ქალები, რომლებმაც საავტომობილო სამყარო შეცვალეს
28-03-2021
ქალები, რომლებმაც საავტომობილო სამყარო შეცვალეს
მარტი ქალების თვეა. ცხადია, სხვა თვეებიც, მაგრამ მარტი - ყველაზე მეტად. ამიტომაც სწორედ ახლაა ყველაზე კარგი დრო იმ ქალებზე სასაუბროდ, რომლებმაც საავტომობილო სამყაროში განსაკუთრებული კვალი დატოვეს და დამსახურებულად დაიმკვიდრეს ადგილი საავტომობილო დიდების დარბაზში:

ჰელენ როტერი


ერთ-ერთი პირველი ავტოდიზაინერი ქალი. General Motors-ის ავტომანქანების სალონებზე 1942 წლიდან მუშაობდა, 1947 წელს კი დიზაინის საკუთარი სტუდია დააფუძნა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ სწორედ როტერმა შეძლო საავტომობილო დიზაინის სტანდარტების შეცვლა. მისი წყალობით ავტომანქანის სალონები აღარ ჰგავდა
მემანქანის კაბინას და თითოეული მათგანი არა მარტო გაცილებით ელეგანტური, უნიკალურიც გახდა. აღსანიშნავია, რომ მოდელ  Nash Rambler-ზე (1948-1956 წწ) ჰელენ როტერის მუშაობას ავტომობილების ახალი სეგმენტის შექმნაც მოჰყვა.

ჯუნ მაკკეროლი




სწორედ ყოფილ მედდას უნდა ვუმადლოდეთ საავტომობილო გზების მონიშვნის დაწყებას. 1917 წელს მაკკეროლი თავის Ford Model T-ს მართავდა,
როცა წინ სატვირთო ავტომანქანა გადაეღობა: გასწრება ან შეჯახება - ჯუნს სხვა გზა არ რჩებოდა და საბოლოოდ გზიდან გადასვლა ამჯობინა. "სწორედ მაშინ მომივიდა აზრად, რომ კარგი იქნებოდა ჩემსა და სატვირთოს შორის თეთრი გამყოფი ხაზი ყოფილიყო", - იხსენებდა მოგვიანებით მაკკეროლი. მას შემდეგ საუკუნეზე მეტი გავიდა, საავტომობილო ინდუსტრიამ არნახულ განვითარებას მიაღწია, მაგრამ ჯუნ მაკკეროლის გამოგონებას შემცვლელი ვერაფრით მოუგონეს!

ჯანეტ გატრი




ის პირველი ქალია, რომელმაც კვალიფიკაცია გაიარა და 1963 წლიდან მონაწილეობდა რბოლებში Indy 500 და Daytona 500. რაც მთავარია, ავტომრბოლელთა საზოგადოებაში გატრი შემთხვევით არ აღმოჩენილა: ინჟინერი გახლდათ და სერიოზული მიზნებიც ჰქონდა, თუმცა, მისდა სამწუხაროდ, NASA-მ არ დააკმაყოფილა ჯანეტის განაცხადი მეცნიერ-ასტრონავტად მუშაობის თაობაზე. რაც შეეხება მის შემდგომ გატაცებას, ავტოსპორტის სამყაროს წარმომადგენელთა უმეტესობა მას უგულებელყოფდა, ზოგიერთისგან ზიზღსაც კი გრძობდა, თუმცა გოგონა ამან ვერ შეაჩერა: ჯანეტ გატრიმ 47 რბოლაში მიიღო მონაწილეობა, კარიერის დასაწყისში კი მართავდა Jaguar XK 120-ს, რომლის ძრავაც თვითონ ააწყო!

ბერტა ბენცი


კარლ ბენცმა Motorwagen-ი 1885 წელს დააპატენტა, მისმა მეუღლე ბერტამ კი მოიფიქრა, როგორ მოეყვანა "ჭკუაზე" ქმრის შექმნილი "ვაგონი" ისე, რომ ტექნიკის ამ სიახლეს რეალურ გზებზე გადაადგილება შეძლებოდა. 1888 წლის 5 აგვისტოს ბერტა ბენცი Motorwagen-ში მოკალათდა და დედის მოსანახულებლად გაემართა. ეს მგზავრობა ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი გახლავთ, რადგან საკმაოდ დიდ მანძილზე პირველ ავტოგარბენად იქცა. ისიც აღსანიშნავია, რომ მანქანის ბერტას დედის სახლიდან დაბრუნების შემდეგ სამთვლიანი ავტომანქანის კონსტრუქციაში ბევრი ცვლილება შევიდა!

მერი ანდერსონი - საქარე მინასაწმენდის გამომგონებელი



მინასაწმენდის საჭიროება მერიმ მაშინ იგრძნო, როცა ერთ ცივ დღეს ტრამვაით მგზავრობდა. იმის გამო, რომ თოვლიანი საქარე მინიდან ვერაფერს ხედავდა, ვატმანი იძულებული შეიქნა წინა ფანჯრები გაეხსნა. გონება გაეხსნა ანდერსონსაც და მალევე გამოიგონა საქარე მინასაწმენდები, რომლებიც მანქანის სალონიდან მექანიკურად იმართებოდა. მერი ანდერსონის გამოგონება 1903 წელს დაპატენტდა, თოთხმეტი წლის შემდეგ კი მერის იდეა შარლოტ ბრიჯვუდმა განავითარა - დახვეწა მინასაწმენდების დიზაინი, მათი მართვა კი უკვე ელექტრონულად გახდა შესაძლებელი.

შირლი მალდაუნი


1973 წელს მიჩიგანელი შირლი მალდაუნი გახდა პირველი ქალი, რომელმაც "დრაგსტერის" (სპორტული ავტომანქანა, რომელიც ე.წ. დრაგრასინგის რბოლებში გამოიყენება) მართვის უფლება მიიღო. ჯანეტ გატრის მსგავსად, ავტოსპორტში ოვაციებით არც შირლის შეხვედრიან.

საავტომობილო სამყაროს წარმომადგენელთა უმეტესობა მიიჩნევდა, რომ ქალის ადგილი ტრასაზე არ არის, თუმცა თავად მალდაუნის ოპონენტებისთვის არ ეცალა: სამჯერ მოიგო NHRA-ს (National Hot Rod Association) მსოფლიო ჩემპიონატი, თვრამეტჯერ გაიმარჯვა ამ ორგანიზაციის ეტაპებზე და NHRA-ს (International Hot Rod Association) ჩემპიონიც გახდა! NHRA მუდმივად მებრძოდა, მაგრამ როცა დაინახეს, რომ საჭესთან მყოფი გოგონა ტრიბუნების შევსებას უწყობდა ხელს, დაიჯერეს, რომ სპორტის ამ სახეობისთვის საკმარისად კარგი ვიყავი", - იხსენებს შირლი.

დენიზ მაკკლაგეჯი



პირველი ჟურნალისტი ქალი, რომელმაც ძლიერი ბიძგი მისცა სამოყვარულო ავტორბოლების (და არა მარტო ამ კონკრეტული შეჯიბრების) განვითარებას. რადგან რეპორტიორ ქალებს სარბოლო ტრასების სარემონტო ბოქსებში არ უშვებდნენ, სპორტის ამ სახეობის გასაშუქებლად დენიზი იძულებული გახდა თვითონ დაეკავებინა მრბოლელის ადგილი! მაკკლაგეჯი იბრძოდა მამაკაცთა და ქალთა თანასწორობისთვის არა მარტო ავტორბოლაში, არამედ ჟურნალისტიკაშიც. სწორედ დენიზის გატაცებას უკავშირდება სპორტული ჟურნალისტიკის განვითარება.

პროფესიონალი ავტომრბოლელის რანგში შეჯიბრებებში მონაწილეობა მაკკლაგეჯმა 1950-იანი წლების შუაწელში დაიწყო და რამდენიმე რბოლაში გაიმარჯვა.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
მიდიხართ თუ არა 2 ოქტომბერს არჩევნებზე?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
მიდიხართ თუ არა 2 ოქტომბერს არჩევნებზე?
თვის კითხვადი სტატიები