ფაჩულიამ ისევ იჩხუბა - კვირის პალიტრა

ფაჩულიამ ისევ იჩხუბა

ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში ფლეი-ოფი დაიწყო. ბუნებრივია, ჩვენი ყურადღება "ატლანტა ჰოქსისკენ" არის მიპყრობილი, რომლის ღირსებასაც საქართველოს ნაკრების კაპიტანი ზაზა ფაჩულია იცავს. "ქორების" მეტოქე "ორლანდო მეჯიქი" გახლავთ, რომლის ლიდერი NBA-ს საუკეთესო ცენტრი - დუაიტ ჰოვარდია.

გასულ სეზონზე "ჯადოქრებმა" ფაჩულიას გუნდს 4:0 მოუგეს და ბევრი ამ გუნდს წელსაც წყვილის ფავორიტად მიიჩნევს, თუმცა, "ატლანტა" საპირისპიროს ამტკიცებს. მიმდინარე სეზონის რეგულარულ ჩემპიონატში "ჰოქსმა" სამჯერ დაამარცხა ჰოვარდის გუნდი და ფლეი-ოფშიც მეტოქეზე ყოჩაღად გამოიყურება. პირველ მატჩში "ატლანტამ" სტუმრად გაიმარჯვა და ერთგვარი სენსაციაც შემოგვთავაზა. მართალია, მომდევნო შეხვედრა "ორლანდომ" მოიგო, მაგრამ საშინაო არენაზე უკვე "ატლანტამ" იმარჯვა (88:84) და სერიაში 2:1 დაწინაურდა.

თუ საწყის ორ მატჩში ფაჩულია მხოლოდ 2-2 ქულას დასჯერდა, ამჯერად 4 ქულა და 5 მოხსნა ჩაიწერა ანგარიშზე.

სამწუხაროდ, საქართველოს ნაკრების კაპიტანი კიდევ ერთხელ აღმოჩნდა არასასიამოვნო ინციდენტის ეპიცენტრში. რამდენიმე დღის წინ, თავისი არადამაჯერებელი თამაშით გაღიზიანებულმა ჟიდრუნას ილგაუსკასმა ფაჩულიას ზურგში ბურთი ესროლა, თუმცა, მაშინ ზაზამ თავის შეკავება მოახერხა. ამჯერად კი, ფაჩულია "ორლანდოელ" ჯეისონ რიჩარდსონს წაეკიდა. ერთ-ერთ ეპიზოდში, ბურთის ართმევის მსურველმა ქართველმა დუაიტ ჰოვარდს ხელში ჩაარტყა, ამ უკანასკნელმა კი ჩვენებურს იდაყვი უთავაზა და თავად მოედანს მიღმა აღმოჩნდა.

სანამ ჰოვარდი მობრუნდებოდა, თანაგუნდელს რიჩარდსონი გამოექომაგა და... ფაჩულიამ, რომელიც ასეთ მომენტებში თავს არავის აჩაგვრინებს, ჯეისონს სახეში რამდენჯერმე ჩაარტყა თავი, რიჩარდსონმა კი ხელი მოუქნია, რასაც ორივე მოთამაშის გაძევება მოჰყვა.

სერიის მეოთხე მატჩი ატლანტაში ორშაბათს, გამთენიისას ჩატარდა. თუმცა, სავარაუდოდ, ზაზას დისკვალიფიკაციის გამო მისი გამოტოვება მოუწევდა.