"რეალი" და რამოსი "დაითასნენ" - კვირის პალიტრა

"რეალი" და რამოსი "დაითასნენ"

სამწლიანი ლოდინის შემდეგ, მადრიდის "რეალმა" ესპანეთის სამეფო თასი დაიბრუნა. თანაც, მოსისხლე მტერთან - "ბარსელონასთან" ბრძოლაში.

ფინალური შეხვედრის ძირითადი დრო გატანილი გოლების გარეშე - 0:0 დასრულდა, დამატებით დროში კი უფრო იღბლიანები მადრიდელები გამოდგნენ - 103-ე წუთზე კრიშტიანუ რონალდუმ კატალონიელთა მეკარეს ბურთი თავით გაუტანა.

ამ გამარჯვებით სამეფო კლუბის ფეხბურთელებმა "ბარსასგან" პირველ წრეში ნაწვნევი 0:5-ისთვის "მცირე რევანში" აიღეს და თასი მადრიდში დააბრუნეს, თუმცა, არანაკლებ საინტერესო ამბები მატჩის დამთავრების შემდეგ მოხდა. გამარჯვების აღსანიშნავი ზეიმის დროს "რეალის" მცველმა სერხიო რამოსმა ჯილდო ხელში ვერ შეიმაგრა და თასი იმ ავტობუსიდან გადმოუვარდა, რომლითაც ტრიუმფატორები მადრიდის ქუჩებში დასეირნობდნენ.

თითქოს ეს არ ეყოფოდაო, სამეფო თასს... ავტობუსმაც გადაუარა. ინციდენტის მთავარმა "გმირმა" რამოსმა ქომაგები მალევე დაამშვიდა - თასს არაფერი სჭირსო, თუმცა, ჯილდო (თუ მისი ნარჩენები) საზოგადოებისთვის აღარ უჩვენებიათ, იმ დრომდე კი, სანამ ორიგინალს აღადგენენ, "რეალის" მუზეუმს სამეფო თასის ასლი ამშვენებს.