"გაუგებარია, რატომ ატეხეს აჟიოტაჟი მწვრთნელის "დაგვიანებით" დანიშვნაზე"
"გაუგებარია, რატომ ატეხეს აჟიოტაჟი მწვრთნელის "დაგვიანებით" დანიშვნაზე"
"თანდათანობით უნდა მივიდეთ იქამდე, რომ მუნიციპალიტეტები კლუბებს არ აფინანსებდნენ. რაც შეიძლება მეტი კერძო ინვესტორი გვჭირდება"

საქართველოს ნაკრები 25 მარტიდან ჩაერთვება მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპში. ეროვნული გუნდის ახალ მწვრთნელსაც საქმეში პირველად სწორედ შვედეთთან მატჩში ვნახავთ. ექსკლუზიურ ინტერვიუში ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ლევან კობიაშვილს ვილი სანიოლზე, მწვრთნელის შერჩევის პროცესზე, კონტრაქტის პირობებსა და გულშემატკივრისთვის საინტერესო სხვა არაერთ საკითხზე ველაპარაკეთ:

- ვაისის წასვლის შემდეგ სულ ისმოდა სფფ-ის კრიტიკა - ახალი მწვრთნელის შერჩევა ძალიან გახანგრძლივდაო!
-
სიმართლე გითხრათ, გაუგებარი იყო საკითხის ასე დრამატიზება: რა აუცილებელი იყო მწვრთნელის ნაჩქარევად, ზამთრის დასაწყისში დანიშვნა, როცა პირველი თამაში მარტის ბოლოს გვაქვს? შესარჩევი ეტაპი კარს მოგვადგაო - ახალი მწვრთნელი მხოლოდ მარტის მატჩებისთვის ხომ არ დაგვინიშნავს? ცხადია, ძალიან მნიშვნელოვანი თამაშებია, მაგრამ ნაკრების მწვრთნელი გრძელვადიან პერსპექტივაში გვჭირდება. ვილი
სანიოლი მაშინ დაინიშნა, როცა არც დროის პრობლემა აქვს და არც ფეხბურთელების გაცნობის. გაუგებარია, რატომ ატეხეს აჟიოტაჟი მწვრთნელის "დაგვიანებით" დანიშვნაზე.

25 მარტამდე ამხანაგური თამაშის ან შეკრების შესაძლებლობა რომ ყოფილიყო, საყვედურებს საფუძვლიანად ჩავთვლიდით, მაგრამ ამ ვითარებაში სანიოლთან ხელშეკრულების თებერვალში გაფორმებით არაფერი გაფუჭებულა. მით უმეტეს, რომ ფრანგ მწვრთნელთან ხშირი კომუნიკაცია ოფიციალურად დანიშვნამდე რამდენიმე კვირით ადრეც გვქონდა. სანიოლმა კარგად იცოდა სად მოდიოდა, რა კონტინგენტთან მოუწევდა მუშაობა, აქვს ინფორმაცია ნაკრების კანდიდატების შესახებ. რამდენიმე დღეში თბილისში დაბრუნდება და შეკრებამდე დარჩენილ პერიოდსაც აქ გაატარებს. საქართველოს პირველობის გარდა, ვილი იმ ჩემპიონატებსაც ადევნებს თვალს, სადაც ნაკრების კანდიდატები თამაშობენ. თანამედროვე ტექნოლოგიების წყალობით, ფეხბურთელის თამაშის სანახავად მაინცდამაინც ტრიბუნაზე ყოფნა აღარ არის აუცილებელი. სამწვრთნელო შტაბის წევრებთან ერთად სანიოლმა ქართველი ფეხბურთელების არაერთი თამაში ნახა და უკვე აქვს შეხედულება ნაკრების თითოეულ კანდიდატზე.

- საინტერესოა, რატომ შეაჩერეთ არჩევანი ვილი სანიოლზე?
- ბოლო თვეების განმავლობაში ჩვენთან თანამშრომლობის სურვილი უამრავმა ადამიანმა გამოთქვა. მიუხედავად 12 ნოემბრის მარცხისა, საქართველოს ნაკრებს აქვს თავისი სახეც და პოტენციალიც, არის სიახლეები ახალგაზრდა მოთამაშეების მხრივაც.

სანიოლი დიდი გამოცდილებით ვერ დაიკვეხნის, მაგრამ ჩვენ ვეძებდით მწვრთნელს, რომელსაც აქვს მიზანი, მოტივაცია, უნდა წარმატების მიღწევა!

საქართველოს ნაკრებში უმუშავიათ სახელიან მწვრთნელებს დიდი გამოცდილებითა და ანაზღაურებით, მაგრამ ვნახეთ, რომ ეს ყოველთვის არ არის შედეგის მომტანი. ამიტომაც ვეძებდით ახალგაზრდა, მონდომებულ სპეციალისტს. სანიოლი წარმატებული მოთამაშე იყო, გამარჯვებულის მენტალიტეტიც აქვს და ისიც იცის, როგორ მოდის წარმატება. მოგვწონს ის სათამაშო სქემებიც, რომელთაც "ბორდოში" თუ საფრანგეთის ახალგაზრდულ ნაკრებში იყენებდა. პლუსია ისიც, რომ საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციაშიც მუშაობდა ტექნიკურ დირექტორად და რაღაცების დაგეგმვაში ამ კუთხითაც დაგვეხმარება. ის ხედავს პოტენციალს საქართველოს ნაკრებში და სჯერა, რომ შეგვიძლია წარმატების მიღწევა. ცხადია, ამას მარტო ვერ შეძლებს, ყველამ ერთად - მოთამაშეებმაც, ფედერაციამაც და ქომაგმაც უნდა შევქმნათ გარემო წარმატებისთვის.

- შეგიძლიათ იმ მწვრთნელების გვარებიც გაგვიმხილოთ, ვისაც შესთავაზეთ ნაკრების გაწვრთნა?
- გვარების დასახელებისგან მხოლოდ იმიტომ ვიკავებ თავს, რომ შესაძლოა თვითონ მათ არ სურდეთ ამ საკითხის გასაჯაროება. გაგიმხელთ, რომ ჩვენი ერთ-ერთი მთავარი სამიზნე იყო ქართველი მწვრთნელი (მგონი, ყველა ხვდება, ვისაც ვგულისხმობ), თუმცა ამ ეტაპზე მას არ სურს საქართველოს ნაკრებში მუშაობა. სანიოლის გარდა, იყო გამოცდილი შვეიცარიელი სპეციალისტის კანდიდატურაც, რომელსაც წარმატებით უმუშავია ბუნდესლიგაშიც და სხვა ქვეყნის ნაკრებშიც. საერთო ჯამში, ჩამონათვალი ვრცელი არ ყოფილა, რადგან გარკვეული კრიტერიუმებით ვხელმძღვანელობდით.

- სანიოლს და მის კონტრაქტს დავუბრუნდეთ: ხელშეკრულება 2+2 სისტემით გაფორმდა. რა დაუსახეთ მიზნად ნაკრების ახალ თავკაცს?
- მიუხედავად ჯგუფის სირთულისა, მინიმალური შედეგი და მიზანია არანაკლებ მესამე ადგილი! მეტოქეების სიძლიერის მიუხედავად, ჩვენი პოტენციალითა და შესაძლებლობებით ეს სულაც არ არის შეუძლებელი.

წელს მუნდიალის შესარჩევ ეტაპზე ვთამაშობთ, გაისად კი გველის "ერთა ლიგის" C დივიზიონის მატჩები, სადაც მხოლოდ პირველობა დაგვაკმაყოფილებს. სწორედ ამ მიზნების შესრულებაზე იქნება დამოკიდებული ვილი სანიოლთან თანამშრომლობის კიდევ ორი წლით გაგრძელება.

- ნაკრების მწვრთნელის ანაზღაურების საკითხი საქართველოში ყოველთვის პოპულარულია. საინტერესოა, სანიოლი რა პრინციპით მიიღებს გასამრჯელოს?
- კონტრაქტის პირობები მოტივაციის ამაღლებას გულისხმობს და შედეგზეა ორიენტირებული. ასე რომ, წინამორბედის მსგავსად სანიოლის ანაზღაურებაც ამაზე იქნება დამოკიდებული. თუ წარმატებით იმუშავებს და დასახულ ამოცანებს შეასრულებს, გასამრჯელო გაცილებით მაღალი იქნება. კონკრეტულ ოდენობას ვერ დავასახელებ, მაგრამ მერწმუნეთ - საქართველოს ნაკრებში ბოლო წლებში მომუშავე სპეციალისტებს შორის ყველაზე დაბალი ხელფასი სანიოლს აქვს!

სანიოლს სურს საქართველოში იცხოვროს, აქ რაც შეიძლება მეტი დრო გაატაროს, ურთიერთობა ჰქონდეს ხალხთან და გაიგოს, რა სურთ, რას ფიქრობენ. ეს პირველი შემთხვევაა, როცა უცხოელ მწვრთნელს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი ექნება საქართველოში, თანაც ამას კონტრაქტის პუნქტის გამო კი არა, თავისი ინიციატივით აკეთებს.

- საქართველოში რისი ნახვა მოასწრო? კმაყოფილია პირობებითა და ინფრასტრუქტურით?
- დაესწრო საქართველოს სუპერთასის მატჩს და ეროვნული ლიგის პირველი ტურის შეხვედრას. ნახა ნაკრების სავარჯიშო მოედნები, დამხმარეებთან ერთად ყოველდღიურად გეგმავდა სტრატეგიას და გრაფიკს, ნაკრების ექიმისგან დეტალური ინფორმაცია აქვს ფეხბურთელების ჯანმრთელობის შესახებ. უშუალო ადამიანია და სულაც არ ითხოვს მაინცდამაინც ისეთ პირობებს, როგორიც "ბაიერნსა" და "ბორდოში" ჰქონდა, მაგრამ ჩვენ ყველანაირად ვცდილობთ კომფორტული სამუშაო პირობები შევუქმნათ.

- ახალი მწვრთნელის ამბებთან ერთად, გულშემატკივარს ყველაზე მეტად აინტერესებს მიქაუტაძისა და წიტაიშვილის საქართველოს ნაკრებში გამოჩენის საკითხი.
- სანამ ოფიციალურად არ დადასტურდება, ვერაფერს ვამბობ, მაგრამ საქმე წინ მიდის და იმედია, მალე ვნახავთ ჩვენთვის და ქომაგისთვის სასიხარულო გადაწყვეტილებას. სურვილი არის, ახალი მწვრთნელის სახელმაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა, ძალიან ბევრს მუშაობს ალექსანდრე იაშვილიც და წესით, ოფიციალურ გადაწყვეტილებამდე მალე უნდა მივიდეთ. კომუნიკაცია გვაქვს რუსეთის ჩემპიონატში მოთამაშე ნიჭიერ ახალგაზრდებთან, მათ შორის მოსკოვის ცსკა-ს წევრ ქართული წარმომავლობის ნახევარმცველთანაც, რომლის არჩევანიც ქართველ ქომაგს ყველაზე მეტად აინტერესებს. თუმცა სურვილი ორმხრივი უნდა იყოს.

- ვაისის ნაკრები და მაკედონიასთან მატჩიც გავიხსენოთ: თამაშამდე გასაგებია, მაგრამ ნამატჩევს რას გრძნობდით?
- სიმართლე გითხრათ, ბევრი არაფერი მახსოვს... იმედგაცრუებისა და გულისტკივილის გარდა, წაგებამ სიცარიელე, გაურკვევლობის შეგრძნებაც დამიტოვა - ვერ ვხვდებოდი, რატომ მოხდა ასე, რატომ ვერ დავიმსახურეთ გამარჯვება...

- ემოციური მხარე გასაგებია, მაგრამ საფეხბურთო თვალსაზრისით რა მოხდა, რით გვაჯობა მაკედონიამ?
- ეს იყო დაახლოებით თანაბარი დონის გუნდების მატჩი, სადაც გამარჯვებულის ვინაობა რამდენიმე დეტალმა გადაწყვიტა. შეიძლება ვილაპარაკოთ ნერვიულობაზე, ლიდერების გამოკლებაზე, ცარიელ ტრიბუნებზე და ა.შ., მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ შემთხვევით არაფერი ხდება - ან იმსახურებ რაღაცას, ან არა! თუ არ იმსახურებ, ესე იგი რაღაცას არასწორად აკეთებ. ჩვენმა ფეხბურთელებმა კარიერაში პირველად ითამაშეს ასეთი მნიშვნელობის მატჩი. შესაძლოა მომდევნო თამაშებისთვის ეს მწარე გამოცდილებაც გამოგვადგეს რამეში, მაგრამ მთავარი კითხვა ყველამ უნდა დავუსვათ ჩვენს თავს: "მე რა დავაკელი? რა უნდა გავაკეთო ხვალ, რომ იგივე არ დამემართოს?"

- მარცხის ერთ-ერთ უმთავრეს მიზეზად, ბევრი ცარიელ ტრიბუნებს ასახელებდა - ფედერაციის ხელმძღვანელობამ ყველაფერი არ გააკეთა, სტადიონზე თუნდაც რამდენიმე ათასი ქომაგი მაინც რომ შეეშვათო.
- თუ ვინმეს ჰგონია, ჩვენზე მეტად სურდა ტრიბუნებზე ქომაგის ყოფნა, ძალიან ცდება. საკოორდინაციო საბჭოს წინაშე პირადადაც დავადასტურე ჩვენი მზადყოფნა, მაგრამ საბოლოოდ მიიღეს გადაწყვეტილება, რომლითაც კმაყოფილი არავინ დარჩენილა.

- მოქმედი რეგულაციის თანახმად, სპორტულ ღონისძიებებზე მაყურებლის დაშვება 1-ლი აპრილიდან იქნება შესაძლებელი. თუმცა "ამნისტიამდე" სამი დღით ადრე - 28 მარტს თბილისში ესპანეთს უნდა ვუმასპინძლოთ. არის შანსი სტადიონის კარები ამჯერად მაინც გაიხსნას?
- ზოგიერთი შეზღუდვა ისედაც დაანონსებულზე ადრე მოიხსნა, ჯერჯერობით ეპიდვითარებაც სტაბილიზაციისკენ მიდის და ესპანეთთან მატჩისთვის ოპტიმისტური მოლოდინი მაქვს. თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ამჯერადაც საკოორდინაციო საბჭომ უნდა მიიღოს.

- ფეხბურთის განვითარების სახელმწიფო პროგრამა დასასრულს უახლოვდება. რა მისცა ქართულ ფეხბურთს ხუთწლიანმა პროგრამამ და რა იქნება მისი დასრულების შემდეგ?
- სამწუხაროა, რომ პროგრამის დაწყებიდან მეხუთე წლისთავზეც ბევრმა ჯერ კიდევ ვერ გაიგო მისი არსი და მიზანი. ჰგონიათ, თუ ფონდი არ იქნება, ის 32-33 მილიონი ლარი, რაც პროგრამის ფარგლებში წლიურად იხარჯება, შეუძლიათ ხიდის ასაშენებლად ან ასფალტის დასაგებად გამოიყენონ. ასე არ არის - ფონდი იქნება თუ არა, ეს ფული მაინც დაიხარჯება ქართულ ფეხბურთში, ისევე, როგორც პროგრამის დაწყებამდე იხარჯებოდა! მაგრამ მაშინ არავინ იცოდა, რამდენს ხარჯავდა, ახლა კი ყველაფერი გამჭვირვალეა.

სამწუხაროდ, ფეხბურთის განვითარების ფონდის საქმიანობას თავიდანვე არასწორი ინტერპრეტაცია ჰქონდა, რამდენიმე წლის განმავლობაში 300 მილიონამდე ლარი დაიხარჯა, ევროთასებზე ქართული კლუბების გამოსვლა კი ისევ კატასტროფულიაო. არასწორი ასოციაციაა: ევროტურნირებზე ოთხი კლუბი გადის, ფონდის თანხა - წლიური 32 მილიონი ლარი კი ასზე მეტ გუნდზე ნაწილდება.

- სახელმწიფო, რაც შეუძლია, აკეთებს, მაგრამ დაფინანსება კლუბებს დათვურ სამსახურსაც ხომ უწევს? - განსაზღვრულ თანხას მთელი წლის განმავლობაში ვიღებ და სპონსორის ძიებაში რატომღა ვიწვალოო?
- ვინმეს სჯერა, რომ "ლოკომოტივი", "დინამო" ან "საბურთალო" ფონდის მილიონი ლარით მთელი წელიწადი ინახავენ კლუბს? საბაზისო თანხიდან კლუბებს სახელფასო ფონდად მხოლოდ თანხის ნახევრის გამოყენების უფლება აქვთ და "დინამოს" მოთამაშეების ხელფასს წელიწადში 350 ათასი ლარი ეყოფა? ეს კლუბები ბევრად მეტს ხარჯავენ. სახელმწიფოც იმაზე გაცილებით მეტს აკეთებს, ვიდრე საშუალება აქვს, მაგრამ კერძო ინვესტიცია აუცილებელია.

- ფონდის საქმიანობა იმავე პრინციპით გაგრძელდება?
- იდეალური რომ არაა და ხარვეზები აქვს, ჩვენც ვიცით, მაგრამ ფონდის საქმიანობა უნდა გაგრძელდეს. თანდათანობით უნდა მივიდეთ იქამდე, რომ მუნიციპალიტეტები კლუბებს არ აფინანსებდნენ. რაც შეიძლება მეტი კერძო ინვესტორი გვჭირდება, თუმცა ამისთვის აუცილებელია ეკონომიკის გაძლიერება, სოციალური ვითარების გაუმჯობესება და ა.შ.

ინტერვიუს სრული ვერსია იხ. ვებგვერდზე www.kvirispalitra.ge
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები