ყველა გზა რეესტრში მიდის?! - კვირის პალიტრა

ყველა გზა რეესტრში მიდის?!

ქართულ რაგბის დამშვიდება ჯერაც არ "ემუქრება"

ხმაურის, პროტესტის, შეხლა-შემოხლისა და პოლიციის კორდონით გარშემორტყმული არჩევნების ფონზე იმ დელეგატებმა, ვინც საარჩევნო ყრილობაზე მივიდა, რაგბის კავშირის პრეზიდენტად ერთხმად აირჩიეს ერთადერთი კანდიდატი - იოსებ ტყემალაძე. თუმცა საბოლოო სიტყვა ისევ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ უნდა თქვას. თუ სააგენტო დაადასტურებს, რომ პრეზიდენტის არჩევნები ამჯერად მაინც იყო ლეგიტიმური, უახლოესი წლების განმავლობაში ქართული რაგბის მართვა სწორედ ტყემალაძეს მოუწევს.

რეესტრის გადაწყვეტილების მიუხედავად (წინასწარ ვიცით, რასაც გადაწყვეტსო!), ტყემალაძის აღიარებას და მით უმეტეს, მასთან თანამშრომლობას არ აპირებენ ირაკლი აბუსერიძის მხარდამჭერები. ისინი ამბობენ, რომ რაგბის კავშირს უკვე ჰყავს ლეგიტიმური პრეზიდენტი - 30 დეკემბრის ყრილობაზე არჩეული აბუსერიძე. შეგახსენებთ, რომ გასული წლის ბოლოს გამართულ არჩევნებში ირაკლი აბუსერიძემ 31 ხმა მიიღო, გოჩა სვანიძემ - 10, მესამე კანდიდატმა - ლაშა (ბაჩო) ხურციძემ კი ბოიკოტი არჩია და საარჩევნო ყრილობის შედეგები გაასაჩივრა. საბოლოოდ, საჯარო რეესტრმა აბუსერიძეს უარი უთხრა როგორც რაგბის კავშირის პრეზიდენტად, ისე გამგეობის ახალ წევრად რეგისტრაციაზე იმ მიზეზით, რომ ყრილობაზე არ შეგროვდა აუცილებელი მინიმუმი - წევრთა 2/3.

რეესტრის უარის შემდეგ დაინიშნა ხელახალი არჩევნები. თუმცა პირველ ჯერზე საჭირო კვორუმი ვერც ახალმა და ერთადერთმა კანდიდატმა - იოსებ ტყემალაძემ მოაგროვა და პრეზიდენტის არჩევა კიდევ რამდენიმე დღით გადაიდო.

ბოლო (ჯერჯერობით) საარჩევნო ყრილობა 10 მარტს გაიმართა პოლიციის მრავალრიცხოვანი კორდონისა და აბუსერიძის მხარდამჭერების პროტესტის პარალელურად. სანამ საგამოფენო ცენტრ "ექსპო ჯორჯიაში" შეკრებილი დელეგატები პრეზიდენტს ირჩევდნენ, შენობის გარეთ ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა: ირაკლი აბუსერიძის მომხრეებმა სამართალდამცავთა კორდონის გარღვევა სცადეს, რათა, მათი მტკიცებით, არალეგიტიმური არჩევნები ჩაეშალათ. მათდა სამწუხაროდ, პროტესტანტებს არც "მოლის აგორებამ" უშველა და არც პოლიციასთან "შერკინებამ" - ინციდენტის რამდენიმე მონაწილე დაშავდა კიდეც, მაგრამ "ექსპო ჯორჯიაში" შეკრებილებმა დაწყებული საქმე ბოლომდე მიიყვანეს.

"ყველას ვულოცავ, ეს სანატრელი დღეც დადგა და რაგბის კავშირს პრეზიდენტი ჰყავს. ვნებები ჩაცხრება და საქმეზე უსწრაფესად გადავალთ", - თქვა იოსებ ტყემალაძემ არჩევნების დასრულების შემდეგ. მან აბუსერიძის მხარდამჭერებს მოუწოდა, პროტესტი ძალადობის გარეშე გამოხატეთ, რადგან პირველ რიგში ეს თქვენვე გაზიანებთო: "...ყველასთან თანამშრომლობისთვის მზად ვარ, მაგრამ ურთიერთობა კონსტრუქციული უნდა იყოს. მორაგბე 30-40 ათასია, აქ კი 300-500 კაცი იყო მოსული, ისინი უმცირესობაში არიან. თუ ჩემი ოპონენტები სასამართლოს და კანონს არ დაემორჩილებიან, რაგბის თემის გარეთ დარჩებიან".

რაც შეეხება ახალ საქმიანობას, იოსებ ტყემალაძემ იცის, რომ რაგბის კავშირში სამუშაო ბევრია: "კავშირში ჯერ არ მივსულვარ, შესაბამისად, არც დოკუმენტაციას ვიცნობ, მაგრამ ვიცი, რომ ვალი დაახლოებით 6 მილიონი ლარია. რაც შეეხება ეროვნული ნაკრების მწვრთნელის დანიშვნას, ამ საკითხში ერთპიროვნულ გადაწყვეტილებას არ მივიღებ, გაწეულ შრომას გამოცდილ სპეციალისტებთან ერთად შევაფასებ".

ახალი ხელმძღვანელი მზადყოფნას გამოთქვამს, რაგბის კავშირის გამგეობის უფლებამოსილების გაზრდის ხარჯზე პრეზიდენტის უფლებები შეიმციროს და ყველასთან ითანამშრომლოს, ვისაც ქართული რაგბის განვითარება სურს. თუმცა, როგორც ვთქვით, ირაკლი აბუსერიძე და მისი მხარდამჭერები არც ტყემალაძის პრეზიდენტობის აღიარებას აპირებენ და მით უმეტეს, მასთან თანამშრომლობას. მათი თქმით, "არ შეეგუებიან რაგბის ოჯახში "უცხო სხეულის შეჭრას" და თავიანთი სიმართლის დასაცავად გამოიყენებენ როგორც სამართლებრივ გზას, ისე პროტესტის სხვადასხვა ფორმას. აბუსერიძის გუნდის წევრები, ვეტერანი მორაგბეები პალიკო ჯიმშელაძე და ილია ზედგინიძე ამბობენ, რომ სარაგბო სამყაროს 80% მხარს "აბუს" უჭერს.

არჩევნებმა ისევ ხმაურის და დაპირისპირების თანხლებით ჩაიარა

პალიკო ჯიმშელაძე: "წარმოუდგენლად დიდი უსამართლობა მოხდა, უამრავი სამართალდამცავის გამოყენება დასჭირდათ და ამის შემდეგ ამდენ სახელოვან მორაგბეს გვიწოდებენ მცირე და დესტრუქციულ ჯგუფს! დარღვევები იურიდიულ ნაწილშიც არის, მაგრამ სამართლიანობის იმედი ნაკლებად გვაქვს. პროტესტს სხვადასხვა ფორმით გავაგრძელებთ, მათ შორის საქართველოს საზღვრებს გარეთაც, რადგან აქ სამართალს ვერ ვპოულობთ. ბოლო დღეებში ნათლად გამოჩნდა ქართული რეალობაც და ისიც, თუ რა დღეშია სახელმწიფო".

ილია ზედგინიძე: "დღეს, სარაგბო სამყაროს 80% ირაკლი აბუსერიძეს უჭერს მხარს, მაგრამ მოხდა უკანონობა, ხმების ჩამორთმევა. საზოგადოების იმედი გვაქვს, სიმართლეს საერთო ზეწოლით უნდა მივაღწიოთ. სოსო ტყემალაძეს პირადადაც ვუთხარი, რომ ამ ფორმატით ჩვენი თანამშრომლობა ვერ შედგება. შესაძლოა მისი სურვილი სულაც არ იყოს იქ ყოფნა, სადაც არის. ის ჯარისკაცი უფროა, ვიდრე გენერალი! ვეთანხმები ტყემალაძეს: შეიძლება მორაგბე არ იყო და ისე აგირჩიონ რაგბის კავშირის პრეზიდენტად, მაგრამ აუცილებელი პირობაა - მორაგბეების მიერ იყო არჩეული!"

ამ ეტაპზე, ირაკლი აბუსერიძე და მისი გუნდი ბრძოლის გაგრძელებას სამართლებრივი გზით აპირებენ და პარალელურად, პროტესტის სხვადასხვა ფორმასაც განიხილავენ. საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი ამბობს, რომ მისი სარჩელი, რომელიც შეეხებოდა საჯარო რეესტრის გადაწყვეტილებას აბუსერიძის რაგბის კავშირის პრეზიდენტად დარეგისტრირებაზე უარს, შეიცვალა: "ჩემი სარჩელი ადმინისტრაციული წესით იყო დარეგისტრირებული, ახლა კი ვიგებთ, რომ ის სამოქალაქო სარჩელით შეიცვალა", - თქვა აბუსერიძემ პრესკონფერენციაზე.

კლუბების საინიციატივო ჯგუფი განიხილავს სხვადასხვა სახის საპროტესტო ღონისძიებას. საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის, მაგრამ ლაპარაკია რაგბის ეროვნული ჩემპიონატის "დაპაუზებაზე", კლუბების მხრიდან "დიდი ათისთვის" ბოიკოტის გამოცხადებაზე და ა.შ.

მოკლედ, საქმეს ისე ეტყობა, რომ ქართულ რაგბის დამშვიდება ჯერაც არ "ემუქრება". თავისი სიმართლე ორივე მხარეს აქვს, ქართველი გულშემატკივარი კი უკვე ძალიან დაბნეულია - საქართველოს ნაკრებს უგულშემატკივროს, თუ ორად გაყოფილ სარაგბო თემის რომელიმე მხარეს? ერთი კი ცხადია, ყოველივე ის, რასაც ბოლო პერიოდში ვხედავთ, "გარედან" ძალიან მძიმე საყურებელია.

თავად მორაგბეებიც აღიარებენ, ფულის გაჩენასთან ერთად, რაგბიში ბევრი სიბინძურეც გაჩნდაო! აქამდე ყველაზე სუფთა და ვაჟკაცურ სახეობად რომ მიგვაჩნდა, იქაც იმდენი პრობლემა და სიბინძურე დაგროვილა, თურმე იმდენი "უცხო სხეული" ერეოდა და ერევა, რომ გასაკვირი აღარ არის, ჭირმა თავი რომ ვეღარ დამალა და ბოლო თვეებში ერთბაშად ამოხეთქა "კლანებზე", გაფლანგულ თანხებზე, სხვადასხვა პრობლემაზე ლაპარაკად, საჩივრებად, გაწევ-გამოწევად, სარაგბო თემის ორად გაყოფად და სროლადაც კი - იარაღის, ბრალდებებისა თუ ლაფის სროლად...

რაგბისთვის ყველა (საარჩევნო) გზა რომ საჯარო რეესტრში მიდის, უკვე ვნახეთ, მაგრამ თვითონ საით მიდის ქართული რაგბი?!