ჯანომ დაიწყო - კვირის პალიტრა

ჯანომ დაიწყო

საქართველოს ნაკრებისა და მოსკოვის "სპარტაკის" ახალგაზრდა ნახევარმცველმა ჯანო ანანიძემ ვარჯიში განაახლა. რუსული გუნდის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, ანანიძემ ინდივიდუალურადაც ივარჯიშა და რამდენიმე წუთი გუნდთან ერთადაც გაატარა.

"სპარტაკის" ექიმები დარწმუნებული არიან, რომ ქართველი ფეხბურთელი ამ დღეებში სრული დატვირთვით შეძლებს ვარჯიშს. კოჭის ტრავმის გამო ჯანო საქართველოს ეროვნულ ნაკრებს მარტში ჩატარებული შეხვედრებისას ვერ დაეხმარა. წესით და რიგით, ანანიძე მოედანს აპრილის დასაწყისში უნდა დაბრუნებოდა, თუმცა, "პორტუსთან" მატჩის წინა ვარჯიშზე ტრავმა ისევ გაუმიზეზდა და დღემდე უქმად არის.

სანამ ჯანო ტრავმას იშუშებს, "სპარტაკში" დიდი ამბებია. ევროპის ლიგაზე "პორტუსთან" სამარცხვინო წაგებების (მოსკოველები ორივე მატჩში დიდი ანგარიშით დამარცხდნენ - ავტ.) შემდეგ, გუნდის მთავარი მწვრთნელი ვალერი კარპინი თანამდებობიდან გადადგა. კლუბის ხელმძღვანელობის თქმით, 42 წლის სპეციალისტის შემცვლელის ვინაობა გასულ კვირაშივე უნდა გამხდარიყო ცნობილი, თუმცა, საკითხი ჯერაც გაურკვეველია.

კარპინს 18 წლის ქართველი ძალიან ეიმედებოდა და ბოლო დროს ჯანოს ხშირადაც ათამაშებდა, ამიტომაც ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ვინ დაინიშნება "სახალხო გუნდის" ახალ მწვრთნელად და "როგორი თვალით" შეხედავს ახალგაზრდა ქართველს. ადგილობრივი სპეციალისტების გარდა, "სპარტაკის" მწვრთნელობის კანდიდატებად ისეთ სახელგანთქმულ სპეციალისტებსაც ასახელებენ, როგორებიც იტალიელები - მარჩელო ლიპი(?!) და ნევიო სკალა არიან. სხვათა შორის, 2004 წლის იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით, სკალა ერთხელ უკვე მუშაობდა "სპარტაკის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე.