ზეწოლა მიწოლის ნაცვლად?! - კვირის პალიტრა

ზეწოლა მიწოლის ნაცვლად?!

"ხმაურის, "სირცხვილის კორიდორის" და დაპირისპირების ფონზე გაიმართა 24 თებერვლის ყრილობაც. ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა პრეზიდენტობის ერთადერთ კანდიდატ სოსო ტყემალაძეს და ავჭალის სარაგბო ბაზასთან შეკრებილ ირაკლი აბუსერიძის მხარდამჭერებს შორის. ტყემალაძე ოპონენტებს დამშვიდებისკენ მოუწოდებდა და შეახსენებდა, პრეზიდენტობა ნეიტრალური კანდიდატის სტატუსით ვითარების განსამუხტავად გადავწყვიტეო. საპასუხოდ შეურაცხმყოფელი შეძახილების მოსმენამ მოუწიათ მასაც და ყრილობაზე დელეგატებსაც. საბოლოოდ, კვორუმის არარსებობის გამო არჩევნები არ შედგა..."

დეკემბერიც დადგა, თებერვალიც, მარტიც... საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი კი ისევ არ ჩანს. ქართული რაგბი, რომელსაც წელიწადზე მეტია სძინავს, გაზაფხულმაც ვერ გამოაცოცხლა. წელიწადზე მეტია, ქართული რაგბი უთავოდ არის. ამ ხნის განმავლობაში სარაგბო სამყარომ ვერ აირჩია კაცი, რომელიც რაგბის არა მარტო დაუბრუნებს იმ სიყვარულს, პატივისცემასა და ინტერესს, რომელიც ბოლო წლებამდე სულ იზრდებოდა, კიდევ უფრო მაღალ საფეხურზეც აიყვანს თამაშს, რომელსაც აქვს პრეტენზია, რომ არც მეტი, არც ნაკლები, "ჩვენი თამაშია"! ასეთი კაცი (ყოველ შემთხვევაში, ოფიციალურად) ჯერ არ ჩანს, იმის მიუხედავად, რომ უკანასკნელი თვეების განმავლობაში საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტობის სურვილი ოთხმა კანდიდატმა გამოთქვა და ერთ-ერთი მათგანი აირჩიეს კიდეც. ზოგს დელეგატები იწუნებენ, ზოგს საჯარო რეესტრი. ვნახეთ უამრავი დაპირება, ბრალდება, მუქარა და ლანძღვა-გინება (აქამდე რომ რაგბისთვის შეუფერებლად მიგვაჩნდა!), სროლაც კი! ბოლოს - ბოიკოტი და პრეზიდენტობის ახალი, "ნეიტრალური" კანდიდატიც.

მივყვეთ ქრონოლოგიურად:

პანდემიის გამო ერთი წლით გადადებული არჩევნები, როგორც იქნა, გასული წლის 30 დეკემბერს გაიმართა. კანდიდატი სამი იყო: რაგბის კავშირის ბოლო პრეზიდენტი გოჩა სვანიძე, რაგბის კავშირის მაღალი სპორტული მიღწევების ყოფილი დირექტორი ლაშა (ბაჩო) ხურციძე და "ბორჯღალოსნების" ყოფილი კაპიტანი და პარლამენტის ყოფილი წევრი "ქართული ოცნებიდან" ირაკლი აბუსერიძე.

ხმაური, დაპირისპირება და ურთიერთბრალდებები არჩევნებამდე კარგა ხნით ადრე დაიწყო და არც პოსტსაარჩევნო პერიოდს დაჰკლებია. აბუსერიძის საარჩევნო შტაბში ამტკიცებდნენ, რომ მათ მხარდამჭერ დელეგატებზე ზეწოლა და მუქარა იყო, მუნიციპალურ კლუბებს კი დაფინანსების შეწყვეტით აშინებდნენ და მოუწოდებდნენ, ყრილობაზე არ მისულიყვნენ, რასაც არჩევნების ჩაშლა მოჰყვებოდა.

თავის მხრივ, 30 დეკემბერს დანიშნული არჩევნების გადადებას ითხოვდა ბაჩო ხურციძე: რეგლამენტის შეცვლას მხოლოდ სამი კვირა სჭირდება, შევცვალოთ და საარჩევნო ყრილობა მხოლოდ ამის შემდეგ ჩავატაროთ, სხვანაირად ის ლეგიტიმური ვერ იქნებაო. ხურციძე დარწმუნებული იყო, რომ კონკურენტების (აბუსერიძისა და სვანიძის) მის წინააღმდეგ გაერთიანების მიუხედავად, ისინი არჩევნების გასამართავად აუცილებელ კვორუმს ვერ მოაგროვებდნენ და თუ კენჭისყრა მაინც გაიმართებოდა, შედეგს გაასაჩივრებდა.

საბოლოოდ, 30 დეკემბრის საარჩევნო ყრილობა მაინც შედგა, აბუსერიძემ 31 ხმა მიიღო, სვანიძემ - 10, ხურციძემ კი ბოიკოტი არჩია. გამარჯვებულად ირაკლი აბუსერიძე გამოცხადდა, თუმცა... ბაჩო ხურციძემ დაპირება შეასრულა და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში მეორე დღესვე შეიტანა განცხადება, რომლითაც 30 დეკემბრის ყრილობის გაუქმებას და ხელახალი არჩევნების გამართვას ითხოვდა.

თავის მხრივ, 6 იანვარს საჯარო რეესტრს ირაკლი აბუსერიძემაც მიმართა და მოითხოვა თავისი რეგისტრაცია საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტად და გამგეობის ახალ წევრად, ასევე, გამგეობის ახალი წევრების რეგისტრაცია. ირაკლი აბუსერიძეს მოთხოვნაზე უარი ეთქვა, რაც საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ ასე განმარტა: "რაგბის კავშირის წესდების თანახმად, პრეზიდენტი ირჩევა კრებაზე, რომლის კვორუმია წევრთა ხმების 2/3 მაინც; ირაკლი აბუსერიძის მიერ წარდგენილი დოკუმენტებით კი დგინდება, რომ კრებაზე, სადაც იგი კავშირის პრეზიდენტად უნდა აერჩიათ, საკმარისი კვორუმი არ იყო. პრეზიდენტობის კანდიდატი აღნიშნულ ფაქტს იმ მიზეზით ხსნიდა, რომ დეკემბერში გამართული კრება 2020 წლის თებერვალში კვორუმის არარსებობის გამო ჩაშლილი კრების განმეორებით კრებას წარმოადგენდა. თუმცა კავშირის წესდება განმეორებით კრებას მხოლოდ მაშინ ცნობს, თუ იგი პირველი კრების გამართვიდან არა უგვიანეს 30 დღეში ჩატარდება; სინამდვილეში კი, კრება, რომელზეც აბუსერიძის პრეზიდენტად არჩევა განიხილებოდა, არა 30 დღის განმავლობაში, არამედ 30 დეკემბერს - 10 თვის შემდეგ ჩატარდა. ამასთან, წესდებითაა განსაზღვრული, რომ განმეორებით კრებაზე მხოლოდ იმ საკითხების განხილვაა დასაშვები, რომლებიც პირველი მორიგი კრების დღის წესრიგით იყო გათვალისწინებული. ასევე ამ ჩანაწერის უგულებელყოფით, წესდების საწინააღმდეგოდ, 30 დეკემბრის კრებაზე, რომელიც თითქოსდა განმეორებითი კრება უნდა ყოფილიყო, განიხილეს/კენჭი უყარეს რაგბის კავშირის ახალი წევრების არჩევას.

საჯარო რეესტრმა მიიღო გადაწყვეტილება - ირაკლი აბუსერიძეს უარი ეთქვა რაგბის კავშირის პრეზიდენტად რეგისტრაციაზე, ასევე უარი ეთქვას გამგეობის ახალი წევრების რეგისტრაციაზე, რადგან არც პრეზიდენტობის და არც გამგეობის წევრობის კანდიდატებს არ მიუღიათ ხმების ის რაოდენობა, რაც წესდებითაა მოთხოვნილი".

აღსანიშნავია, რომ რაგბის კავშირის ძველი გამგეობა არ დაელოდა რეესტრის გადაწყვეტილებას, 31 იანვარს შეიკრიბა და ახალი საარჩევნო ყრილობა 24 თებერვალს დანიშნა. ბუნებრივია, აბუსერიძე, რომელიც თავს არჩეულ პრეზიდენტად მიიჩნევს, გამგეობის ამ გადაწყვეტილებასაც არალეგიტიმურს უწოდებს. 30 დეკემბერს არჩეულმა, მაგრამ რეგისტრაციაში გაუტარებელმა კანდიდატმა ახალ არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადა და შედეგად, 24 თებერვალს დანიშნულ საარჩევნო ყრილობაზე დარეგისტრირდა პრეზიდენტობის მხოლოდ ერთი კანდიდატი - იოსებ ტყემალაძე, რომელიც კანდიდატად 24-მა ნამდვილმა წევრმა წარადგინა.

ვინ არის ტყემალაძე და აქამდე სად იყოო? - იკითხა გულშემატკივართა დიდმა და მორაგბეების ერთმა ნაწილმა. სოსო ტყემალაძე ფონდ "ქართუს" მიერ ბოლო წლებში სარაგბო კომპლექსების მშენებლობაში იყო ჩართული, რაგბის კავშირის პრეზიდენტობა კი, როგორც თავად ამბობს, დაპირისპირების განსამუხტავად, ნეიტრალური კანდიდატის სტატუსით გადაწყვიტა.

სხვაგვარად ფიქრობენ აბუსერიძის მხარდამჭერები - მორაგბეებს როდის გვკითხე, გვინდოდა თუ არა "ნეიტრალური კანდიდატის" დახმარებაო? თავად აბუსერიძე ჯერ კიდევ არჩევნებამდე ამბობდა, რომ რაგბის კავშირის საქმიანობაში ხელისუფლების მაღალჩინოსნები ერევიან და კონკრეტულ გვარებსაც ასახელებდა, 24 თებერვლის არჩევნებში კანდიდატად იოსებ ტყემალაძის დარეგისტრირების შემდეგ კი საქართველოს ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა ახალ არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადა და სოციალურ ქსელში დაწერა: "ხელახალი არჩევნებით ქართული რაგბისთვის არაკეთილმოსურნე ხალხი აქამდე მიღწეული ყველა წარმატების, ყველა დადებული ლელოს, ბრძოლის, გულშემატკივრის სიხარულის წყალში ჩაყრას შეეცდება".

"რაგბთან არაფერ შუაში კაცს - მშენებელ იოსებ ტყემალაძეს, რაგბის კავშირის პრეზიდენტობის უკანონოდ გაფორმება სურს (ალბათ, ისიც კი არ იცის, რამდენი ქულაა ლელო). ვიცი, რომ იმ კლუბებმა, ვინც ტყემალაძე კანდიდატად წარადგინა, ეს გადაწყვეტილება ზეწოლის და მუქარის შემდეგ მიიღეთ, მაგრამ სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ: ყველასთვის საბედნიეროდ, მშენებელი იოსებ ტყემალაძე, ხვალ რაგბის კავშირის პრეზიდენტი ვერ გახდება, ხვალ არჩევნების ჩასატარებლად საჭირო კვორუმი ვერ შედგება!" - დაწერა აბუსერიძემ 23 თებერვალს და წერილის ბოლოს ბაჩო ხურციძესაც მიმართა: "ბაჩო, ამ მშენებელი კაცის მოსაყვანად იბრძოდი? ბოლომდე სამშენებლო კომპანიად გინდოდა რაგბის კავშირის გადაკეთება?"

ხმაურის, "სირცხვილის კორიდორის" და დაპირისპირების ფონზე გაიმართა 24 თებერვლის ყრილობაც. ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა პრეზიდენტობის ერთადერთ კანდიდატ სოსო ტყემალაძეს და ავჭალის სარაგბო ბაზასთან შეკრებილ ირაკლი აბუსერიძის მხარდამჭერებს შორის. ტყემალაძე ოპონენტებს დამშვიდებისკენ მოუწოდებდა და შეახსენებდა, პრეზიდენტობა ნეიტრალური კანდიდატის სტატუსით ვითარების განსამუხტავად გადავწყვიტეო. საპასუხოდ შეურაცხმყოფელი შეძახილების მოსმენამ მოუწიათ მასაც და ყრილობაზე დელეგატებსაც. საბოლოოდ, კვორუმის არარსებობის გამო არჩევნები არ შედგა.

დებულების თანახმად, ხელახალი არჩევნები 10-30 დღეში უნდა გაიმართოს. ამჯერად, კვორუმისთვის მხოლოდ 38 ხმა იქნება საკმარისი და პრეზიდენტს დამსწრეთა უმრავლესობა აირჩევს.

ახლა საკითხავი მხოლოდ ის არის, ვინ იქნება ასარჩევი და ბოლოს და ბოლოს, დასრულდება თუ არა ის მეტისმეტად უსიამოვნო პროცესი, რასაც წელიწადზე მეტხანს გაჭიანურებული "არჩევნები" ჰქვია.

ბაჩო ხურციძე და გოჩა სვანიძე ჯერჯერობით აღარ ჩანან. ირაკლი აბუსერიძე ამბობს, რომ ვარიანტი მხოლოდ ორია: "ან გვექნება რაგბი, ან არა! ან გვექნება რაგბის კავშირი, ან კიდევ ერთი სამშენებლო კომპანია!"

რაც შეეხება სოსო ტყემალაძეს, ყრილობის ბოლოს მის მომხრე დელეგატებზე ზეწოლაზე მანაც ილაპარაკა და პირობა დადო, რომ თუ კვორუმი უახლოეს კვირებში გასამართი საარჩევნო ყრილობის დროსაც არ შედგა, არჩევნებში მონაწილეობას აღარ მიიღებს.

ვიცი, რომ გადაგღალეთ რაგბის ერთწლიანი ქრონოლოგიის გახსენებით, მაგრამ ქართულმა რაგბიმ უკვე დაკარგა ამაზე გაცილებით მეტი დრო. ეროვნული ნაკრების ბოლო მატჩები, საქართველოს ჩემპიონატში არსებული სავალალო მდგომარეობა, რაგბის კავშირში მიმდინარე მოვლენები და საერთოდ - სააშკარაოზე გამოტანილი უამრავი უსიამოვნო ფაქტი ცხადყოფს, რომ ქართულ რაგბის აღარ აქვს უფლება დრო და ენერგია იმაში დახარჯოს, რასაც უკანასკნელ თვეებში ვხედავთ.

აქამდე მიწოლასა და ზეწოლას რაგბიში მხოლოდ შერკინებისა და მოლის დროს ვხედავდით, ბოლო ხანს კი ეს მოედანს მიღმა გახშირდა.

მორაგბეებო, შერკინება მოედანზე დააბრუნეთ!

აქამდე მოტანილ დიდ სიყვარულსა და პატივისცემას პირად ამბიციებს ნუ გადააყოლებთ. დროულად აირჩიეთ კაცი, ვინც მართლაც შეძლებს სარაგბო თემის გაერთიანებას. დაამტკიცეთ, რომ რაგბი არ არის მხოლოდ რომელიმე მორაგბის, პრეზიდენტის ან პრეზიდენტობის კანდიდატის, გულშემატკივრისა თუ ჟურნალისტის საკუთრება. რაგბი ჩვენი თამაშია!