შერმადინი მწვრთნელს კარგავს და შვილს ელოდება - კვირის პალიტრა

შერმადინი მწვრთნელს კარგავს და შვილს ელოდება

ლუბლიანის "ოლიმპია", რომლის ღირსებასაც ორი ქართველი კალათბურთელი - ვლადიმერ ბოისა და გიორგი შერმადინი იცავენ, ადრიატიკის თასის ფინალში ბელგრადის "პარტიზანთან" 77:74 დამარცხდა.

ამ ტურნირის "ოთხთა ფინალის" მატჩებს "ოლიმპიას" არენა "სტოჟიცე" მასპინძლობდა, თუმცა ლუბლიანელებმა მასპინძლის სტატუსით ვერ ისარგებლეს და ადრიატიკის თასი ზედიზედ მეხუთედ სერბულ კლუბს დარჩა. საქართველოს ნაკრების მოთამაშეების ამბები ყოველთვის გვაინტერესებს, მით უმეტეს, რომ სლოვენიის ნაკრები ევროპის 2011 წლის ჩემპიონატზე ჩვენი მეტოქე იქნება. როდესაც გიორგი შერმადინს ლუბლიანაში შევეხმიანეთ, "ცინცხალი" ამბავი გაგვიმხილა - "პარტიზანთან" წაგების შემდეგ, "ოლიმპიას" მწვრთნელმა იურე ჟდოვაჩმა თანამდებობა დატოვაო.

- როგორც თავად თქვა, ეს გადაწყვეტილება პირადი პრობლემების გამო მიიღო, თუმცა, ფაქტია, "პარტიზანთან" წაგების შემდეგ გადადგა. ვთხოვეთ, სეზონის ბოლომდე მაინც დარჩენილიყო, მაგრამ... უკვე გადაწყვეტილია, რომ მიმდინარე ჩემპიონატის ბოლომდე მის მოვალეობას გუნდის მეორე მწვრთნელი - მირო ალილოვიჩი შეასრულებს. მერე ვის მოიყვანენ, დიდად არც მაინტერესებს, რადგან მომავალ სეზონში აქ აღარ ვითამაშებ.

- ფინალურ მატჩზე რას იტყვით?

- "პარტიზანთან" შეხვედრისთვის კარგად მოვემზადეთ, ინტენსიურად ვვარჯიშობდით, ამ გუნდის თამაშების ვიდეოჩანაწერებიც განვიხილეთ. მოკლედ, მოსაგებად ვიყავით განწყობილნი, თუმცა, საბოლოოდ, მაინც დავმარცხდით. ზოგიერთი ჩემი თანაგუნდელი წაგებას მსაჯებს აბრალებს, მაგრამ რაც უნდა ვამტკიცოთ, ფაქტია, რომ დავმარცხდით.

- არადა, უფრო პირიქით ხდება ხოლმე - არბიტრები მასპინძელი გუნდისადმი მეტ სიმპათიას იჩენენ.

- თამაში ჩვენს მოედანზე იყო და მოგება ძალიან გვინდოდა. გულშემატკივრები მხურვალედ კი გვქომაგობდნენ, მაგრამ სამწუხაროდ, ვერ გავახარეთ.

- 4 ქულა და 4 მოხსნა - ასეთი იყო თქვენი მონაგარი "პარტიზანთან" მატჩში. არც ისე კარგი მაჩვენებელია, თუ გავითვალისწინებთ, რომ ბოლო შეხვედრებში გაცილებით შედეგიანი იყავით.

- ადრიატიკის თასის მატჩებში ნამდვილად ვერ ვითამაშე კარგად - "კრკასთან" შეხვედრაში მხოლოდ 5 ქულა ჩავაგდე, ფინალში კიდევ უფრო ნაკლები. არადა, "პარტიზანთან" მანამდეც მითამაშია და გაცილებით შედეგიანად. შესაძლოა, ეს ნერვიულობის ბრალიც იყო - რაც უნდა იყოს, ჩემთვის ეს პირველი ფინალი იყო ადრიატიკის თასზე.

- სერბებს კარგი გუნდი ჰყავთ და ამ ტურნირზეც ზედიზედ მეხუთედ გაიმარჯვეს, მაგრამ ნახევარფინალში "ბუდუჩნოსტთან" მთელი თამაშის განმავლობაში აგებდნენ და მხოლოდ ბოლო წუთებზე მოახერხეს გამარჯვება.

- დიახ, "პარტიზანმა" ბოლო ორ წუთში მოახერხა თამაშის ბედის სათავისოდ შეტრიალება. ის მატჩი "ბუდუჩნოსტს" რომ მოეგო და ფინალში ამ გუნდთან გვეთამაშა, ჩვენთვის გაცილებით სჯობდა, თუმცა, ახლა ამას რაღა მნიშვნელობა აქვს.

- სლოვენიელებს როგორი რეაქცია ჰქონდათ, როცა შეიტყვეს, რომ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოსთან ერთად მოხვდნენ ქვეჯგუფში?

- განსაკუთრებული გამოხმაურება არ ყოფილა - სლოვენია ძლიერი, გამოცდილი გუნდია და ნებისმიერ ჯგუფში ერთ-ერთი ფავორიტია ხოლმე. ძირითადად, თანაგუნდელები "ვაშინებთ" ერთმანეთს, არა ჩვენი ნაკრები მოიგებს, არა - ჩვენიო. ისინი თავისას გვიმტკიცებენ, მე და ბოისა ჩვენსას გავიძახით, დანარჩენი კი ევროპის ჩემპიონატზე გამოჩნდება.

- ვოვა ახლა გაცილებთი მეტ დროს ატარებს მოედანზე. ტრავმის შემდეგ ფორმა აღიდგინა?

- ჯერ ისევ ის ბოისა არ არის, ჩვენ რომ ვიცით, თუმცა, უკვე სტაბილურად თამაშობს და ფინალშიც 17 წუთი გაატარა მოედანზე. ჩვენთვის მთავარი ის არის, ვოვა ევროპის ჩემპიონატს შეხვდეს ოპტიმალურ ფორმაში.

- აღნიშნეთ, მომდევნო სეზონში "ოლიმპიაში" აღარ ვიქნებიო. როგორც ცნობილია, ლუბლიანაში ათენის "პანათინაიკოსმა" გაგიშვათ იჯარის წესით - სეზონის ბოლოს საბერძნეთში დაბრუნდებით თუ ახალ კლუბს მოძებნით?

- ჯერ ამაზე ლაპარაკი ნაადრევია, თითქმის დაზუსტებით შემიძლია ვთქვა, რომ "ოლიმპიაში" აღარ დავრჩები, მაგრამ სად გავაგრძელებ კარიერას, ჯერჯერობით, არ ვიცი.

- როგორც ვიცი, "ოლიმპიას" მომდევნო მატჩი მაინცდამაინც აღდგომის დღესასწაულს დაემთხვა.

- დიახ, კვირას სლოვენიის ჩემპიონატის მორიგ ტურში იმავე "კრკასთან" გვიწევს თამაში, რომელსაც ადრიატიკის თასის ნახევარფინალში მოვუგეთ. ჩემი მეუღლე ამჟამად თბილისშია, რადგან რამდენიმე კვირაში ოჯახში მატებას ველით. თუმცა, აღდგომას მარტო მაინც არ ვიქნები - ჩემი აგენტი ლევან მიქელაძე ახლა ლუბლიანაშია და მე, ვოვა და ლევანი ერთად აღვნიშნავთ ამ ბრწყინვალე დღესასწაულს.