"როჯერის დამარცხებით ოცნება ამიხდა - ფედერერი ყოველთვის იყო ჩემი კერპი" - კვირის პალიტრა

"როჯერის დამარცხებით ოცნება ამიხდა - ფედერერი ყოველთვის იყო ჩემი კერპი"

"მხიარული როჯერი" ფედერერის მეტსახელია - ჩოგბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე (ბევრისთვის სულაც საუკეთესო!) მოთამაშის. ლეგენდარული შვეიცარიელის ტიტულებისა თუ რეკორდების ჩამოთვლას დიდი დრო დასჭირდება და არც აქვს აზრი, რადგან ვისაც რაიმე გაუგია ჩოგბურთის შესახებ, სმენია როჯერ ფედერერზეც. ტრავმის გამო ბოლო ერთი წელი გაუცდა, მაგრამ დაბრუნდა და ეტყობა კიდეც და თავადაც აღიარებს - ჯერ 100%-ით მზად არა ვარო, მაგრამ... "96%-იანი" როჯერ ფედერერიც საკმარისია!

საკმარისია დანიელ ევანსის დასამარცხებლად, მაგრამ საბედნიეროდ, არა ბასილაშვილისთვის! დოჰას 250-იანი ტურნირის მეოთხედფინალში საქართველოს პირველი ჩოგანი სწორედ "მხიარულ როჯერს" გადაეყარა და "გაღიმებული დატოვა". დიახ, ფედერერს ასაკიც დაეტყო (39 წლის არის. - რ.შ.) და კორტზე მოძრაობის დროსაც ეტყობოდა, რომ იდეალური კონდიცია ჯერ არ დაუბრუნებია, მაგრამ რა ფორმაშიც უნდა იყოს, უნიკალური ტექნიკის, საოცარი დარტყმისა და უდიდესი გამოცდილების მქონე მოთამაშის დამარცხება ბასილაშვილისთვის კარიერის ერთ-ერთი საუკეთესო მომენტია. მით უმეტეს, იმ საშინელი ერთი წლის შემდეგ, რაც ნიკოლოზის პირად და სპორტულ ცხოვრებაში იყო. შედეგად, საქართველოს საუკეთესო ჩოგბურთელმა გასულ სეზონში ზედიზედ ცხრა(!) ტურნირში მოახერხა პირველივე მატჩის წაგება. საბედნიეროდ, ბასილაშვილის ქუჩაზეც დადგა გაზაფხული: მარტი და დოჰა წარმატების სიმბოლოდ იქცა: კატარის დედაქალაქში ზედიზედ დაამარცხა ჯონ მილმანი, მალეკ ჟაზირი და... მეოთხედფინალში თვით ფედერერიც!

აქამდე მხოლოდ ერთხელ უთამაშიათ - 2016 წლის ავსტრალიის ღია პირველობაზე როჯერმა იოლად (6:2, 6:1, 6:2) გაიმარჯვა, ხუთი წლის შემდეგ კი ბასილაშვილმა უკეთ ითამაშა. დიახ, ვერავინ იტყვის, რომ ნიკამ "შემთხვევით" გაიმარჯვა. ქართველი დიდებულად თამაშობდა მეტოქის მოწოდებაზე, თვითონ იშვიათად ცდებოდა და დამსახურებულად მოიგო. პირველი სეტის წაგების (3:6) შემდეგ ბასილაშვილმა მეორეში ფანტასტიკურად ითამაშა და ფედერერს 6:1(!) აჯობა, გადამწყვეტ, მესამე სეტში კი რამდენიმე კრიტიკული მომენტი გადალახა, 4:5-ზე მეტოქის მატჩ-პოინტიც გადაარჩინა და საბოლოოდ 3:6, 6:1, 7:5 გაიმარჯვა. "როჯერის დამარცხებით ოცნება ამიხდა. ფედერერი ყოველთვის იყო ჩემი კერპი", - თქვა ნამატჩევს ბედნიერმა ბასილაშვილმა. დოჰას ტურნირის ნახევარფინალში გასვლით საქართველოს პირველმა ჩოგანმა 36.000 დოლარი და 90 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა, ნახევარფინალში კი ამერიკელი ტეილორ ფრიტცის წინააღმდეგ ითამაშა.