"არც ერთი ფეხბურთელი არ არის კლუბზე დიდი!" - კვირის პალიტრა

"არც ერთი ფეხბურთელი არ არის კლუბზე დიდი!"

"ჩემს ასაკში მწვრთნელობას თავს ანებებენ, მე ახლა ხომ არ დავიწყებ?"

ზუსტად 25 წლის წინ, 1996 წლის 16 მარტს, "მანჩესტერ სიტის" ვარსკვლავმა გიორგი ქინქლაძემ "საუთჰემპტონს" ისეთი გოლი გაუტანა, ინგლისში დღემდე ახსოვთ! ლეგენდარულ ქართველ ფეხბურთელს ბრიტანეთის საუკეთესო საფეხბურთო ჟურნალ FourFourTwo-ს თხოვნით ვესაუბრე და ზემოაღნიშნული გოლის გარდა, სხვა საინტერესო თემებზეც ვილაპარაკეთ. KINGლაძე-სთან ინტერვიუს სრული ვერსია FourFourTwo-ს უახლოეს ნომერში დაიბეჭდება, მანამდე კი, ვფიქრობ, ჟურნალის ვებგვერდზე უკვე გამოქვეყნებული ნაწილის ქართული ვერსიაც დაგაინტერესებთ:

- სანამ ფეხბურთზე დავიწყებთ ლაპარაკს, მინდა ნიკოლოზ ბასილაშვილს მივულოცო ჩემპიონობა და ჩემი დიდი პატივისცემა დავადასტურო. გულშემატკივრების სახელით ნიკას დიდი მადლობა ჩვენი ქვეყნის კიდევ ერთხელ წარმოჩენისთვის!

- წარმატება ნიკოლოზს და ყველა ქართველ სპორტსმენს! გიორგი, სანამ "საუთჰემპტონთან" გატანილ საოცარ გოლს და თქვენს ინგლისურ კარიერას გავიხსენებთ, ამჟამინდელ საქმიანობაზე მოგვიყევით. ვიცი, რომ დროის დიდ ნაწილს საქართველოში ატარებთ. - პანდემიური პერიოდის შესაფერისად ვარ დაკავებული სხვადასხვა საქმით, უმეტესწილად სპორტთან დაკავშირებული მიმართულებებით.

პანდემიის მიუხედავად, ჩემი და გოგა გახოკიძის საფეხბურთო სააგენტო ყველანაირად ცდილობს ახალგაზრდა პერსპექტიულ ფეხბურთელებს დაეხმაროს და კარგ გუნდებში თამაშის შესაძლებლობა მისცეს. ამით ხომ საქართველოს ნაკრებსაც გავაძლიერებთ.

- ბოლო თაობის ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი ქართველი ფეხბურთელი გიორგი ჩაკვეტაძე სწორედ თქვენს სააგენტოსთან თანამშრომლობს. - გიორგიმ ბევრჯერ დაამტკიცა, რომ დიდი პოტენციალი აქვს. ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად, ეროვნული ნაკრების ლიდერადაც ძალიან მალე იქცა. სამწუხაროდ, ბოლო დროს ტრავმები აწუხებს, რაც, ჩემი აზრით, ხშირი თამაშით გამოწვეული ზედმეტი დატვირთვის ბრალი იყო. თუმცა იმედია, ჩაკვე მალე დაუბრუნდება საყვარელ საქმეს და ეროვნულ ნაკრებს უფრო მეტ სარგებელს მოუტანს.

- იშვიათი რესპონდენტი ხართ. მედიასთან ხშირი კონტაქტი არც ინგლისში ცხოვრების დროს გიყვარდათ? - საფეხბურთო თვალსაზრისით ჩემს ცხოვრებაში ახალი არაფერი ხდება. ჟურნალისტებთან ერთი და იგივე რომ არ ვილაპარაკო, ხანდახან ვიკავებ თავს, თორემ მედიასთან ურთიერთობა როგორ არ მიყვარს. რაც შეეხება ბრიტანეთს, სპორტული მედია იქ უმაღლეს დონეზეა, უამრავი სპორტული გადაცემა თუ ჟურნალ-გაზეთი არსებობს და მათი სტუმარი მეც ხშირად ვიყავი. იმ დროს მოქმედი ფეხბურთელი გახლდით, სეზონში ორმოც თამაშს ვატარებდით და სალაპარაკოს რა გამოლევდა?

"მეინ როუდის" მეფე - გიორგი ქინქლაძე!

- ინგლისური ენის უცოდინარობა ხელს არ გიშლიდათ? ვინ გეხმარებოდათ მედიასთან კომუნიკაციაში? - თავდაპირველად, იქ მცხოვრები მეგობრები მეხმარებოდნენ, მათ შორის მერაბ ჟორდანიას და, ხათუნა ჟორდანია. ჩასვლიდან ნახევარ წელიწადში კი სალაპარაკო ინგლისური მეც ვისწავლე და ურთიერთობა ყველასთან გამიადვილდა. ისე ენის არცოდნა არც მანამდე მიშლიდა ხელს, რადგან ენაწყლიანობით არასდროს გამოვირჩეოდი. ის მცირედი უხერხულობა კი, პირველ თვეებში რომ მაწუხებდა, სიტყვების საჭირო მარაგის დაგროვებისთანავე გაიფანტა.

- საფეხბურთო მოედანზე კი პირველი დღეებიდანვე აკეთებდი ისეთ რაღაცებს, ენის ცოდნა რომ არ სჭირდებოდა! - ფეხბურთი გუნდური თამაშია და თანაგუნდელებთან კომუნიკაციაც აუცილებელი, მაგრამ თავდაპირველად "დროზე, "ბურთი მომეცი!" და "გამეხსენიც" საკმარისი იყო (იცინის).

- "საუთჰემპტონთან" არც ეს დაგჭირვებიათ, რადგან ყველაფერი მარტომ გააკეთეთ. მას შემდეგ, 25 წელიწადი გავიდა, მანჩესტერში კი ის გოლი დღემდე ახსოვთ... - ვერც ვიფიქრებდი, იმდენი დრო გასულა... 25 წელი გავიდა თუ 25 კაცი მოვატყუე (იცინის)? მანჩესტერელ ფანებსაც ახსოვთ და ჩემთვისაც დაუვიწყარი გოლი იყო, რადგან სილამაზესთან ერთად, ძალიან მნიშვნელოვანიც გახლდათ: "სიტიც" და "საუთჰემპტონიც" დასარჩენად იბრძოდნენ, იმ გამარჯვების შემდეგ კი 6 ქულით გავუსწარით.

- მაშინდელი ემოცია და გამოხმაურებებიც დღემდე გახსოვთ?

- ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა. "სიტის" პრეზიდენტმა ფრენსის ლიმ მითხრა, ამდენი წელია ინგლისურ ფეხბურთში ვარ და ამ სტადიონზე არასდროს მინახავს, გოლის შემდეგ გულშემატკივარს ამდენ ხანს ოვაცია გაემართოსო!

- "სიტის" გულშემატკივარს დღემდე უყვარხართ, მაგრამ თავად ხომ არა ხართ "გაბრაზებული" მანჩესტერელ ფანებზე - მეორე ლიგაში დაქვეითებულ გუნდში ხომ სწორედ მათი თხოვნის შემდეგ დარჩით? - მანჩესტერელ გულშემატკივარს დიდ პატივს ვცემ, რაზე უნდა ვიყო ნაწყენი?! მას შემდეგ იმდენი დრო გავიდა, ამაზე აღარც ვფიქრობ. ადამიანმა ათეულობით წლის წინ მომხდარ რაღაცებზე თუ იფიქრე, სად წახვალ?! ვერაფერს მივაღწიე იმ გუნდში, მაგრამ ვხედავდი და ვგრძნობდი, რამდენს ვნიშნავდი კლუბის გულშემატკივრებისთვის და ვერ ვუღალატებდი, "ჩაძირული გემიდან" ვერ გავიქცეოდი... ან როგორ უნდა მიმეტოვებინა ქომაგები, რომლებიც დაჩოქილები მთხოვდნენ, დარჩიო. პლაკატებზე ქართულად ეწერათ: - არ წახვიდე!"... როგორ შეიძლება ეს ოდესმე დამავიწყდეს?! 25 წელი გავიდა, მაგრამ როცა ჩავდივარ, მანჩესტერელ ქომაგს ისევ ვახსოვარ, იქ დღემდე ფრიალებს საქართველოს დროშა! ინგლისელი გულშემატკივარი მხოლოდ იმას არ უყურებს, ვის რა დონეზე შეუძლია ფეხბურთის თამაში, ადამიანურ ფაქტორსაც ძალიან აფასებენ - ეს საკუთარ თავზეც გამოვცადე. იცით, რა არის ფეხბურთში მთავარი? როცა კარგად თამაშობს, ოვაციებით ყველას აჯილდოებენ, მაგრამ გაცილებით ემოციურია, როცა ხედავ, რომ წამოსვლის მერეც უყვარხარ, ტაშს კარიერის დასრულების შემდეგაც გიკრავენ!

- ინგლისში გატარებული პერიოდიდან არაფერს ნანობთ? რომ შეგეძლოთ, რას შეცვლიდით? - მინდოდა "სიტისთან" ერთად ტიტულები მომეგო. ეს რომ ვერ შევძელი, მხოლოდ ამას ვნანობ... თორემ იმ დროში რომ დამაბრუნონ, ისევ ისე მოვიქცეოდი, გადაწყვეტილებას არ შევცვლიდი!

- როცა გვარდიოლას ფორმაციის "სიტის" უყურებთ, წარმოგიდგენიათ თქვენი თავი ამჟამინდელ გუნდში? გიფიქრიათ, სად იქნებოდით და როგორ ითამაშებდით "ქალაქელების" ახლანდელ შემადგენლობაში? - ჩემთვის გვარდიოლა საუკეთესო მწვრთნელების სამეულშია. სადაც იმუშავა, ყველგან დაამტკიცა, რომ უმაღლესი დონის სპეციალისტია. ესპანეთსა და გერმანიაში სხვა ფეხბურთია, მაგრამ ინგლისშიც თუ დააყენებდა ასეთ გუნდს, ნამდვილად არ მეგონა! გარდა იმისა, რომ დიდი მწვრთნელია, საფეხბურთო გემოვნებაც აქვს - ზუსტად იცის, რომელი ფეხბურთელი უნდა იყიდოს და სად ათამაშოს. ვითამაშებდი თუ არა გვარდიოლას "სიტიში"? აბა, რას ვიზამდი?! ისეთებთან მითამაშია, გვარდიოლასთან თუ ვერა, აბა, სად ვითამაშებდი (იცინის)?! "სიტის" ამ შემადგენლობაში მეკარეც კი არ იშორებს ბურთს, ისიც პასით მიიწევს ცენტრისკენ და ვფიქრობ, არც მე გამიჭირდებოდა თამაში.

- მწვრთნელებთან საერთო ენის გამონახვას იოლად ახერხებდით ხოლმე? - ისეთი ხასიათი მაქვს, არც მოედანზე და არც ცხოვრებაში არავისთან გამჭირვებია საერთო ენის გამონახვა. მწვრთნელი იმისთვის არის, რომ თავად გადაწყვიტოს, ვის რომელ პოზიციაზე ათამაშებს და პასუხსაც აგებს თავის გადაწყვეტილებაზე. ამას ყოველთვის ვაცნობიერებდი, ამიტომაც უსიამოვნება არც ერთ მწვრთნელთან არ მქონია. ყველამ უნდა იცოდეს, რომ არც ერთი ფეხბურთელი არ არის კლუბზე დიდი! უპირველესი კლუბია და მხოლოდ შემდეგ- ფეხბურთელები.

- გვარდიოლას მუშაობის სტილი რომ მოგწონთ, უკვე ვიცით. კიდევ ვისთან იმუშავებდით სიამოვნებით? - შოთა არველაძესთან!

- თავად თუ გიფიქრიათ მწვრთნელად მუშაობაზე? - არასოდეს! ამაზე აქამდე არ მიფიქრია, ახლა კი უკვე ძალიან გვიანია... ჩემს ასაკში მწვრთნელობას თავს ანებებენ, მე ახლა ხომ არ დავიწყებ?

- საქართველოს ნაკრებში არაერთ პერსპექტიულ ფეხბურთელს ვხედავთ. ვის გამოარჩევთ?

- ახალ მწვრთნელთან ერთად, ნაკრებში ახალი მოთამაშეებიც გამოჩნდებიან, მაგრამ ვინც აქამდე ვნახეთ, ასაკის, შესაძლებლობების და ხასიათის გათვალისწინებით, ჩაკვეტაძეს და კვარაცხელიას გამოვარჩევ. დიდი ფეხბურთის თამაშის პოტენციალი ორივე მათგანს აქვს! შრომისმოყვარეობის გარდა, თვითნაბადი ნიჭის პატრონები არიან, ნებისმიერი მეტოქის წინააღმდეგ უშიშრად, თავისუფლად შეუძლიათ თამაში, რაც თანამედროვე ფეხბურთში ძალიან მნიშვნელოვანია. გარდა ამისა, ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად, ორივეს აქვს ლიდერის თვისებები.