შუკვანის ვერცხლი - კვირის პალიტრა

შუკვანის ვერცხლი

სტამბოლში ჩატარებულ ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა წარმომადგენლობითი დელეგაციით იასპარეზა.

ჩვენი გაზეთის ფორმატიდან გამომდინარე, კვირის ბოლოს გამართული ორთაბრძოლების შედეგებზე ვერაფერს ვიტყვით, აი, ტურნირის საწყისი ორი დღე კი ერთადერთი მედლით ჩავამთავრეთ - ყველაზე მსუბუქი, 60 კილოგრამი წონითი კატეგორია ბეთქილ შუკვანმა ვერცხლის მედლით ჩაამთავრა. 22 წლის მოჭიდავისგან ეს ნამდვილი სიურპრიზი გახლდათ, რადგან ამ რანგის ტურნირებზე ასეთი წარმატებისთვის აქამდე არ მიუღწევია.

თანაც, თურქეთის დედაქალაქში ბეთქილმა ისეთ ძლიერ მოწინააღმდეგეებს მოუგო იოლად, როგორებიც სომეხი ჰოვანეს დავითიანი და რუსეთის სახელით მოასპარეზე არსენ გალსტიანი არიან. რაც შეეხება ფინალურ ორთაბრძოლას, გადამწყვეტი მატჩი შუკვანმა ქართული წარმოშობის უკრაინელთან, გიორგი ზანთარაიასთან წააგო, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონის ტიტულს კონტინენტის პირველობის ოქროც მიუმატა.