იაპონია "კოპა ამერიკაზე" ითამაშებს - კვირის პალიტრა

იაპონია "კოპა ამერიკაზე" ითამაშებს

ხანგრძლივი ყოყმანის შემდეგ, იაპონიის საფეხბურთო ნაკრები "ამერიკის თასზე" თამაშს დათანხმდა. ქვეყანაში მომხდარი სტიქიური უბედურების გამო, იაპონიის საფეხბურთო ჩემპიონატი ისევ შეჩერებულია და სავარაუდოდ, ივლისში განახლდება.

სწორედ 1-24 ივლისს არის დაგეგმილი "კოპა ამერიკის" გათამაშებაც, რომელშიც 10 სამხრეთამერიკული ნაკრების გარდა, მექსიკა და იაპონიაც მიიღებენ მონაწილეობას. რადგან ქვეყნის ჩემპიონატის და ამ ტურნირის გრაფიკი ერთმანეთს ემთხვევა, იაპონიის ფეხბურთის ფედერაცია მხოლოდ მას შემდეგ დათანხმდა არგენტინაში გამგზავრებაზე (წლევანდელ "ამერიკის თასს" სწორედ არგენტინა უმასპინძლებს. - ავტ.), რაც ფიფასგან გარანტია მიიღო, რომ მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანო აიძულებს ევროპულ კლუბებს, იაპონელი ლეგიონერები ნაკრებში გაუშვან.

აღსანიშნავია, რომ 1999 წელს იაპონიის ნაკრები ერთხელ უკვე მონაწილეობდა "კოპა ამერიკაზე", თუმცა, მაშინ ჯგუფიდან გასვლა ვერ შეძლო. იკითხავთ, იაპონელებს ახლა "ამერიკის თასისთვის" სცხელათო?

მაშინ იმაზე რაღას იტყვით, თუ შეიტყობთ, რომ ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადის მასპინძლობა სურს? იაპონელები ფიქრობენ, რომ მასპინძლობისთვის ბრძოლაში გამარჯვება მათ ქვეყანას ძალიან დაეხმარება სტიქიის შემდეგ ფეხზე დადგომაში.