თამაშობს, დიდი შანსია, თავდამსხმელმა მილანს სეზონის ბოლოსვე მიაშუროს. 27 წლის ტევესის სატრანსფერო ფასი დაახლოებით 45 მილიონი ევროა.