სანიოლი და რთული გზა
სანიოლი და რთული გზა
ფოტო:ძალიან გვინდა მარტის ბოლოს ეს ჟესტი ჩვენც გავიმეოროთ
"ვილი სანიოლმა ჯერ კარგად არ იცის, სად მოხვდა. იმედია, რაც შეიძლება სწრაფად გაერკვევა და იმასაც დაინახავს, რომ ვეტერანების გარდა, ქართულ ფეხბურთში ბევრი მისნაირიც (ახალგაზრდა და მოტივირებული) არის. უპირველესად, სწორედ მათი პოტენციალი უნდა გამოიყენოს. ჩაკვეტაძე, კვარაცხელია, დავითაშვილი, კიტეიშვილი, შენგელია, არაბიძე, ტაბიძე, კაკაბაძე (გავრცელებული ინფორმაციით, ფაქტობრივად, გადაწყვეტილია მიქაუტაძის ქართული პასპორტის ამბავიც. - რ.შ.) და კიდევ არაერთი ახალგაზრდა თუ შედარებით ასაკოვანი ფეხბურთელი უნდა იქცეს იმ საფუძვლად, რომელზეც, საუკეთესო კონდიციებში მყოფი ვეტერანების მონაწილეობით, წარმატებული
გუნდი აშენდება "


იოლი მხოლოდ მარჩიელობაა: გამოადგება თუ არა ვილი სანიოლი საქართველოს ნაკრებს? აი, ამ კითხვაზე პასუხი კი გაცილებით რთულია...

საქართველოში კუპერმა და ტოპ-მწვრთნელმა ვერაფერს მიაღწიეს და "ბორდოში" დიდი ვერაფერიშვილი და "ბაიერნის" მთავარ მწვრთნელად რვა დღით ნამუშევარი 43 წლის კაცი აგვაშენებსო? - ფიქრობს გულშემატკივართა ნაწილი,
ანდა - ეგ რომ კარგი მწვრთნელი იყოს, უმუშევრად ოთხ წელიწადს ვინ გააჩერებდაო?

არიან ისეთებიც, ვინც ფიქრობს, რომ საქართველოს ნაკრებს სწორედ სანიოლის ტიპის სპეციალისტი სჭირდება: შედარებით გამოუცდელი, მაგრამ მოტივირებული და შეტევის მოყვარული.

გამოცდილებისა რა გითხრათ, მაგრამ სადაც კი უმუშავია ("ბორდომდე" და "ბაიერნამდე" საფრანგეთის ახალგაზრდულ ნაკრებს წვრთნიდა. - რ.შ.) შემტევი ფეხბურთი ყველგან უყვარდა. ჰოდა, რაკი ქართველებს მხოლოდ შედეგი არ გვაკმაყოფილებს (ან შედეგი სად არის, თორემ ვინ ამოიღებდა ხმას?!), სანამ შედეგებს მოვთხოვდეთ, იქნებ ამ ეტაპზე შეტევის მოყვარულმა მწვრთნელმა დაგვაკმაყოფილოს?

დანიშნულია კაცი. პატარძლის არ იყოს, არც ჩვენ "აგვცდება" მასთან თანამშრომლობა და რასაც ვერ შევცვლით, იმაზე ნერვიულობას აზრი არც აქვს. მერე კიდევ, ჯერ რას ვერჩით, იქნებ ამართლებს ვილი სანიოლი, იქნებ ისიც გაიზარდოს ჩვენს ნაკრებთან ერთად და წინასწარ რატომ ვითხრით თვალებს?!

საქართველოს ნაკრები არც "ბორდოა", არც ჯანიანი ფრანგი ახალგაზრდების კრებული და მით უმეტეს, არც მიუნხენური გრანდი. ეს საქართველოა, სადაც სანიოლი კი არა, კუპერი და ტოპი არ ჰყოფნით ლუკმად! მაგრამ კიდევ ვამბობ, ვილის ქართული კარიერის წინასწარ გამოტირება, მისი კრიტიკა, ვისაც ჯერ არც ვიცნობთ, არც ქართულ "სტუმართმოყვარეობას" ერგება და არც ჩვენებურ იმედიან ხასიათს.

ვაცალოთ, ჯერ საქმით გამოაჩინოს რა შეუძლია და თუ "სხვა გზა აღარ იქნა", წინამორბედების მსგავსად კრიტიკას არც ფრანგს დავამადლით.
ვილი სანიოლი მერვე უცხოელია (და მეორე ფრანგი), ვინც საქართველოს ნაკრებთან ერთად წარმატების მიღწევას შეეცდება. 1999 წლიდან, როცა ეროვნული გუნდის სათავეში ბოსკამპი მოექცა, ჩვენი გუნდის საჭე კიდევ რამდენიმე არაქართველ სპეციალისტს ანდეს (შუშაკი, ჟირესი, ტოპმიოლერი, სეგრტი, კუპერი, ვაისი). მათგან ვინ როგორ გაამართლა, მეტ-ნაკლებად, ყველას გახსოვთ, ჩვენ კი მეორე წრეზე წავედით და იმედი გვაქვს, რომ სანიოლი საქართველოში თანამემამულე ალან ჟირესზე მეტ წარმატებას მიაღწევს. სხვა რომ არაფერი, ვილი დავიდ ფრედერიკ სანიოლს სახელის ერთი ნაწილი მაინც აქვს ქართული!

სერიოზულად თუ ვიტყვით, ფეხბურთელ სანიოლს ყველა იცნობს: მარჯვენა მცველის პოზიციაზე მოთამაშემ 58 მატჩი ჩაატარა საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებში (მათ შორის, თბილისშიც - 2006 წლის სექტემბერში). რაც შეეხება საკლუბო კარიერას, მშობლიური "სენტ-ეტიენის" და "მონაკოს" შემდეგ, ბოლო ცხრა წელიწადი მსოფლიო ფეხბურთის გრანდ "ბაიერნში" გაატარა. მიუნხენური კლუბის შემადგენლობაში მოიგო ჩემპიონთა ლიგა (2001) და ხუთჯერ გახდა ბუნდესლიგის ჩემპიონი. საფრანგეთის ნაკრებთან ერთად მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონობა მოიგო 2006 წელს, ორჯერ კი კონფედერაციის თასსაც დაეუფლა.

ვისაც სანიოლის თამაში უნახავს, საიმედოობას ნამდვილად ვერ დაუწუნებდა. მით უმეტეს, ტიტულებს. მაგრამ ჩვენთვის უფრო საინტერესო მისი ახლანდელი საქმიანობაა. ამ მხრივ, ფეხბურთელი ვილი ისევე განსხვავდება მწვრთნელი სანიოლისგან, როგორც საფრანგეთის ამჟამინდელი ნაკრები და საქართველოს ეროვნული გუნდი. ჯერჯერობით, ასე ჩანს და ფრანგი სპეციალისტი საპირისპიროს რაც უფრო სწრაფად დაგვიმტკიცებს, მით მეტად გაგვიხარდება.

ვილი სანიოლი ჩინებული ფეხბურთელი იყო, დანარჩენს კი დრო გვიჩვენებს

მოთამაშის კარიერის დასრულების შემდეგ, 2011-2013 წლებში, საფრანგეთის ნაკრების ტექნიკურ დირექტორად იმუშავა, მერე კი საფრანგეთის 21-წლამდელთა ნაკრები ჩააბარეს, სადაც რვა მატჩიდან 6 მოიგო, 2 ფრედ დაასრულა და "ბორდოში" გადაბარგდა. ფრანგულ კლუბში პირველი, შედარებით წარმატებული სეზონი სანიოლმა და მისმა შეგირდებმა მეექვსე ადგილზე დაასრულეს, მომდევნო წელი კი კიდევ უფრო ცუდი გამოდგა და 2016 წელს, "ტულუზასთან" 0:4 წაგების შემდეგ, ვილი პოსტიდან გაათავისუფლეს.

2017 წელს სანიოლი დაუბრუნდა კლუბს, სადაც კარიერის საუკეთესო წლები გაატარა. მიუნხენის "ბაიერნში" კარლო ანჩელოტის ასისტენტად მუშაობდა, იტალიელი სპეციალისტის გათავისუფლების შემდეგ კი 8 დღის განმავლობაში მთავარი მწვრთნელის მოვალეობასაც ასრულებდა. საბოლოოდ, თანამშრომლობა აღარ გაგრძელდა - "რეკორდმაისტერი" იუპ ჰაინკესს ჩააბარეს, სანიოლი კი მიუნხენს დაემშვიდობა.

მას შემდეგ თითქმის ოთხი წელიწადია, ვილი სანიოლს მწვრთნელად აღარ უმუშავია. სხვადასხვა წყაროს ცნობით, ამის მიზეზი მისი შვილის ავადმყოფობა გახლდათ.

დღეს შვილი კარგადაა, ვილი - თბილისში. გახდება თბილისი ვილისი? ჯერ არ ვიცით.

ის კი ცხადია, რომ ახალი გუნდის გაცნობა ფრანგს გზადაგზა მოუწევს. საქართველოს ნაკრებს უახლოესი მატჩი (შვედეთში) 25 მარტს ელის. 28-ში ესპანეთს უნდა დავუხვდეთ, 31 ოქტომბერს კი საბერძნეთს ვესტუმროთ. ეს იმას ნიშნავს, რომ ეროვნული გუნდის ახალ თავკაცს შეგირდების გასაცნობად მხოლოდ ერთი თვე აქვს. ამ ერთი თვის განმავლობაში ფეხბურთელები კლუბებში 4-5 მატჩის გამართვას მოასწრებენ და სანიოლმა რომელი ერთის ნახვა უნდა მოასწროს?!

ფრანგ მწვრთნელს თბილისში გასული კვირის ბოლოს ელოდნენ. ნაკრების ახალი თავკაცი ქართული კლუბების მატჩებსაც შეავლებს თვალს, ბუნებრივია, რამდენიმე ლეგიონერის თამაშსაც ნახავს და ნაკრების სადღეისო ბირთვზე სფფ-ს წარმომადგენლებიც დაელაპარაკებიან. რაც შეეხება სავარაუდო ტაქტიკას, ვილის შეტევა რომ უყვარს, უკვე ვთქვით, აქამდე გაწვრთნილ გუნდებში კი ტაქტიკურ მონახაზს საკმაოდ ხშირად ცვლიდა და წინასწარ რთულია ვარაუდი, ქართველ ფეხბურთელებს რომელ თარგზე მოჭრის.

ვილი სანიოლმა ჯერ კარგად არ იცის, სად მოხვდა. იმედია, რაც შეიძლება სწრაფად გაერკვევა და იმასაც დაინახავს, რომ ვეტერანების გარდა, ქართულ ფეხბურთში ბევრი მისნაირიც (ახალგაზრდა და მოტივირებული) არის. უპირველესად, სწორედ მათი პოტენციალი უნდა გამოიყენოს. ჩაკვეტაძე, კვარაცხელია, დავითაშვილი, კიტეიშვილი, შენგელია, არაბიძე, ტაბიძე, კაკაბაძე (გავრცელებული ინფორმაციით, ფაქტობრივად, გადაწყვეტილია მიქაუტაძის ქართული პასპორტის ამბავიც. - რ.შ.) და კიდევ არაერთი ახალგაზრდა თუ შედარებით ასაკოვანი ფეხბურთელი უნდა იქცეს იმ საფუძვლად, რომელზეც, საუკეთესო კონდიციებში მყოფი ვეტერანების მონაწილეობით, წარმატებული გუნდი აშენდება.

მეორე (და ამ შემთხვევაში - მთავარი) საკითხია, როგორ გამოიყენებს ფეხბურთელების პოტენციალს ნაკრების ახალი მწვრთნელი. სამხრეთულ ხასიათთან ერთად (სანიოლი სენტ-ეტიენშია დაბადებული და ბავშვობაში მაინც ექნებოდა ის თვისებები, რასაც საქართველოში ფეხის ყოველ ნაბიჯზე შეხვდება), მისი გერმანული თვისებებიც არანაკლებ გვაინტერესებს.­ უპირველესად დისციპლინის, პროფესიონალიზმის, პასუხისმგებლობის გრძნობა, რომლის გარეშეც მიუნხენის "ბაიერნში" არათუ ცხრა წელიწადს, ცხრა დღესაც არავინ გააჩერებდა! კრიტიკის დრო (იმედია, საფუძველი - არა!) მერეც გვექნება. ჯერჯერობით კი მხოლოდ ის დაგვრჩენია, საქართველოს ნაკრების ახალ მწვრთნელს წარმატება ვუსურვოთ, წარმატება, რაც აუცილებლად სჭირდება ყველას, ვინც მრავალტანჯული ქართული ფეხბურთის შველას შეეცდება.

ახალ(გაზრდა) ფრანგს მთლად ჩვენი ფეხბურთის რენესანსს (Renaissance სწორედ ფრანგული სიტყვაა და "ხელმეორედ დაბადებას" ნიშნავს. - რ.შ.) ვერ მოვთხოვთ, ქართული ფეხბურთის გასაჭირისა თუ საკადრო რესურსის ამბებიც მასზე უკეთ მოგვეხსენება, მაგრამ ნათქვამია, "სახარე ხბოს სასკორავში ეტყობაო" და მარტის ბოლოს მიახლოებით მაინც გვეცოდინება, ჩვენთვის პერსპექტიულ მწვრთნელს მივაგენით თუ უახლოეს წლებსაც ფუჭად დავკარგავთ...

P.S. საქართველოს ნაკრების კაპიტანი ჯაბა კანკავა და ნაკრების ახალი თავკაცი ერთ დღეს - 18 მარტს არიან დაბადებული. იმედი დავიტოვოთ, რომ კაპიტანსა და ცხრა წლით უფროს მწვრთნელს არა მარტო იუბილეს, გამარჯვებების ერთად აღნიშვნის საფუძველიც ექნებათ.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები